კამბოჯაში იშვიათი მყეფარი ირემი დააფიქსირეს
გიგანტური მუნჯაკი, რომელიც ყეფს.
რაოდენ დიდ გაურკვევლობასთანაც არ უნდა ასოცირდებოდეს სახეობისათვის მისთვის არადამახასიათებელი ვოკალური გამოხატულების მიწერა, სიახლე სწორედაც რომ მყეფარ ირემს ეხება.
გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი გიგანტური მყეფარი ირემი კამბოჯაში პირველად, სახელმწიფოს მიერ ცოცხალი ბუნების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაფიქსირდა.
მისივე გრძელი რქებით განთქმული გიგანტური მუნჯაკი ფარულმა კამერამ აპრილში, კამბოჯას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვირაჩეის ეროვნულ პარკში, რანატაკირის პროვინციაში (Virachey National Park in Ratanakiri province) დააფიქსირა, რაზეც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნეთ ფიქტრამ ისაუბრა.
ირმის ყეფას ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ მოუსმინოთ:
აღსანიშნავია, რომ კამბოჯას ხელისუფლების მიერ სახეობის აღმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ, ფირზე თვეების განმავლობაში ასახული მასალის დათვალიერების შემდგომ გახდა შესაძლებელი. ეს ტყე კამბოჯასთვის, დიდი ხნის განმავლობაში, ხის არალეგალური ექსპლუატაციის კერას წარმოადგენდა.
"მოვლენა კამბოჯასთვის და მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე ამაღელვებელი სიახლეა, ვინაიდან ასეთი იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობა კამბოჯაში იქნა აღმოჩენილი. ეს სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსების დასაცავად გაღებული ძალისხმევის დადებითი გამოძახილია", — აღნიშნა კამბოჯას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნეთ ფიქტრამ.
სახეობა პირველად 1994 წელს იქნა აღმოჩენილი ვიეტნამისა და ლაოსის მოსაზღვრე ტყეებში.
სახეობას Muntiacus vuquangensis ეწოდება და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სახეობა.
1998 წლის სამოქალაქო ომის დასრულების დროიდან მოყოლებული, ტყის არაკანონიერი ჩეხვა კამბოჯაში საშიშროების უდიდეს წყაროდ რჩება, საფრთხეში მყოფი ტყის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე.
ვირაჩეის ეროვნული პარკისათვის 2000-იანი წლების დასაწყისში ტყის მოსპობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ დღესდღეობით სიტუაცია თანდათანობით უმჯობესდება.
კომენტარები