შეიმუშავეს ინოვაციური უსადენო კარდიოსტიმულატორი, რომელიც რამდენიმე კვირაში სხეულში იხსნება
კარდიოსტიმულატორები დიდი ინოვაციაა და მილიონობით ადამიანს ეხმარება მთელს მსოფლიოში. კარდიოსტიმულატორებმა შექმნის დღიდან გრძელი გზა გამოიარეს. დროსთან ერთად ისინი ზომაში დაპატარავდნენ, უფრო პრაქტიკულები გახდნენ და მათი ბატარეები უკვე ათწლეულების განმავლობაში ძლებს.
ახლა ამ სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უკაბელო კარდიოსტიმულატორი, რომელსაც არ სჭირდება ბატარეები და იხსნება სხეულში რამდენიმე კვირის შემდეგ.
ხშირად ადამიანებს კარდიოსტიმულატორები ხანგრძლივი დროით სჭირდებათ, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს კარდიოსტიმულატორი მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაჭიროება.
"ზოგჯერ პაციენტებს კარდიოსტიმულატორები მხოლოდ დროებით სჭირდებათ. ეს შესაძლოა გულის ღია ქირურგიის, ინფარქტის ან წამლის ჭარბი დოზირების დროს მოხდეს. პაციენტის გულის სტაბილიზაციის შემდეგ, კარდიოსტიმულატორი ამოსაღები ხდება. მკურნალობის ამჟამინდელი სტანდარტი გულისხმობს მავთულის მქონე კარდიოსტიმულატორის ორგანიზმში მოთავსებას, რომელიც რჩება სამიდან შვიდი დღის განმავლობაში. ამით შესაძლოა ორგანიზმში ინფექცია შეიჭრას, ან სხვა გართულებები მოჰყვეს", — ამბობენ მკვლევრები, რომლებმაც ინოვაციური კარდიოსტიმულატორი შეიმუშავეს.
მოწყობილობა შედგება ძირითადად ბუნებრივი ელემენტებისგან, როგორიცაა მაგნიუმი და სილიციუმი. ამ მასალით დამზადებული მოწყობილობის დატენვა კი უკაბელოდაც შესაძლებელია, დაახლოებით ისე, როგორც სმარტფონების შემთხვევაში. და რაც მთავარია, რამდენიმე კვირის შემდეგ, კარდიოსტიმულატორი იშლება სხეულში და არ ტოვებს მავნე ქიმიკატების კვალს.
მკვლევრებმა მოწყობილობა თაგვებზე, ვირთხებზე, კურდღლებზე, ძაღლებზე და ადამიანის გულის მოდელებზე გამოსცადეს. მოწყობილობის სისქე და გამძლეობა შესაძლებელია მოერგოს იმ პერიოდს და ხანგრძლივობას, რომელიც პაციენტს დასჭირდება.
ამ ინოვაციური მოწყობილობის დამზადება დაახლოებით 100 დოლარი ჯდება და მას მომავალში მკაცრი მარეგულირებელი პროცესების გავლა მოუწევს. უკვე ამის შემდეგ, ის პაციენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას მრავალი დიაგნოსტიკური და თერაპიული გარდამავალი მოწყობილობა, რაც თერაპიის და დაავადებების პროგრესირების მონიტორინგისთვის იქნება", — ამბობენ შემქმნელები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები