ფოტორეპორტაჟი: ღირსების ფესტივალი — თბილისი პრაიდის კვირეული გრძელდება
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 3 ივლისს მეორე ღონისძიება —Tbilisi Pride Fest ჩატარდა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ამჯერადაც სცადეს ხელის შეშლა, თუმცა ისევ უშედეგოდ. პოლიციამ ისინი რკინის ჯებირებით შემოღობა და სტუმრებთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.
ფესტივალზე მისული პირველად სწორედ პოლიციასა და ჰომოფობებს დაინახავდი, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერ სასულიერო პირებს. პოლიციის ჯებირით შემოსაზღვრულ 20-მდე აგრესიულ ადამიანს ჰომოფობიური განცხადებების კეთება შორიდან უწევდა. გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ დროშაც დაწვა, თუმცა უშედეგოდ — ფესტივალი მაინც ჩატარდა, ივლისის მწველი მზე კი ჰომოფობების სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებდა.
რამდენიმე მეტრში ვითარება რადიკალურად განსხვავდებოდა — ლისი ვანდერლენდი ფერადი და მხიარული დაგვხვდა. იქ მყოფებიც ძალიან ფერადები და ბედნიერები იყვნენ. აქ გარეთ მომხდარი უმალ გავიწყდებოდა. ჰომოფობების ხმა ვერ აღწევდა, შესვლამდე მოსმენილ შეძახილებს კი ფესტივალზე არსებული სიყვარული და ერთიანობა ფანტავდა.
ტერიტორიაზე იყო ბარები და საკვები ობიექტები, საგანმანათლებლო და თემატური ვორკშოპები, ქვიარ არტისტების ნამუშევრების გამოფენა, სივრცე ქვიარ თემის მხარდამჭერი სტარტაპებისთვის და ა.შ.
ფესტივალს ასობით ადამიანი ესწრებოდა. ფილმის ჩვენების მსგავსად, ამ ღონისძიებაზეც მივიდნენ დიპლომატები, მათ შორის, ევროკავშირის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ელჩები.
კარლ ჰარცელი ლისი ვანდერლენდს ცოლთან ერთად ესტუმრა და ბარში ლუდიც გასინჯა. ნიდერლანდების ელჩი, მარია ვან კოლდამი და საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი ცისარტყელის დროშებით ხელში ფესტივალის ტერიტორიაზე სეირნობდნენ და დამსწრეებს ესაუბრებოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორებისა და სტუმრების გარდა, ევროკავშირის ელჩი თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძესაც გაესაუბრა. პოლიცია ლისი ვანდერლენდის მთელ პერიმეტრს იცავდა. შიდა ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იყო დაცვაც.
მას შემდეგ, რაც სცენაზე ბენდები ავიდნენ, ტერიტორია კიდევ უფრო გამოცოცხლდა.
დაუკრეს როგორც შედარებით ახალმა შემსრულებლებმა, ასევე, ბევრისთვის უკვე ნაცნობმა ბენდებმა. განსაკუთრებული მოლოდინი Bedford Falls-ის მიმართ იყო, რომელთა გამოჩენესაც ბევრი მოუთმენლად ელოდა. და საღამომ აჩვენა, რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მათ მსმენელი სცენიდან აღარ უშვებდა. ჯგუფმა შეასრულა როგორც ახალი, ასევე, ძველი სიმღერები და იქ მყოფებისთვის პირველად დაუკრა ახალი კომპოზიცია — IDAHO.
თბილისი პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადეს მებო ნუცუბიძემ და მისმა ბენდმაც. თუ The Rylans-ის მუსიკას არ იცნობთ, რეკომენდაციას ვუწევთ. თუმცა არანაკლებ მოგეწონებათ ფესტივალზე გამომსვლელი სხვა მუსიკოსები: Moku T, Simple, Melqo, 4D Monster Lobsters, L9, Sophie Phare, Obri B2B Elene, Tsolkmari.
მწველი მზის, ალბათ, ემოციებისა და დაღლამდე ცეკვის გამო ძალიან ცხელოდა. თუმცა ორგანიზატორებმა გაგრილებაზეც იზრუნეს და "საწუწაო აპარატებით" ხალხი მოამარაგეს. წუწაობით დაცვით თანამშრომლებიც კარგად გაერთნენ.
მთელი დღის განმავლობაში ხალხი ბედნიერებას ასხივებდა, ერთმანეთს პრაიდის კვირეულის დაწყებას ულოცავდა და ამხნევებდა.
ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე მუსიკა გვიან ღამემდე უკრავდა. კულმინაცია კი დრეგ ქვინების შოუ გახდა, რომელიც მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო.
"ძალიან დიდი მადლობა, რადგან რაც დღეს ხდება, ეს არის პრაიდი", — თქვა პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა.
ფესტივალმა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩაიარა. შემოსასვლელ კართან შეკრებილი ჰომოფობები ნელ-ნელა დაიშალნენ და ღამის 12 საათისთვის იქ სულ რამდენიმეღა იდგა. ამიტომაც სახლში წასვლაც შეუფარხებლად შეიძლებოდა როგორც ტაქსით, ასევე სპეციალური მიკროავტობუსით, რომელიც ტერიტორიაზე პოლიციამ მიიყვანა.
წინ 5 ივლისია, ღირსების მარში. ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა დააანონსეს, ეკლესიამ კი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაც დაგეგმა. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მშვიდობიანი მარშის ჩაშლას და მოქალაქეების ჯანმრთელობას დაიცავს.
კომენტარები