ახლად აღმოჩენილი რეგიონი დედამიწის 120 მილიონ წლიან ისტორიას ასახავს
"გაუგონარია დედამიწის ისტორიის ესოდენ დიდი ნაწილის ერთ ადგილას თავმოყრა".
როგორც წესი, წარსულის მიმართ პალეონტოლოგთა ხედვა მომენტალურ კადრთა სერიებისა და დროის იმ მოკლე მონაკვეთებისგან შედგება, როდესაც კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ცხოველებისა თუ მცენარეებისათვის სწორი პირობები იყო გასასამარხებლად. მიუხედავად ამისა, ახლა ცალკეული რეგიონი აღმოაჩინეს, რომელიც სიცოცხლის განვითარების განსაცვიფრებელ 120 მილიონ წელს აჩვენებს. კიდევ უკეთესი ამბავია ის, რომ იგი პალეოზოურ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან, მაგრამ ცუდად შემონახულ ერას მოიცავს. ერთადერთი პრობლემა კი ისაა, რომ ეს საგანძური დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მოიწვდომელ ადგილას მდებარეობს.
Science Advances-ის განცხადებით, მდინარე პილის ნაპირებზე, რომლის შორი ჩრდილოეთიც მაკენზის დელტას უერთდება არქტიკული ზღვისკენ, აღმოაჩინეს ქვები, რომლებიც ოკეანის ფსკერზე 490-370 მილიონობით წლის წინ არსებულ სიცოცხლეს ასახავს.
"გაუგონარია დედამიწის ისტორიის ესოდენ დიდი ნაწილის ერთ ადგილას თავმოყრა. მსოფლიოში სხვაგან არსად მსმენია, რომ დედამიწის ისტორიის ამხელა ჩანაწერის შესწავლა შესძლებოდათ, სადაც თითქმის არაფერია შეცვლილი ისეთ დეტალებში, როგორიც წყლის სიღრმე და აუზის ტიპია", — განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორმა, ერიკ სპერლინგმა.
მაშინაც კი, როცა თავდაპირველად პირობები განამარხებისათვის შესაფერისია, გეოლოგიური პროცესები ჩვეულებრივ ძირს უთხრის იმას, რაც გარეთ რჩება, რის გამოც მხოლოდ ნაწილებად დაშლილი ჩანაწერები გვრჩება.
მდინარე პილის დალექვა გვიან კამბრიულ პერიოდში იწყება, როდესაც ჟანგბადი მეტისმეტად მწირი გახლდათ აქტიური ცხოველური ცხოვრებისათვის და შუა დევონიანში, როდესაც თევზებმა ზღვები აითვისეს. მცირე შეფერხებების გარეშე, პროცესი მთელ ორდოვიციულ და სილურულ ერებს მოიცავს. მომდევნო კვლევამ დიდი ინფორმაცია უნდა მოგვცეს მაშინ იმ ზღვებში მცხოვრები არსებების შესახებ, რომლებიც, ახლანდელისგან განსხვავებით, იმ დროს არქტიკული წრის პირას არ ყოფილან. ასეთი სრული მტკიცებულება შესაძლოა სხვა საბადოების სტანდარტიზაციასა და მათ უფრო ზუსტ დათარიღებაში დაგვეხმაროს.
"ჩვენი ისტორიის ამ უზარმაზარი პერიოდების შედარებისა და ხანგრძლივი ტენდენციების გაგებისათვის უწყვეტი ჩანაწერი გვესაჭიროება", — ამბობს სპერლინგი.
ნაშრომი რეგიონის მიერ ჟანგბადის რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოვლენაზე ფოკუსირდება. ადრეულ დედამიწას ატმოსფეროსა თუ ოკეანეებში ჟანგბადი თითქმის არ იყო, რაც 2.5-2.2 მილიარდობით წლის წინ დიდმა ოქსიგენაციის მოვლენამ შეცვალა, მაგრამ იგი კვლავაც არ ყოფილა საკმარისი დღევანდელი სწრაფი, აქტიური ცხოვრების ხელშესაწყობად. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეორე დიდი ცვლილების დროის აღრიცხვა, როდესაც ჟანგბადის კონცენტრაციები დღევანდელისას მოუახლოვდა, ჯერაც გაურკვეველი საკითხია. იგი შესაძლოა ადრე, 800 მილიონი წლის წინ მოხდა, ანდაც იქნებ ამის ნახევარი დროით უფრო გვიან. ამ კითხვაზე პასუხი სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების ჟანგბადით ღარიბ გარემოში გადარჩენის უნარიანობის შესახებ დიდ ინფორმაციას მოგვცემს.
ნაშრომი ასკვნის, რომ ატმოსფეროს მისი ახლანდელი მდგომარეობისთვის იმაზე გვიან არ მიუღწევია, ვიდრე მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ.
"ადრეული ცხოველები ჟანგბადით ღარიბ მსოფლიოშიც ცხოვრობდნენ", — აცხადებს სპერლინგი.
ფასეული ინფორმაციის მოპოვება მარტივი არ ყოფილა. ადგილი იმდენად მიუწვდომელია, რომ სპერლინგსა და მის კოლეგებს რეგიონზე ვერტმფრენით გადაფრენა და სქელი ქვეტყის მაჩეტეებით გაკვალვა მოუხდათ, ხოლო როდესაც ჩააღწიეს, ფაქტობრივი მასალის ადგილზე შეგროვება მხოლოდ ზამთრის დადგომამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში იყო შესაძლებელი.
კომენტარები