ახლა სხვა დროა, სხვანაირი ფიქრია საჭირო — ახლა 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიების ეპოქა, სადაც ვერაფერს გახდები, თუ თანამედროვეობას არ აუწყობ ფეხს.

ტექნოლოგიების სამყარო კომპანიების ფართო სპექტრს მოიცავს. ამ ინდუსტრიას მიეკუთვნებიან როგორც ტექნიკის მწარმოებელი ფირმები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები — ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლებს სწორედ ამ ორი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით ყოფენ.

ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობა კომპიუტერების, სმარტფონების, სასერვერო მოწყობილობებისა და სხვადასხვა ტიპის ნივთის წარმოებას მოიცავს. რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში მომუშავე კომპანიებს, ისინი ოპერაციულ სისტემებს, მონაცემთა ბაზებს, კიბერუსაფრთხოების სისტემებსა და სხვა სახის პროგრამულ ნაწარმს ქმნიან.

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების ნაწილი ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები ყიდულობენ პროგრამის გამოწერის უფლებას და არა ერთჯერად ლიცენზიას — ეს კომპანიების შემოსავლებსაც ზრდის და მათი მომსახურება მომხმარებლებისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი ხდება.

ტოპ კომპანიები ტექნოლოგიების ინდუსტრიაში

ფოტო: LYCS Architecture / Unsplash

მსოფლიოში მრავალი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელთა აქციების ქონასაც ყველა ჩვენგანი ისურვებდა. ამ ჩამონათვალში რამდენიმე მათგანი მოხვდა:

  • Amazon — ონლაინ გაყიდვების ლიდერი კომპანია;
  • Microsoft — პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი;
  • Apple — ამ კომპანიას ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ის უამრავი ადამიანისთვის საყვარელ პროდუქტებს უშვებს — აიფონები, აიპედები, მაკბუკები და სხვ;
  • Netflix — ონლაინ ვიდეო გაქირავების ლიდერი კომპანია, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად ვითარდება;
  • Facebook — მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელი, რომელსაც 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და რომელიც ძირითად პლატფორმასთან ერთად Instagram-ს, Messenger-სა და WhatsApp-საც ფლობს.

კოვიდ-პანდემიის გავლენა ტექ-კომპანიების აქციებზე

ფოტო: Michael Dziedzic / Unsplash

პანდემიამ ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მომხმარებლებს ახალი, განსხვავებული საჭიროებები გაუჩნდათ. თუ პანდემიის პერიოდში სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები კლიენტების დეფიციტს განიცდიდნენ, ამ სექტორის ფირმები განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ — მომხმარებელთა მზარდმა მოთხოვნამ მათ სწრაფი განვითარებისკენ უბიძგა, რის გამოც პანდემიამ, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიების სექტორზე დადებითი გავლენა მოახდინა.

ამაზონმა პანდემიის დასაწყისშივე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პირდაპირმა კონკურენტებმაც შესანიშნავად იმუშავეს, 2021 წლის პირველ კვარტალში ამაზონის გაყიდვები 44%-ით გაიზარდა და 108,5 მილიარდ დოლარს მიაღწია — ეს ნამდვილად წარმოუდგენელი ზრდაა ამ მასშტაბის კომპანიისთვის, რადგან, როგორც წესი, დიდი კომპანიები სტაბილურად, მაგრამ მცირე ნაბიჯებით იზრდებიან.

პანდემიამ მაიკროსოფტიც ახეირა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სახლში ჩაჯდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მაიკროსოფტის პროდუქციაზე მოთხოვნაც. ბოლო მონაცემების მიხედვით 44%-ით არის გაზრდილი ამ კომპანიის წმინდა შემოსავალიც.

პანდემიის დასაწყისში, როდესაც ყველა ჩვენგანი თანხების დაზოგვაზე ვიყავით ორიენტირებულნი და არ ვიცოდით მომავალში რა გველოდა, ეფლის გაყიდვების საკითხიც ბუნდოვანი იყო. თუმცა, ახლა ისევე იტაცებენ ეფლის პროდუქციას, როგორც ეს ადრე იყო. გასულ კვარტალში როგორც ცალკეული პროდუქტების მიმართულებით, ასვე ყველა სახეობის ნაწარმის მიხედვით ეფლის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზრდილია.

პანდემიურ 2020 წელს ნეტფლიქსსაც ბევრი გამომწერი მოემატა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დროებითი ტექნიკური შეფერხებებიც ჰქონდა, ერთგულმა მომხმარებლებმა მას არ უღალატეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით 2020 წლისგან, ნეტფლიქსში 2021 წელს გამომწერთა მატების მკვეთრ შენელებას ვარაუდობენ.

ფეისბუქის შემოსავლების ძირითადი წყარო რეკლამებიდან მიღებული თანხებია. პანდემიის დროს, როდესაც ბევრმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა, შემცირდა რეკლამების განთავსების მასშტაბებიც. ამან სოციალური ქსელების გიგანტი დროებით აზარალა, თუმცა ეს პრობლემა 2021 წელზე არ გავრცელებულა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფეისბუქის შემოსავლები 48%-ით გაიზარდა.

ტექ-აქციების ანალიზი — ეს მნიშვნელოვანია

ფოტო: Lukas / Pexels

საინვესტიციო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. შესაძლებელია, ანალიზი ეხებოდეს როგორც კონკრეტულ კომპანიას, ასევე ბაზარს.

თუ საქმე ხანდაზმულ კომპანიასთან გვაქვს, რომელიც დიდი ხანია ბაზარზეა და მთავარ უპირატესობად სტაბილურობას გვთავაზობს, მნიშვნელოვანია, მისი მოგების მაჩვენებლებს დავაკვირდეთ.

გაყავი ერთი აქციის ფასი მოგების იმ მოცულობაზე, რომელსაც კომპანიის ერთი აქცია გამოიმუშავებს. ეს თანაფარდობა აჩვენებს იმას, თუ რამდენად აფასებს საფონდო ბირჟა კომპანიის მოგების მოცულობას. თუ მაჩვენებელი მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარი კომპანიის მოგების ზრდას ელოდება — ეს ფორმულა რამდენიმე ფირმის შედარების საშუალებასაც მოგცემს.

იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მოგებას არ იღებენ და ასეთები, როგორც წესი, ახალგაზრდა ფირმები არიან, აღნიშნული ფორმულა არ გამოდგება. ასეთ აქციებთან ყურადღება შემოსავლების ზრდის ტემპს უნდა მიექცეს. თუ კომპანია სწრაფად მზარდია, მას კარგი გუნდი მართავს და სწორ ღირებულებებზეა დაფუძნებული, დიდი შანსია, რომ ის სამომავლოდ გაიზრდება. ხშირად სწორედ დამწყებ და პერსპექტიულ კომპანიებში ინვესტირებაა ყველაზე მეტად მომგებიანი.

მოკლედ, როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, გარკვეული დონის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ამ რისკების დაზღვევის გზებიც. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ისეთ გაცვლით სავაჭრო ფონდში ფულის ჩადება, რომელიც ტექ-კომპანიების აქციებზეა ორიენტირებული.

გარდა ამისა, ბონუს რჩევასაც გაგიზიარებ: ფული დააბანდე მხოლოდ მაშინ, როდესაც საინვესტიციო ობიექტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობ და მაქსიმალურად დარწმუნებული ხარ, რომ შენი ფულის მასში ჩადება სამომავლოდ მოგებას მოგიტანს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.