"საურონის თვალი" და სხვა სტრუქტურები წყალქვეშა "მორდორიდან"
ცოტა ხნის წინ, ინდოეთის ოკეანის შესწავლისას მკვლევრებმა განადგურებული წყალქვეშა ვულკანის ნარჩენები იპოვეს, რომელიც ყოვლისმხედველ "საურონის თვალს" მოგაგონებთ ჯ.რ.რ. ტოლკინის ცნობილი ტრილოგიიდან "ბეჭდების მბრძანებელი". მათ კიდევ ორი ასეთი სტრუქტურა ტოლკინის შუახმელეთის ადგილებს მიამსგავსეს.
The Conversation-ის მიხედვით, თვალი 6.2 კილომეტრი სიგრძისა და 4.8 კილომეტრი სიგანის ოვალური ფორმის ჩაღრმავებაა. ეს გიგანტური კალდერა (ვულკანური წარმოშობის ღრმული) ღრმა წყლების ვულკანის კოლაფსის შედეგადაა გაჩენილი. იგი 300 მეტრი სიმაღლის კიდითაა გარშემორტყმული, რომელიც ქუთუთოს შთაბეჭდილებას ტოვებს, ცენტრში კი ამავე სიმაღლის კონუსის ფორმის მწვერვალია, რომელიც თვალის გუგას მოგაგონებთ. ეს უჩვეულო სტრუქტურა შობის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 280 კილომეტრის დაშორებით, 3100 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული.
გუნდმა სტრუქტურა ინდოეთის ოკეანეში ავსტრალიის ტერიტორიებზე ავსტრალიის სახელმწიფოს სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევის ორგანიზაციის (CSIRO) RV Investigator-ით გადაადგილებისას ექსპედიციის მე-12 დღეს აღმოაჩინა. მათ კალდერას და ფსკერის მიმდებარე ტერიტორიის 3D რუკების შესაქმნელად მულტისხივური ჰიდროლოკატორი გამოიყენეს.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კალდერების მსგავსად, ეს უკანასკნელიც ვულკანის კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა.
"ვულკანის ძირში არსებული მდნარი მაგმა ზევით მიიწევს და ქვემოთ ცარიელ სივრცეს ტოვებს", — განუმარტა The Conversation-ს ტიმ ო'ჰარამ, ავსტრალიის ვიქტორიას მუზეუმის მთავარმა ზედამხედველმა. "შედეგად, მის ზედაპირზე დარჩენილი თხელი ქერქი იშლება და ქმნის კრატერის მსგავს სტრუქტურას — კალდერას".
კალდერას გარშემო არსებულ ტერიტორიაზე კიდევ ორი საყურადღებო სტრუქტურა შეამჩნიეს.
"ვულკანური თვალიდან სამხრეთით, რუკების შედგენისას უფრო პატარა ზომის ზღვის მთები დავინახეთ, რომლებიც ვულკანური კონუსებით იყო დაფარული. კიდევ უფრო სამხრეთით კი შედარებით დიდი ზომის მეჩეჩიც აღმოვაჩინეთ", — ამბობს ო'ჰარა.
მკვლევრებმა ვულკანებით დაფარულ მთას საურონის მთავარი კოშკის სახელი — ბარად-დური უწოდეს, მეჩეჩს კი — ფერფლის მთების სახელი — ერედ ლითუი. მათგან ორივე მორდორის სამეფოში, საურონის თვალის მახლობლადაა განლაგებული.
ო'ჰარა წერს, რომ ერედ ლითუის მეჩეჩი მეჩეჩების კლასტერის ნაწილი, რომლებიც 100 მილიონი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყვნენ. ერედ ლითუის მეჩეჩი ერთ დროს წყლის ზედაპირზე იყო, შემდეგ კი, თანდათან 2.6 კილომეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.
მილიონობით წლის მანძილზე ქვიშამ, ჩაძირულმა დეტრიტმა (პლანქტონი და სხვა ორგანული ნივთიერებები) მეჩეჩი 100 მეტრი სიმაღლის ნალექის ფენით დაფარა. თუმცა, ო'ჰარას თქმით, კალდერა შედარებით დაუფარავია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მეჩეჩზე უფრო ახალგაზრდა უნდა იყოს.
"დალექვის ამ სიჩქარით ახლა კალდერა ნაწილობრივ მაინც უნდა იყოს დაფარული", — წერს ო'ჰარა. "100 მილიონი წლის სტრუქტურისთვის იგი ზედმეტად დაუზიანებელია".
კომენტარები