აშშ-ის თეთრკუდა ირმების ⅓-ში კორონავირუსის გავრცელება შეინიშნება
შეერთებული შტატების თეთრკუდა ირმების (Odocoileus virginianus) ⅓ -ს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსით ისინიც ინფიცირდებიან.
მიგნებები, რომელიც 29 ივლისს პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა, გარეულ ცხოველებში ვირუსის ფართო გავრცელებას პირველად აფიქსირებს.
SARS‑CoV-2-ის მატარებელი ცხოველთა ახალი პოპულაციების გამოჩენა საკმაოდ ყურადსაღებია. წინა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თეთრკუდა ირმები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდნენ და სხვა ირმებსაც გადასდონ იგი, ხოლო ვინაიდან ველურ ბუნებაში ცხოველები ჯოგებში ცხოვრობენ, შესაძლოა ვირუსის გავრცელება გამარტივდეს კიდეც.
მეცნიერებმა 2021 წლის იანვრიდან მარტამდე რეგულარული შემოწმების ფარგლებში შეგროვებული ირმების სისხლის 385 ნიმუში გამოიკვლიეს მიჩიგანში, პენსილვანიაში, ილინოისსა და ნიუ-იორკის შტატში და აღმოაჩინეს, რომ ნიმუშთა 40% SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავდა, რომელიც ინფიცირების პასუხად ყალიბდება ხოლმე. შემოწმებული ირმებიდან დაავადების ნიშნები არცერთს აღენიშნებოდა.
დაარქივებულ ნიმუშთა ტესტირებამ ასევე გამოავლინა ანტისხეულები ადრეული 2020 წლის სამ ნიმუშში, როდესაც SARS‑CoV-2 შეერთებულ შტატებში იწყებდა გავრცელებას. საერთო ჯამში, ვირუსის ანტისხეულები 2020 და 2021 წლის ნიმუშთა ⅓-ს გააჩნდა.
მეცნიერებისთვის გაუგებარია, როგორ დაინფიცირდნენ ირმები. შესაძლოა მოვლენა ადამიანებთან, სხვა ცხოველებთან ან დაბინძურებულ წყალთან კონტაქტსაც კი გამოეწვია.
მკვლევრების თქმით, ცხოველთა დიდ რაოდენობაზე ვირუსის სწრაფი გავრცელება საყურადღებოა, მაგრამ მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა ირმებს ერთმანეთისა და სხვა სახეობების დაინფიცირება ველურ ბუნებაში.
"საინტერესო დაკვირვებაა, მაგრამ ინტერპრეტაციისას სიფრთხილეს საჭიროებს", — თქვა აარონ ირვინგმა, ჩინეთის ჟეჟანგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების მკვლევარმა.
კომენტარები