ახალ კონტრაცეპტივში, შესაძლოა, "სპერმაზე მონადირე" ანტისხეულები გამოიყენონ
მაშინ, როცა ჰორმონული კონტრაცეპტივების გვერდითი ეფექტების ასარიდებლად ხანგრძლივი ძიება მიმდინარეობდა, მეცნიერთა გუნდმა შესაძლო კონტრაცეპტივის კვლევა დაიწყო, რომელიც სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულების ძალას გამოიყენებს.
ნაადრევი მცდელობა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა. ბიოსამედიცინო მეცნიერთა გუნდმა შეერთებული შტატების სხვადასხვა დაწესებულებებიდან სპერმის შემკვრელი ანტისხეულები შექმნა, რომელიც ადამიანის სპერმის საწინააღმდეგო ბუნებრივი ანტისხეულის ბაზაზე დაფუძნდა.
ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად შეუძლია, სპერმატოზოიდების წინააღმდეგ ანტისხეულები წარმოქმნას, როცა იმუნური სისტემა სპერმას შეცდომით უცხო აგრესორად აღიქვამს და თავს ესხმის. მოვლენა ძალიან იშვიათია და ბევრ გართულებას იწვევს, თუმცა ექსპერიმენტის მიზნებისათვის შესანიშნავ გეგმას დაუდო საფუძველი. მკვლევრებმა სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები უნაყოფო ქალთა რეპროდუქციული ტრაქტიდან ამოიღეს და სხვადასხვა რაოდენობის დამატებითი ანტიგენ-შემკვრელი ფრაგმენტები დაამატეს.
მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ანტისხეულების სიმძლავრე და სპერმის შემკვრელი თვისებები ანტიგენ-შემკვრელი ფრაგმენტების დამატებით 10-ჯერ გაუმჯობესდა. მაშინ, როდესაც ანტისხეულები ცხვრის საშვილოსნოზე გამოსცადეს, შეამჩნიეს, რომ, საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა 99.9 პროცენტით შემცირდა.
ჰორმონულ კონტრაცეფციას ("აბი") ფართოდ იყენებენ და ძალიან ეფექტურია, თუმცა არაერთ არასასურველ გვერდით ეფექტს იწვევს, მათ შორის როგორიცაა გულისრევა, შებერილობა, ხასიათის ცვლილებები, შაკიკი და სისხლის შედედება. ასევე აღინიშნა, რომ სერიოზული თრომბის განვითარების რისკი "აბის" მომხმარებლებში იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე კოვიდ-19-ის ვაქცინის მიმღებ პირებში.
ასევე იხილეთ: მამაკაცებისთვის განკუთვნილი საცდელი კონტრაცეპტივი სათესლე ჯირკვლების გახურებით მოქმედებს.
მკვლევრებმა სამუშაოს შესახებ რამდენიმე შეზღუდვა გამოკვეთეს. პირველ რიგში, კვლევას პირდაპირ არ წარმოუჩენია, აგვაცილებს თუ არა მეთოდი ფეხმძიმობას თავიდან. უკანასკნელი კვლევა კვლავაც საწყის ეტაპებზე იმყოფება — მამაკაცთა კონტრაცეფციული საშუალების შექმნის მხრივ დიდი შეფერხებაა და მსგავს ტექნოლოგიას უახლოეს პერიოდში არც უნდა ველოდეთ — მაგრამ გუნდი იმედოვნებს, რომ ტრადიციული კონტრაცეპტივების სხვა ალტერნატივით ჩანაცვლებას შეძლებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადამიანებზე გამოცდაა საჭირო, ქალებისთვის მოდიფიცირებული ანტისხეულები შესაძლოა ჰორმონული კონტრაცეფციის სხვა ალტერნატივას წარმოადგენდეს", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
ეს გუნდი ერთადერთი არაა, რომელიც ანტისხეულებზე დაფუძნებული კონტრაცეპტივების შექმნას ცდილობს. წინა თვეს, შეერთებული შტატების მეცნიერთა სხვა გუნდმა ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი წარადგინა, რომელიც ანტისხეულებს იყენებს სპერმატოზოიდების შესაჯგუფებლად, რაც მათ ფუნქციას უკარგავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიაში განხორციელდა და, კვლავაც, კვლევა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, თუმცა მომავალში შესაძლოა საინტერესო ამბებს მოასწავებდეს.
კომენტარები