ისტორიაში პირველად — გრენლანდიის მწვერვალზე თოვლის ნაცვლად, წვიმა დაფიქსირდა
ისტორიაში პირველად, 14 აგვსიტოს წვიმა წამოვიდა და 13 საათის განმავლობაში გაგრძელდა გრენლანდიის ყინულის საფარის ყველაზე მაღალ წერტილზე, ზღვის დონიდან 3,216 მეტრზე. წვიმის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გამყინავ ზღვარს ზემოთ იყო, იტყობინება ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადგური.
"თითქმის მთელი დღე წვიმდა. მსგავსი რაღაცა პირველად დავაფიქსირეთ", — უთხრა Washington Post-ს დოქტორმა ზოი კურვილმა, რომელიც ცივი ამინდების მკვლევარია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში ეს მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე ტემპერატურის გამყინავ ზღვარს მაღლა ასვლის მესამე შემთხვევაა. თუმცა, ამჯერად სითბომ რეკორდულად დიდხანს გასტანა, რამაც საბოლოოდ წვიმა გამოიწვია. ამასთან, განსაკუთრებულ ტემპერატურას დაემთხვა ნალექების განსაკუთრებული დონეც.
საგანგაშოა, რომ წვიმამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ყინულის ფენაზე, რადგან ის ხელს უწყობს მის გალღობას. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ წვიმამ ყინულის დნობა გამოიწვია.
"2021 წლის 15 აგვისტოს ყინულის ზედაპირის დაკარგული მასა შვიდჯერ აღემატებოდა აგვისტოს შუა რიცხვების შემცირებას“, — ამბობენ მეცნიერები.
ცნობისთვის, კლიმატის კრიზისმა ასეთი განსაკუთრებული მოვლენები უკვე ჩვეულებრივი გახადა. მთელი დედამიწის ფარგლებში, მხოლოდ ამ ზაფხულს, მსგავსი ანომალიური შემთხვევები ბევრი იყო.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები