რატომ მელოტდებიან ადამიანები — ახალი აღმოჩენა განსხვავებულ პასუხს გვთავაზობს
როგორც New York Times იუწყება, მკვლევრების ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა დაბერების შესახებ და მეტიც, სიმელოტეც კი აგვაცილოს თავიდან.
დაბერებული ცხოველების ბეწვის შესწავლით გუნდმა შეძლო გამოევლინა ორი გენი, რომლებიც თმის დაბერების პროცესში არიან ჩართულნი. ეს გენები შესაძლოა მომავალში თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების შექმნისთვის გამოიყენონ.
აქამდე მეცნიერებს სჯეროდათ, რომ უჯრედების გამოფიტვის პროცესის შედეგად მზარდი თმის ფოლიკულების ღეროვანი უჯრედები დროთა განმავლობაში კვდებოდნენ, რაც იწვევდა ჯერ თმის გაჭაღარავებას, საბოლოოდ კი, ღეროვანი უჯრედების სიკვდილის შემდეგ, მის ცვენას.
მაგრამ, თაგვებში ინდივიდუალურ თმის ღერებზე დაკვირვებისას გუნდმა, რომელსაც ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პათოლოგიის პროფესორი რუი ი ხელმძღვანელობდა, აღმოაჩინა, რომ ეს თეორია შესაძლოა არასწორი ყოფილიყო.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიკვდილის ნაცვლად ღეროვანი უჯრედები ფორმას იცვლიან და თმის ფოლიკულების პატარა ღრმულებში ძვრებიან. სხვა სიტყვებით, ისინი ნებდებიან და გარბიან.
"მე თვითონ რომ არ დამენახა, ამას არ დავიჯერებდი", — განუცხადა იმ New York Times-ს.
იმ და მისმა გუნდმა ამ პროცესის განმსაზღვრელი გენეტიკური პროცესები შეისწავლეს და ორი გენი — FOXC1 და NFATC1 გამოავლინეს, რომლებიც თმის ფოლიკულებში ღეროვანი უჯრედების შეკავებაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს გენები თმის დაბერებასთან ერთად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან.
ამ თეორიის დასამტკიცებლად გუნდმა თაგვები აღნიშნული ორი გენის გარეშე გაზარდა. დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ მათ თვის ცვენა დაეწყოთ. 16 თვის შემდეგ, როდესაც მათ შუა ხნის ასაკს მიაღწიეს, თმის უმეტესი ნაწილი უკვე დაკარგული ჰქონდათ.
ახლა მეცნიერები იმას იკვლევენ, შესაძლებელია თუ არა ღეროვანი უჯრედების შენარჩუნება ამ თაგვების თმის ფოლიკულებში. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ეს კვლევა ყველაფერს შეცვლის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თმის ცვენა აწუხებთ.
კომენტარები