3,4 მილიარდი წლის ქვებში მიკრობთა ანტიკური მიკრონამარხები აღმოაჩინეს
ამ აღმოჩენამ შესაძლოა გაგვაგებინოს, თუ სად და როგორ დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე.
ახლად აღმოჩენილი 3,42 მილიარდ წლიანი მიკრონამარხები ჯერჯერობით მეთანის კონკრეტული ტიპის ციკლში მონაწილე მიკრობული სიცოცხლის უძველესი მტკიცებულებაა — და, შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, როგორ დაიწყო სიცოცხლე თავდაპირველად, დედამიწასა და მთელ სამყაროში.
სიცოცხლის ეს ფორმები შესაძლოა თავიდან ოკეანის საგების ქვეშ მდიდარი თხევადი მასის ღრმულებში არსებობდნენ, ეს მასა კი ზემოდან შედარებით ცივი ზღვის წყლისა და სიღრმეებიდან ამომავალი თბილი ჰიდროთერმული სითხეების შერევით წარმოიქმნა.
ამ ახალმა აღმოჩენებმა შესაძლოა გაგვაგებინოს, თუ სად და როგორ დაიწყო სიცოცხლე პირველად პალეოარქეულ ერაში (3,2-3,6 მილიარდი წლის წინ), ან არსებობდნენ თუ არა ასეთი ადგილობრივი მიკროორგანიზმები დედამიწის ისტორიის უფრო ადრეულ ხანებში.
"ჩვენ განამარხებულ მიკრობთა უჩვეულოდ კარგად შენახული მტკიცებულება ვიპოვეთ, რომლებიც, როგორც ჩანს, ჰიდროთერმული სისტემების თბილი წყლისაგან წარმოქმნილ ჩაღრმავებათა კედლებზე ხარობდნენ, ოკეანის საგებზე რამდენიმე მეტრით ქვემოთ. ვულკანური აქტივობის მიერ გამთბარი მიწისქვეშა საარსებო გარემოები შესაძლოა დედამიწის უძველეს მიკრობულ ეკოსისტემათა მასპინძელი ყოფილიყო, ეს კი აქამდე მოპოვებულთაგან ყველაზე ძველი მაგალითია", — ამბობს ბოლონიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი, ბარბარა კავალაზი.
ნამარხთა შემცველი ქვები სამხრეთ აფრიკაში, ბარბერტონის გრინსტოუნის სარტყლიდან იქნა შეგროვებული, სვაზილენდისა და მოზამბიკის საზღვართან ახლოს — ადგილას, სადაც მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად შენახული დანალექი ქვები მოიპოვება.
მოპოვებული დანალექის ანალიზმა მიკრონამარხები აჩვენა, რომელთაც ნახშირბადით მდიდარი გარე საფარი ჰქონდათ ბირთვის გარშემო, რომელიც ქიმიურადაც და სტრუქტურულადაც განსხვავებული გახლდათ — იგი კედელსა თუ მემბრანაში გახვეულ უჯრედული მასალის მქონე მიკროორგანიზმებს აჩვენებდა.
შემდგომმა კვლევამ სიცოცხლისათვის საჭირო ძირითადი ქიმიური ელემენტები გამოავლინა და სხვა დამატებითი მტკიცებულებაც მოიპოვა იმ ჰიპოთეზის გასამყარებლად, რომ მოცემული მიკრონამარხები ერთ დროს მიკრობები იყო: ნიკელის კონცენტრაციები იგივეა დღევანდელ არქეულ პროკარიოტებშიც — მიკრობებში, რომლებიც ნახშირბადის ნაცვლად მეთანს იყენებენ, მათი შორეული წინაპრების მსგავსად.
"მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ არქეული პროკარიოტების განამარხება შესაძლებელია, მაინც ძალიან ცოტა პირდაპირი მაგალითი გვაქვს. ჩვენმა აღმოჩენებმა შესაძლოა არქეულ ნამარხთა ჩანაწერები პირველად გააფართოვოს ერამდე, როდესაც სიცოცხლე პირველად წარმოიშვა დედამიწაზე", — ამბობს კავალაზი.
მეცნიერები კვლავაც აგრძელებენ იმის დადგენას, თუ როგორ წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლე და როგორ იქცა არაორგანული ორგანულად — შესაძლოა მილიარდწლიანი მეხთა ვარდნის ან ჰიდროთერმული სარქველებიდან მავალი ნაკადების შედეგად — მაგრამ ზუსტად მაინც არ ვიცით, რა მოხდა და რა თანმიმდევრიბით.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორი რთულია მილიარდობით წლის წინ მომხდარ მოვლენებზე დაკვირვება, ეს, ალბათ, გასაკვირი არც არის, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლევა გვთავაზობს, რომ მიწისქვეშა ჰიდროთერმული სისტემები შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს სიცოცხლის შექმნაში, როგორც მეცნიერებმა ივარაუდეს აქამდე.
სიცოცხლის არსებობისათვის საჭირო პირობების შესახებ მეტის გაგება და იმ ფაქტორთა ცნობა, რომლის ფარგლებშიც მას ფუნქციონირება შეუძლია, გამოსადეგი იქნება არა მხოლოდ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სათავეთა მიგნების, არამედ მისი სხვა პლანეტებზე ძიების საქმეშიც.
"ვინაიდან მსგავსი გარემოებები მარსზეც აღმოვაჩინეთ, კვლევა ასევე ასტრობიოლოგიასა და დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოვნის შანსებთანაცაა დაკავშირებული", — ამბობს კავალაზი.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Advances.
კომენტარები