24 საათის განმავლობაში მეხმა ინდოეთში 38 ადამიანი მოკლა
მათ შორის 11 ადამიანი ელვამ "სელფის" გადაღებისას იმსხვერპლა.
Associated Press-ის განცხადებით, უკანასკნელი უქმეების განმავლობაში, მეხმა ინდოეთში მინიმუმ 38 ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მეხის ჩამოვარდნა ინდური ზაფხულებისათვის უცხო არასოდეს ყოფილა, ასეთი სახის დამანგრეველი მოვლენები კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უფრო გახშირდა.
პოლიციის უფროსმა ოფიცერმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 11, ჭექა-ქუხილის დროს, რაჯასტანის დასავლეთ შტატში, ცნობილ ისტორიულ ამბერ ფორტში, სათვალთვალო კოშკურასთან ახლოს "სელფებს" იღებდა. მინიმუმ ცხრით მეტი ადამიანი მოკვდა და დაახლოებით 20 დაზიანდა მეხის დარტყმის დამოუკიდებელი შემთხვევებისას მთლიანად რაჯასტანის შტატში. კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა კვირას, ჩრდილოეთის შტატ უტარ-პრადეშში. დაღუპულთა დიდი ნაწილი ინციდენტისას ფერმაში მუშაობდა.
ზაფხულის წვიმიანი სეზონი ინდოეთში ყოველწლიურად, ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება და ძლიერი ატმოსფერული ნალექებითა და ტენიანობით ხასიათდება. როდესაც ტენიანობის დონე იზრდება და მიწის ზედაპირის ტემპერატურა მაღალია, იდეალური პირობები იქმნება ჭექა-ქუხილისთვის. მაგალითად, კუმულონიმბუსის ღრუბლების სახით.
დედამიწის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა ჰაერის გაცხელებასა და მისი აღმავალი ნაკადის წარმოქმნას იწვევს. სანამ იგი ატმოსფეროში გადის, ცივდება და ღრუბელი იქმნება. საბოლოო ჯამში, სადაც ტემპერატურა ძალიან დაბალია და წყლის ორთქლი ყინულად იქცევა, შესაძლოა ყინულივით ცივი ღრუბელი ჩამოყალიბდეს. ქვემოდან მიმწოლი თბილი ჰაერის ნაკადი ყინულის პატარა კრისტალების ერთმანეთთან ხახუნს იწვევს, რაც ელექტრულ მუხტს წარმოქმნის ღრუბელზე: უარყოფითად იმუხტება ღრუბლის ქვედა, ხოლო დადებითად — ღრუბლის ზედა ნაწილი. როდესაც მუხტები საკმარისად გაიზრდება, ელექტრობის სწრაფი განმუხტვა ხდება და დედამიწისა და სხვა ღრუბლების მიერ მიიზიდება.
ელვა წვიმიანი სეზონის მახასიათებელი ყოველთვის იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ფენომენი ბოლო დროს უფრო ხშირი, ინტენსიური და მომაკვდინებელი გახდა. ინდოეთის კატასტროფათა მართვის ეროვნული ორგანოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც Hindustan Times ირწმუნება, მეხის დაცემამ 2004-დან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაც თითქმის ორჯერ მეტია 1960-იანი წლების ბოლოს დაფიქსირებულ წლიურ სიკვდილიანობაზე.
თანდათანობით აშკარა გახდა, რომ ელვის აქტივობაში ზრდა მსოფლიოს კლიმატურ კრიზისთან მჭიდრო კავშირშია. იგი არა მხოლოდ მაღალ ტემპერატურას იწვევს, არამედ ოკეანეებიდან და ტბებიდან მეტი წყლის აორთქლებასაც უწყობს ხელს, რომელიც ბოლოს დედამიწის ატმოსფეროში აღმოჩნდება. თბილ ატმოსფეროს მეტი ნესტის დატევა შეუძლია, რასაც უფრო მაღალ ტენიანობამდე მივყავართ, ყველაფერი ეს კი ელვისა და ჭექა-ქუხილის მატებისათვის იდეალური პირობებია.
"ზედაპირის ტემპერატურაც და ტენიანობის დონეებიც, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ურბანიზაციისაგან გამოწვეული ტყის საფარის დაკარგვა ასევე იწვევს მიწის ზედაპირის ტემპერატურის ზრდას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადად ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა მეხის დაცემის ფაქტების გახშირება. მეხით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა, შესაძლოა, უკანასკნელ წლებში გარეთ მეტი ხალხის ყოფნასა და ელვის ზემოქმედებისგან დაუცველობასაც გამოეწვია", — განუცხადა Hindustan Times-ს ს.დ პავარმა, ტროპიკული მეტეოროლოგიის ინდური ინსტიტუტის ჭექა-ქუხილის დინამიკათა მიმართულების დირექტორმა.
კომენტარები