მეცნიერებასა და ცრურწმენას შორის საზღვარი ყოველთვის ისეთი მკაფიო არ იყო, როგორიც დღეს არის. წარსულში ბევრმა შარლატანმა ან თუნდაც ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებელმა ფილოსოფოსმა ისეთი თეორიები შეიმუშავეს, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად მცდარია.

თანამედროვე ადამიანთა დიდ ნაწილს ნამდვილი მეცნიერების ფსევდომეცნიერებისგან განსხვავება მარტივად შეუძლია. ნამდვილი მეცნიერება ჰიპოთეზის შემოწმებას, შედეგების ზუსტ ანალიზსა და დარგის სპეციალისტების მიერ მიგნებათა გადასინჯვას მოითხოვს. ამ ეტაპების შემდეგ კი კვლევის შედეგებს ან უარყოფენ, ან შეცვლიან, ან ჭეშმარიტ ფაქტად აღიარებენ. ფსევდომეცნიერება ხშირად ნამდვილი მეცნიერების სამოსით კი გვევლინება, მაგრამ იმავე წესებით არ თამაშობს. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ჰიპოთეზა ექსპერტთა კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ფსევდომეცნიერება უკან არ იხევს და თავის იდეებზე უარს მაინც არ ამბობს.

ამის მიუხედავად, ცრურწმენასა და მეცნიერულ ფაქტებს შორის საზღვარი წარსულში გაცილებით ბუნდოვანი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ რწმენა დამაჯერებელი მსჯელობით კარგად იქნებოდა შეფუთული, მაშინ მას დიდი გავლენის მოპოვება შეეძლო. შედეგად, ისტორიას ბევრი უცნაური და ზოგჯერ შემზარავი სამეცნიერო თეორია ახსოვს. აი, ხუთი მათგანი:

1. მსოფლიო ყინულის დოქტრინა

ჰანს ჰერბიგერი.

ფოტო: Public domain

1894 წელს ავსტრიელმა ინჟინერმა, ჰანს ჰერბიგერმა შეამჩნია, რომ მთვარე ყინულის მსგავსად მბზინავი და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ჩანდა. შემდეგ კი ჰერბიგერს ესიზმრა, რომ კოსმოსში მიცურავდა და ქანქარას აკვირდებოდა, რომელიც რხევის შედეგად გადატყდა. ეს ორი მოვლენა მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა Welteislehre, იგივე მსოფლიო ყინულის დოქტრინა ჩამოეყალიბებინა.

დოქტრინის თანახმად, ყინული სამყაროს ფუნდამენტური საშენი მასალაა, რადგან ყველა ციური სხეული და თავად ეთერიც სწორედ მისგან შედგება. ამ უცნაურ კოსმოლოგიურ მოდელს მხარს არავინ დაუჭერდა, რომ არა შემდეგი ორი ვითარება: პირველ რიგში, სამეცნიერო საზოგადოების მიერ ამ ჰიპოთეზის სრული უარყოფის შემდეგ ჰერბიგერმა თავისი თეორია პირდაპირ ხალხს გააცნო. ეს ნაცადი ტაქტიკა იყო, რომელმაც მრავალ ფსევდომეცნიერულ თეორიას გაუხანგრძლივა სიცოცხლე. მეორე რიგში კი, ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ.

ნაცისტებმა გერმანიიდან მრავალი მეცნიერი გააძევეს, რომელთა უმეტესობაც ებრაელი იყო. მათ შორის გახლდათ ალბერტ აინშტაინიც, რომლის ფარდობითობის თეორია ნაცისტურ საზოგადოებაში მოწონებას არ იმსახურებდა. მსოფლიო ყინულის დოქტრინა კი ალტერნატიულ კოსმოლოგიურ მოდელად იქცა, რომელმაც ფარდობითობის თეორია ჩაანაცვლა. ადოლფ ჰიტლერი და ჰაინრიხ ჰიმლერი — რომლებსაც ნაცისტებს შორის ოკულტიზმისკენ მიდრეკილება განსაკუთრებით ახასიათებდათ — ამ თეორიის გამორჩეული მომხრეები იყვნენ.

2. რძის გადასხმა

ფოტო: Wellcome Collection

სისხლის ჯგუფები მეცნიერებმა 1901 წელს აღმოაჩინეს. იქამდე კი მრავალი ექიმი თვლიდა, რომ ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა, თავიანთი ენერგია სისხლის შემცვლელის პოვნისკენ გადაემისამართებინათ. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პაციენტებისთვის სხვა ადამიანის სისხლი გადასხმა იმ პერიოდისთვის სარისკო პროცედურა გახლდათ. შედეგად, 1854 წელს ტორონტოში მოღვაწე ექიმებმა, ჯეიმს ბოველმა და ედვინ ჰოდერმა 40 წლის კაცს 340 გრამი ძროხის რძე გადაუსხეს.

ექიმების რწმენით, გადასხმის შემდეგ რძის ცხიმოვანი ნაწილაკები იმ "თეთრ სხეულებად" გადაიქცეოდნენ, რომლებსაც დღეს ლეიკოციტებს ვუწოდებთ. იმის მიუხედავად, რომ ასე არ მოხდა, რძის გადასხმა კვლევებსა და ექსპერიმენტების პოპულარულ სფეროდ დაახლოებით 1884 წლამდე დარჩა.

გარკვეულ წარმატებად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ პაციენტები არ გარდაცვლილან. წესით, ეს იმის გამო მოხდა, რომ პროცედურაში მცირე რაოდენობის რძეს იყენებდნენ.

3. მენტალური დაავადებებისადმი ექიმ ჰენრი კოტონის უნიკალური მიდგომა

ეჭვგარეშეა, რომ უცნაურ თეორიათა სიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი იდეის ავტორი ექიმი ჰენრი კოტონია, რომელმაც მენტალური დაავადებების გამომწვევი მიზეზების შესახებ რადიკალური თეორია შეიმუშავა. იგი ამ ახალი თეორიის შესაბამისად პაციენტებს 1907-1930 წლებში "მკურნალობდა", როცა ტრენტონში ნიუ-ჯერსის სახელმწიფო საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი იყო. მისი თეორიის მიხედვით, მენტალურ დაავადებებს ფიზიკური — განსაკუთრებით, კბილებთან დაკავშირებული — ინფექციები იწვევდა. როგორ უნდა გადაეჭრათ პრობლემა? რა თქმა უნდა, კბილების ამოღებით! კოტონის მეთვალყურეობის ქვეშ მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებს 11 ათასი კბილი ამოუღეს.

ტრენტონის ფსიქიატრიული საავადმყოფო.

ფოტო: Wikimedia Commons

მას შემდეგ, რაც კბილების ამოღებამ პაციენტები ვერ განკურნა, კოტონმა ჩათვალა, რომ ინფექცია სხვა ორგანოებზეც იყო გავრცელებული. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ სხვა ორგანოებიც უნდა ამოეჭრათ და 645 შემთხვევაში ასეც მოხდა. მიუხედავად კოტონის მტკიცებისა, რომ მენტალურ დაავადებებს 80%-იანი წარმატებით კურნავდა — და გაყალბებული მონაცემების გამო, მისი მეთოდი პოპულარობითაც სარგებლობდა — სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოუდგენლად მაღალი იყო. ამასთან, რა გასაკვირია, რომ როგორც კი კოტონი მათ მკურნალობას წყვეტდა, პაციენტები თავის უკეთ გრძნობას იწყებდნენ.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კოტონს თავისი თეორიის გულწრფელად სჯეროდა. მან ჯერ საკუთარი რამდენიმე კბილი ამოიღო, შემდეგ კი პროცედურა ცოლ-შვილზეც გაიმეორა. კოტონი ფიქრობდა, რომ სტომატოლოგები უცნაურად იქცეოდნენ, რადგან ისინი მიზნად კბილების მკურნალობას ისახავდნენ და არა — მათ ამოღებას.

4. სიცოცხლის სპონტანური წარმოშობა

სპონტანური წარმოშობის თეორია, რომელიც თავდაპირველად არისტოტელემ შეიმუშავა, მეცნიერებაში XIX საუკუნის შუა პერიოდამდე სარგებლობდა პოპულარობით — იქამდე, სანამ ის ლუი პასტერმა არ უარყო. თეორიის მიხედვით, სიცოცხლე უსულო მატერიისგან სპონტანურად შეიძლება გაჩენილიყო და, ამასთან, ეს პროცესი რეგულარულად მიმდინარეობდა. მაგალითად, არისტოტელე ამტკიცებდა, რომ მოლუსკები ქვიშისგან იქმნებოდა. სხვებმა კი შენიშნეს, რომ მატლები მკვდარ ხორცში იზრდებოდნენ და თან არავის ენახა, როგორ მიდიოდნენ ისინი ხორცამდე. ადამიანებს საოცრად დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მკვდარ ხორცში კვერცხებს მწერები ტოვებდნენ, საიდანაც მოგვიანებით მატლები იჩეკებოდნენ.

ფოტო: Wikimedia Commons

დღეს ეს თეორია აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ის ხაზს უსვამს იმას, თუ რა ცოტა იცოდნენ ანტიკური პერიოდის ადამიანებმა სამყაროს შესახებ. ვითარება მეცნიერული მეთოდის ნორმად დამტკიცებამ შეცვალა. იდეას, რომელიც 2 ათას წელზე დიდხანს არსებობს, გარკვეული ძალა უნდა ჰქონდეს. და თუ თქვენი ერთადერთი მეთოდი დაკვირვებაა, სულაც არაა გასაკვირი, რომ მსგავს მცდარ შეხედულებას დროისთვის გაეძლო — სხვა თუ არაფერი, სიცოცხლე ხომ მართლაც გამუდმებით წარმოიშობა ისეთი ინერტული რაღაცისგან, როგორიც მარცვალია.

5. სამუელ კარტრაიტის რასობრივი ფსიქოლოგია

ექიმმა სამუელ კარტრაიტმა, რომელიც ამერიკის სამხრეთ შტატებში მოღვაწეობდა, 1851 წელს ლუიზიანას სამედიცინო ასოციაციას ანგარიში წარუდგინა, სახელწოდებით, მოხსენება ნეგროიდული რასის დაავადებებისა და ფიზიკური თავისებურებების შესახებ. გასაკვირი არ არის, რომ მოხსენება უხეშ სპეკულაციებს შეიცავდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მის მიერ "აღმოჩენილი" ორი დაავადება: დრაპეტომანია და ეთიოპთა დისესთეზია.

კარტრაიტი ამტკიცებდა, რომ დრაპეტომანია ერთგვარი სიგიჟეა, რომელიც შავკანიან მონებს ახასიათებთ და მათ მონათმფლობლის სახლიდან გაქცევას აიძულებს. ის ამ დაავადების განვითარებას იმას უკავშირებდა, თუ როგორ ეპყრობოდა მონათმფლობელი მონას. მისი თქმით,

"თუ თეთრი კაცი ღვთის ნებას უპირისპირდება და შავკანიანს სხვა რამის უფლებასაც რთავს, გარდა დაჩოქილი მორჩილებისა (რაზეც ყოვლისშემძლე აცხადებს, რომ მხოლოდ ასე უნდა იყოს), ან თუ ის სასტიკია და ბოროტად იყენებს იმ ძალაუფლებას, რომელიც ღმერთმა უბოძა — შავკანიანი გაიქცევა".

კარტრაიტის მიხედვით, თუ მონებს ისე მოექცეოდნენ, როგორც ბავშვებს — კერძოდ, მათ არასერიოზულად აღიქვამდნენ და პერიოდულად ფიზიკურად დასჯიდნენ — მაშინ ისინი განიკურნებოდნენ. რთული შემთხვევებისთვის კი კარტრაიტმა სასტიკი და პირდაპირი წამალი იპოვა — ფეხზე ცერა თითის მოჭრა.

რაც შეეხება ეთიოპთა დისესთეზიას, კარტრაიტის მიხედვით, ეს მენტალური დაავადება იყო, რომელიც მონებში სიზარმაცეს იწვევდა. ის ამტკიცებდა, რომ დაავადება გარკვეულწილად კანს უკავშირდებოდა, რადგან თვლიდა, რომ "ზარმაცი მონების" სხეულზე შემჩნეული დაზიანებები დაავადების გამოვლინება იყო. ამ დაავადების განკურნება კი გამათრახებას შეეძლო. რა თქმა უნდა, თუ მონა ზარმაცად მიიჩნეოდა, მას უფრო მეტად ამათრახებდნენ; ხოლო ხშირი ცემის გამო სხეულზე დაზიანებებიც იმატებდა. ამგვარი მანკიერი ლოგიკა მონების დაუსრულებელ გამათრახებას ფსევდომეცნიერულ საფუძველს უქმნიდა.


ეს უცნაური და ზოგჯერ სასტიკი პრაქტიკის გამამართლებელი თეორიების ამომწურავი სია სულაც არ არის. ადამიანებს მოვლენების ახსნის ძლიერი მისწრაფება აქვთ, მაგრამ ისინი ზუსტი პასუხების მისაღებად საჭირო საშუალებებს ყოველთვის არ ფლობდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნამდვილი მეცნიერება განვითარების მაღალ ეტაპზეა, მის გვერდით შეცდომაში შემყვანი ისეთი წარმოდგენები, როგორებიცაა ბრტყელი დედამიწის იდეა, ღმერთის მიერ 5 ათასი წლის წინ დინოზავრების დახოცვა, აუტიზმის გამომწვევი ვაქცინები და მრავალი სხვა, არსებობას ისევ განაგრძობს.