სამეცნიერო გარღვევა — მკვლევრებმა კვანტური კომპიუტერის მასშტაბი რეკორდულად გაზარდეს
ჯერ კიდევ თებერვალში, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა საკომუნიკაციო კაბელის საშუალებით, რომელიც ერთ კვანტური ქსელის კვანძს მეორესთან აკავშირებდა, ერთმანეთში გადახლართული კუბიტის მდგომარეობები გაგზავნეს და კვანტურ გამოთვლებშიც მნიშვნელოვანი გარღვევა შემოგვთავაზეს. ახლახან იაპონიის რიკენის ცენტრმა კვანტური კომპიუტერის მასშტაბურობის გაზრდაში ახალ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კვლევა ჟურნალ Nature Nanotechnology-შია გამოქვეყნებული.
მათ ამისათვის სილიციუმის პაწაწინა ბურთულები, იგივე სილიციუმის კვანტური წერტილები გამოიყენეს. წერტილებს რამდენიმე ისეთი თვისება გამოარჩევს, რომელიც კუბიტებად გამოყენებისათვის მათ შესანიშნავ კანდიდატებად აქცევს, როგორიცაა კოჰერენტულობის დიდი დრო და მასშტაბურობის დიდი პოტენციალი.
მიუხედავად ამისა, სილიციუმზე დამზადებული სპინის კუბიტების წარმატებით დასაკავშირებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორზე მეტი კუბიტის ერთმანეთში გადახლართვა შეძლოთ — ის, რასაც ფიზიკოსები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.
რიკენის მკვლევრებმა პირველად წარმოადგინეს სამ-კუბიტიანი მასივი სილიკონში — სამი ერთმანეთში გადახლართული კუბიტი კი ერთ გაჯეტში გააერთიანეს.
"ორ-კუბიტიანი ოპერაცია საკმაოდ კარგია ძირითადი ლოგიკური გამოთვლების შესასრულებლად, მაგრამ სამ-კუბიტიანი სისტემა მინიმალური ერთეულია მასშტაბის გაზრდისა და ცდომილებათა შესწორების დანერგვისთვის", — ახსნა სეიგო ტარუჩამ SciTechDaily-სთან საუბრისას.
გუნდის მოწყობილობა ორი კუბიტის გადახლართვაში წარმატებული აღმოჩნდა, რისთვისაც ორ-კუბიტიანი ვენტილური სქემა გამოიყენეს. მათ მესამე კუბიტი და ვენტილი შეუერთეს, რათა სამ-კუბიტიანი გადახლართულობა წარმოექმნათ. მიღებულ სამ-კუბიტიან მდგომარეობას შთამბეჭდავი სიდიდის — 88 პროცენტიანი სიზუსტე აღმოაჩნდა. იგი ასევე გვხვდებოდა გადახლართულ მდგომარეობაში, რაც, შესაძლოა, ცდომილებათა შესწორებისთვის გამოეყენებინათ.
მკვლევართა თქმით, გუნდის მიერ შექმნილი მოწყობილობა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ფიზიკოსებს ამბიციური გეგმები აქვთ ფართომასშტაბიანი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად. მეცნიერების თქმით, სამ-კუბიტიანი ხელსაწყოს გამოყენებით ცდომილებათა შესწორების პრიმიტიულ დემონსტრაციას გეგმავენ და ათი ან მეტი კუბიტით მოწყობილობების დამზადებასაც სურთ.
"ვგეგმავთ, რომ 50-100 კუბიტი განვავითაროთ და ცდომილებათა შესწორების უფრო დახვეწილი პროტოკოლები დავნერგოთ, რითაც ათწლეულის განმავლობაში ფართომასშტაბიანი კვანტური კომპიუტერისკენ გავკვალავთ გზას", — განაცხადა ტარუჩამ.
კვანტურ კომპიუტერებზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
კომენტარები