Amazon მიტანის სერვისში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს
გადაზიდვის ინდუსტრიის ახალი ერა უკვე აქაა — Amazon Inc-მა ახლახანს ახალი გადაზიდვის სისტემის დაპატენტების უფლება მოითხოვა. ახალი გადაზიდვის სისტემა პროდუქტების —პირველადი ტრანსპორტიდან (სატვირთო მანქანა) საბოლოო დანიშნულებამდე მინი-რობოტების მიერ მიტანას მოიცავს, იუწყება აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, Amazon პროდუქტების საწყობებიდან კლიენტამდე მიტანის სისტემის გაუმჯობესებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით ცდილობს. იდეები როგორიცაა მძღოლის გარეშე მოსიარულე მანქანები, რომლებიც რობოტების გუნდს ტრანსპორტირებას გაუწევდნენ, და დრონები, რომლებიც ჰაერში გადაადგილდებოდნენ და პარაშუტების საშუალებით მიიტანდნენ ტვირთს კლიენტებამდე, არსებობდა, თუმცა არ განხორციელდა. იდეების მიზანი კი ერთი იყო და არის — ადამიანი ჩანაცვლდეს უფრო იაფი "მუშახელით".
Amazon-ის ახალი სისტემის იდეა კი ასეთია: სატვირთო მანქანები რობოტებს დიდ მანძილებზე გადაადგილებენ და რობოტები, დანიშნულების ადგილის სიახლოვეს (ქუჩაზე), პროდუქტებს უშუალოდ ბოლო წერტილამდე (კართან, ღობესთან) მიიტანენ. თუმცა, ახალი სისტემა ადამიანს მთლიანად მაინც ვერ ჩაანაცვლებს. რობოტების დამხმარე ტექნოლოგიებით დატვირთული გადამზიდები ადამიანების მიერ იქნება მართული.
როცა გადამზიდი, პირობითად, სახლთან მივა, ტრანსპორტში ჩაშენებული ტექნოლოგია გარე სამყაროს შეისწავლის და რობოტისთვის ოპტიმალურ "ბილიკს" შეიმუშავებს. შემდეგ, რობოტი გადამზიდიდან ჩამოვა, ქუჩაზე გაივლის, თუმცა ამ პროცესს გადამზიდი მაინც "დააკვირდება" და საჭიროების შემთხვევაში რობოტს სიგნალებსაც გადასცემს. რობოტი ნავიგაციის მოწყობილობებითა და კამერით იქნება აღჭურვილი და გზად რაიმე დაბრკოლების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორიცაა ეზოში ავი ძაღლი, გადამზიდს გადაუგზავნის.
რობოტი და გადამზიდი "ითანამშრომლებენ", რათა რობოტი დაუზიანებლად დაუბრუნდეს ტრანსპორტს და შემდეგი კლიენტის მომსახურება სწრაფად დაიწყოს. საგულისხმოა, რომ ცნობილი ჯერ არაა Amazon მართლა გამოიყენებს თუ არა ამ ახალ სისტემას. პრაქტიკაში სისტემის პროდუქტიულობის გასაზრდელად, შეიძლება მცირე ცვლილებები შეიტანონ პროექტში. მაგალითად, გამოიყენონ დრონები, რომლებიც დანიშნულების ადგილიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით, გადამზიდებიდან ამოფრინდებიან და ტერიტორიას "დაზვერავენ". სხვა სავაჭრო კომპანიები Amazon-ის მაგალითს მიჰყვებიან და ბიუჯეტს გადაზიდვის სისტემის ავტომატიზაციაში აბანდებენ.
პანდემიის და სოციალური დისტანციის აუცილებლობის გამო, ამერიკელმა მომხმარებლებმა ონლაინ ვაჭრობაზე გადაინაცვლეს. ახლა, მარტო დრო გვაჩვენეს იმას შეძლებენ თუ არა ავტომატიზირებული გადაზიდვის სისტემები ადამიანის სრულად ჩანაცვლებას და არსებული დაუსაქმებლობის პრობლემის გამწვავებას.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები