მეცნიერებმა მოლეკულის ზომის "კამერა" შექმნეს, რომლითაც ქიმიურ რეაქციებს რეალურ დროში დააკვირდებიან
ახალი, მოლეკულას ზომის "კამერის" საშუალებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ქიმიურ რეაქციებზე დაკვირვება რეალურ დროში შეძლეს — თანაც ისე, როგორც არასდროს.
ჟურნალ Nature Nanotechnology-ში ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პატარა მოწყობილობა ფოტოსინთეზის ანალოგიურ პროცესს იყენებს იმის გამოსააშკარავებლად, თუ რა ხდება ზუსტად, როდესაც რეაქციის მიმდინარეობისას მოლეკულები ურთიერთქმედებენ. მოწყობილობა ოქროს ნანონაწილაკთა ჯგუფს, ნახევარგამტარი ნანოკრისტალებს, სახელად კვანტური წერტილები და მოლეკულურ "წებოს" აერთიანებს.
ახლანდელ მეთოდებთან შედარებით, მოწყობილობა ბევრად მარტივ გზას იყენებს იმის სამეთვალყურეოდ, თუ როგორ ფორმირდება ქიმიური ნაერთები რეაქციისას. "კამერის" შემქმნელი გუნდი აცხადებს, რომ მას უკვე იყენებენ ფოტოელემენტების უკან მდგარი ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა უმტკიცესი შუშისებრი მასალა შექმნეს, რომელიც გამძლეობით ალმასს არ ჩამოუვარდება.
მოლეკულური შეჯგუფების პროცესისა და კონკრეტული თანამიმდევრობის კონტროლი უდავოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესოდენ პატარა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. მეცნიერები მიხვდნენ, რომ მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ოთახის ტემპერატურის წყალში კომპონენტების ჩაყრა მართებდათ (შესასწავლ მოლეკულებთან ერთად), ისინი კი ავტომატურად შეჯგუფდებოდნენ ერთად.
"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მარტივად იწყობა, გასაოცარია ახალი ხელსაწყოს სიძლიერე", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, კემბრიჯის ქიმიკოსმა კამილ სოკოლოვსკიმ.
მიუხედავად ამისა, შედეგამდე მისვლას მაინც რამდენიმე ცდა დასჭირდა. პირველი მცდელობისას, ოქროს ნანონაწილაკები კონტროლს არ დაექვემდებარა, ხსნარს მოშორდა და ექსპერიმენტიც ჩაიშალა, მაგრამ მაშინ, როდესაც ხსნარში კვანტური წერტილები დაამატეს, კამერამ თავისივე აწყობის პროცესი დაარეგულირა და იგი სათანადო ზომამდე შეჩერდა.
"თვითშეზღუდვის თვისებამ გაგვაოცა, ამის ხილვას ნამდვილად არ ველოდით", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ჯეიდ მაკკუნმა, ასევე კემბრიჯის ქიმიკოსმა — "აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ნანონაწილაკური კომპონენტის შეჯგუფება, შესაძლოა, სხვა ნანონაწილაკური კომპონენტის დამატებით გაკონტროლდეს".
კომენტარები