რატომ ვბრაზდებით და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რატომ ვბრაზდებით? ამ კითხვაზე ადამიანთა უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ბრაზდება მაშინ, როდესაც მის პროვოცირებას ახდენენ. მთელი ჩვენი ისტორია ეს არის, ყოველი მხარე ყოველთვის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ მის პროვოცირებას ახდენდნენ, ბრაზი კი სამართლიანი რეაქცია იყო და არის...

ბრაზის ისტორია

ფოტო: histories of emotion

რეალურად, ბრაზს კაცობრიობის ისტორიაში დუალისტური პოზიცია აქვს. ერთი მხრივ, ის უარყოფით კონტექსტში განიხილება. მაგალითად, ძველ რომში ბრაზს ომისთვისაც კი გამოუსადეგრად მიიჩნევდნენ. მეტიც, რელიგიურად ბრაზის ერთგვარი გამოხატულება — მრისხანება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, მაგრამ აქვე აღნიშნულია, რომ არსებობს სამართლიანი მრისხანებაც.

თუმცა, სამართლიანობა და უსამართლობა მრავალ კულტურასა თუ ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვანაირად განიხილებოდა. ხშირად, იგივე ხდება ინდივიდების შემთხვევაშიც, ის რაც ვიღაცისთვის უსამართლობაა, მეორესთვის სამართლიანი შეიძლება იყოს.

ეს რას ნიშნავს? გამოდის, რომ ბრაზი სუბიექტური მოვლენაა? ამაზე პასუხის მისაღებად მეცნიერებას მივმართოთ და ვნახოთ, როგორ განიხილავს ბრაზს ის — რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ბრაზი გვეუფლება.

ბრაზი ჩვენს გრძნობათა შორის ერთ-ერთი ემოციაა. მისი განცდის გარდა, შეიძლება დაგვეუფლოს ბედნიერება, შიში, სევდა და სხვა. ამ მხრივ, ცხოველებშიც ადამიანების მსგავსი ბაზისური ნერვული კავშირები მოქმედებს. თუმცა, ადამიანის ბრაზი უფრო კომპლექსური სკალაა, რომელიც უმცირესი იმედგაცრუებიდან იწყება და აბსოლუტური მრისხანებით სრულდება. ეს სკალა თითქმის ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ინდივიდუალურია გამომწვევი მიზეზები — ტრიგერები, რაც სკალის ავარდნასა თუ დავარდნაზეა პასუხისმგებელი.

თავში დასმულ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, დიახ, ბრაზი სუბიექტურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხართ, რისი გწამთ, რისი არ გწამთ, სად გაიზარდეთ და რისი თუ ვისი გავლენების ქვეშ ხართ მოქცეული. თუმცა, ეს ყველაფერი აისბერგის მწვერვალია და ჩვენი ბრაზი ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია.

ბრაზის დაბადება — სად არის ბრაზი?

ფოტო: Inside Out

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზის უნარი ტვინში ევოლუციურად მილიონზე მეტი წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ის იმ ინსტინქტების ნაწილია, რომლებიც საფრთხეების თავიდან აცილების და რესურსებისთვის შეჯიბრებისკენ გვიბიძგებს.

სად არის ბრაზი? ბრაზი ტვინის დაჯილდოების სისტემაშია ფესვგადგმული. ჩვენი ტვინი მუდმივად საზღვრავს რისგან რას უნდა მოელოდეს. შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული სიტუაციებიდან წინასწარი მოლოდინები გაგვაჩნია. როდესაც მოლოდინსა და რეალურ შედეგს შორის შეუსაბამობა ჩნდება, ჩვენი ტვინის დაჯილდოების სისტემა განგაშის ზარს სცემს, რაც ტვინის პატარა უბანში, ამიგდალაში საპასუხო მოქმედებას იწვევს. ამიგდალა ემოციებთან არის დაკავშირებული და როდესაც თქვენ "უსამართლობას" აწყდებით, ამიგდალა აქტიურდება და გამოყოფს ქიმიკატებს, რასაც კატექოლამინი ეწოდება. თავის მხრივ, კატექოლამინი ადამიანში ენერგიის მოზღვავებას იწვევს და თქვენ პატარა ჰალკი ხდებით. ჰალკი კი ვიცით, რომ საკმაოდ აგრესიულია და პრობლემას ძირითადად ფიზიკურად აგვარებს.

ამასთან, ბრაზის მატებასთან ერთად გამოიყოფა ისეთი ჰორმონები როგორიცაა: ეპინეფრინი — ადრენალინი და ნორეპრინეფრინი. ეს იწვევს გულის აჩქარებას და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას. თქვენ სულ უფრო წითლდებით და მოქმედებისთვის მზად ხართ. ასე წარმოიქმნება ბრაზი, რისი კონტროლიც კიდევ უფრო კომპლექსური პროცესების ნაწილია.

ბრაზის კონტროლი

ფოტო: Inside Out

ერთია, როგორ ჩნდება ბრაზი და მეორე როგორ აკონტროლებს მას ტვინი. თუ ემოციაზე ამიგდალაა პასუხისმგებელი, ტვინის მეორე უბანი — პრეფრონტალური ქერქი მოქმედებაზეა პასუხისმგებელი. ტვინის ეს უბანი სიტუაციის გაანალიზებას ცდილობს.

სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ბრაზს ცხოველის ბრაზისგან განარჩევს. ის ჩვენს ბრაზს კონტექსტში აქცევს, სოციალურად მიღებული ნორმების დაცვას გვახსენებს და პირველადი ინსტინქტების გაკონტროლებას ცდილობს.

ერთი სიტყვით, ბრაზის შემდეგ იბრძოლებთ, გაიქცევით, გაშეშდებით თუ რაიმე სხვა უფრო მოხერხებულ გზას მიმართავთ, ტვინის ამ რეგიონზეა დამოკიდებული.

პროვოცირება და გაბრაზების სუბიექტურობა

როგორც თავში აღვნიშნე, პროვოცირება არ არის ზოგადი და ის დამოკიდებულია ადამიანზე. ადამიანებს სხვდასხვა რაღაცა აღიზიანებთ, მაგალითად, ის რაც მაღიზიანებს მე, შეიძლება სრულიად უწყინარი იყოს თქვენთვის და პირიქით.

არსებობს წინასწარი განწყობა, დავუძახოთ მას "პრეგაბრაზების" პერიოდი. ის ყველას სხვდასხვა გვაქვს. როდესაც ჩვენს თავს რაღაც ხდება, ტვინი იწყებს განსაზღვრას, თუ რამდენად სამართლიანია ეს მოვლენა და რამდენად დავიმსახურეთ ის. ამის გაანალიზების შემდეგ ტვინი ყალიბდება რამდენად უნდა გაბრაზდეს. მეტიც, ხშირად ჩვენი გაბრაზება სრულიად სუბიექტური და მიკერძოებულია და სამართლიანობის მსაზღვრელად მხოლოდ კონტექსტს იყენებს.

იმისთვის, რომ ჩვენი გაბრაზების სუბიექტურობა დავინახოთ, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: წარმოიდგინეთ, მანქანით ვიწრო გზაზე მიდიხართ და არსად გაგვიანდებათ. თქვენ წინ მანქანაა, რომელიც სიჩქარის ლიმიტს არ არღვევს, მეტიც, ის ლიმიტზე ცოტა უფრო ნელა მოძრაობს. დავუშვათ, ლიმიტი 80 კილომეტრი საათია, ხოლო თქვენს წინ მიმავალი 70 კილომეტრი საათით მოძრაობს. ადამიანების უმეტესობა წინ მიმავალზე არ გაბრაზდება და მას უკან მშვიდად გაჰყვება.

თუმცა, ახლა წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც თქვენ სადმე ძალიან გაგვიანდებათ, სიტუაცია კი ზუსტად იგივეა. მსგავს სიტუაციაში ადამიანების უმეტესობა ძალიან გაბრაზდება. ის უმნიშვნელო 10 კილომეტრი საათი, რაც თქვენს წინ მიმავალს სიჩქარის ლიმიტამდე აშორებს, ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანი და გამაღიზიანებელი ხდება. თქვენ ცდილობთ მისთვის გადასწრებას, უკნიდან უსიგნალებთ და უყვირიხართ, რომ ცოტა უფრო სწრაფად იმოძრაოს. თქვენი ბრაზი გეუბნებათ, რომ თქვენ წინ ვიღაცა იდიოტია, რომელიც 70 კილომეტრი საათით მოძრაობს, არადა ლიმიტი ხომ 80 კილომეტრი საათია. მეორე საკითხია, როგორ გააკონტროლებთ თქვენს ბრაზს, ის შეიძლება გადასწრებისთვის გამოიყენოთ, ან მოიქცეთ სრულიად არაადეკვატურად და წინ მიმავალ მძღოლთან იჩხუბოთ; არადა ამის დრო სად გაქვთ, თქვენ ხომ გაგივანდებოდათ.

მსგავსი მაგალითის ძალიან ბევრ შემთხვევაზე განზოგადება შეიძლება და ჩვენ დავინახავთ, რომ მთელი ჩვენი სოციალური ურთიერთობები სწორედ ასეთ სუბიექტურ კონტექსტებზეა დამოკიდებული.

ბრაზი როგორც სიმამაცე, თუ წინდაუხედაობა

ფოტო: ijf.org

უკონტროლო ბრაზს რისკების გადაფასება შეუძლია. კვლევები აჩვენებს, რომ ის მეტად იმპულსურს გვხდის და შედეგების პროგნოზირებაში ხელს გვიშლის. ასეთ დროს, ცუდ შედეგს ნაკლებად ვპროგნოზირებთ და შეიძლება ჩვენი თავის ზედმეტად დავიჯეროთ. შესაბამისად, სიმამაცე, რაც, შესაძლოა, ბრაზს მოჰყვეს, უფრო წინდაუხედავსაც გვხდის.

გაბრაზებულზე მარტივია მიზეზების პოვნა — ადამიანის ტვინზე დაკვირვებით, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროს ჩვენი ტვინი უცხოებისადმი უფრო უარყოფითად არის განწყობილი. ასეთ დროს, სხვის ცუდ თვისებებს უფრო მის ბუნებას ვაბრალებთ და არა შექმნილ გარემოებებს. ასეთ დროს პრეფრონტალური ქერქი ჩვენზე ძალაუფლებას კარგავს.

მიშვებული ბრაზი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სიმამაცე გვეგონოს, ერთგვარი დომინოს ეფექტი ხდება, სადაც კონკრეტული ერთი მიზეზი სხვებს ედება, სულ უფრო მეტი გაბრაზების მიზეზი წარმოიქმნება, რაც საბოლოოდ ირაციონალური მრისხანების დაუსრულებელ პროცესს უდებს დასაბამს.

ბრაზის სქესი — კაცები უფრო ბრაზიანები არიან თუ ქალები

ეს ის სფეროა, სადაც შედარებით უფრო მეტი სპეკულაციებია, თუმცა ამ მხრივაც არსებობს კვლევები. კვლევების მიხედვით, ქალებიც ისეთივე სიხშირით ბრაზდებიან, როგორც კაცები, თუმცა, არსებობს განსხვავებები. მთავარი განსხვავება — კაცებს ბრაზის შეკავება ნაკლებად შეუძლიათ, ქალები კი ამ გრძნობით გამოწვეულ იმპულსებს შედარებით უკეთესად აკონტროლებენ.

ამას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ერთი ბიოლოგიურია, მეორე სოციალური. აღსანიშნავია, რომ ამიგდალა კაცებსა და ქალებში ერთი ზომისაა, მაგრამ მეორე უბანი, პრეფრონატალური ქერქი, რომელიც აგრესიული იმპულსების კონტროლშია ჩართული, ქალებში ბევრად უფრო დიდია. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გარემოება ხსნის იმას, თუ რატომ შეუძლია ქალს ბრაზის უკეთ მოთოკვა.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ კულტურული და საზოგადოებრივი გავლენები — მოლოდინები თუ სტიგმები რაც სქესზეა მიკერებული. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორი მოქმედებს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო კომპლექსურია.

ბრაზის დადებითი მხარე

ფოტო: spring.org.uk

როგორც ვხედავთ, ტრიგერზე ჩვენი საპასუხო რეაქცია ტვინის რამდენიმე ნაწილს შორის დაბალანსებულ კავშირზეა დამოკიდებული. როცა ეს კავშირი ფერხდება, ქცევა მოულოდნელად აგრესიული შეიძლება გახდეს. თუმცა, ბრაზისადმი გამკლავების ფორმა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ ადამიანში თავშეკავების მაღალმა უნარმა, რაც უჩვეულოდ აქტიური ფრონტალური ქერქით ხასიათდება, ბრაზის გამოხატვა კი შეიძლება შეაჩეროს, მაგრამ შედეგად ამას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.

დაბოლოს, ბრაზი ბუნებრივია, ის ჩვენს შორეულ წინაპრებს ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის სჭირდებოდათ. სჭირდებოდათ იმიტომ, რომ ველური მტაცებლისგან თავი დაეცვათ, ან საკვები მოეპოვებინათ.

დღეს სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ვბრაზდებით არ არის აუცილებელი ფიზიკური ძალა გამოვიყენოთ. მეტიც, ჩვენ გვაქვს ფუფუნება საკუთარი ბრაზის კონტროლის და მისი სხვდასხვა ფორმებში გარდაქმნის.

რაში უნდა გარდაქმნათ ბრაზი, ის ევოლუციური იარაღი, რომელიც ჩვენს წინაპრებს ასობით ათასი წლის წინ ჩამოუყალიბდათ? ამაზე პასუხი უკვე არსებობს, ჩვენამდე უამრავმა ადამიანმა ეს უკვე შეძლო, უამრავი ადამიანი ამას ახლაც ახერხებს.

პასუხი ბრაზის მეტამორფოზაშია — ბრაზს ძლიერი მოტივატორის როლის შესრულება შეუძლია. თქვენი ბრაზი, უსამართლობის თუ "უსუსურობის" განცდა შეგიძლიათ გარდაქმნათ პროტესტში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნების ნებისმიერ დარგში თუ კულტურაში. როდესაც ეპოქალურ ნაწარმოებს კითხულობთ, რომელიც თავის დროის უსამართლობას ასახავს და თანაგრძნობის სურვილს გიჩენთ, გახსოვდეთ ეს ის ბრაზია, რომელიც საუკუნეების წინ ერთმა კონკრეტულმა ინდივიდმა ამ ფორმით თქვენ გადმოგცათ და უსამართლობის დამარცხების სურვილი გაგიჩინათ.

ასე რომ, მომავალაში, როდესაც ბრაზს იგრძნობთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ როგორც ინდივიდი და როგორც სახეობა, პრივილეგირებული ხართ თქვენი ინსტინქტები და ბრაზი რაღაც ბევრად უფრო პროდუქტიულში და ძლიერში გარდასახოთ.

ამიტომ, როდესაც მომავალში რაიმეზე გაბრაზდებით, გახსოვდეთ, ბრაზი ბუნებრივია, მას უნდა გრძნობდე, მაგრამ მართავდე.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ