რას შეძლებდი, ვაქცინაციის შემდეგ, ბლუთუზს მართლა რომ იჭერდე
Bluetooth-ს თითქმის ყველგან ვხვდებით. ის დიდი ხანია ჩვენი მობილურების განუყოფელი ნაწილია და ნელ-ნელა სულ უფრო მეტ მოწყობილობაში იმკვიდრებს თავს. Bluetooth უამრავ საშუალებას იძლევა, მისი მეშვეობით შეგვიძლია მუსიკის მოსმენა, კონსოლებთან ჯოისტიკების დაკავშირება, ინტერნეტის გაზიარებაც კი და რაღა თქმა უნდა, დიდი ზომის ფაილების გადაგზავნა.
ბლუთუზი პირველად გასული საუკუნის დასასრულს ვიხილეთ და ის ყოველწლიურად უფრო სასარგებლო ხდება. ის 1994 წელს, Ericsson-ის მიერ შეიქმნა და მე-10 საუკუნეში, დანიისა და ნორვეგიის გამაერთიანებელი ვიკინგი მეფის სახელი დაერქვა. იმ დროისთვის ბლუთუზს 1960 წელს დადგენილი RS-232 სატელეკომუნიკაციო კაბალების სტანდარტი უნდა ჩაენაცვლებინა და ამისთვის მას მოკლე, მაღალი სიხშირის რადიოტალღები უნდა გამოეყენებინა, რომელთა სიხშირეც 2,4 და 2,485 გიგაჰერცი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიხშირეები Wi-Fi-ს სიხშირეებს თითქმის ემთხვევა, ბლუთუზი ბევრად უფრო მოკლე მანძილზე მუშაობს.
კორონავირუსის გავრცელებასთან და პირველი ვაქცინების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა ახალი კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ვაქცინებით ჩვენს დაჩიპვას აპირებენ. როგორც ჩანს, ადამიანთა ნაწილს სჯერა, რომ "დაჩიპვის" დაუოკებელი სურვილი დედამიწის უხილავ მმართველებს აქვთ. ასეთი ამბები უკვე წლებია გვესმის, მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ, იგივენაირ კონსპირაციებზე დაყრდნობით, ადამიანები 5G ინტერნეტის გადამცემ ანტენებს წვავდნენ.
ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და 5G-ს აქამდე ჯერ არ მოუღწევია, თუმცა კორონავირუსის ვაქცინების მიღება მაინც შევძელით და აქ გავრცელებული კონსპირაციებიდან აქტუალურობა მხოლოდ ამ უკანასსკნელს შემორჩა. მეტიც, ერთ-ერთი სასულიერო პირის მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანები ბლუთუზს უკავშირდებიან.
რეალურად, ეს შეუძლებელია, ბლუთუზის ადამიანში შეყვანას არანაირი აზრი არ აქვს, ამით ვერც ვერავის გააკონტროლებენ და ვერც რამე სხვა სარგებელი გვექნება. აი, Neuralink-ის ტვინის იმპლანტები კი ნამდვილად დამაიმედებლად გამოყურება, თუმცა ეს სხვა საკითხია.
ვაქცინა სითხეა და მასში ბლუთუზის მოდულს ვერავინ მოათავსებს, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.
და მაინც, რას გააკეთებდით თქვენ, ბლუთუზს მართლა რომ იჭერდეთ?
ფოტო: Dribbble
ალბათ, პირველ რიგში თქვენს მობილურს დაუკავშირდებოდით, თუმცა, მაინც, რას გააკეთებდით თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. შესაძლოა მუსიკის პირდაპირ ტვინით მოსმენა გინდოდეთ, ან სულაც მეხსიერების სმარტფონში ატვირთვა. ეს ყველაფერი კიბერპანკს ჰგავს, ძალიან შორეული მომავალია და ასეთი რამის შესაძლებლობა თუ ოდესმე გვექნება, ბლუთუზი ამასთან შუაში მაინც ვერ იქნება.
ბლუთუზს მართლა რომ იჭერდეთ, სავარაუდოდ, თქვენი მანქანების დისტანციურად დაქოქვასაც შეძლებდით, ეს თანამედროვე მანქანებს ისედაც შეუძლიათ, თუმცა, ბლუთუზი ძველ მანქანებსაც აქვთ და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.
ფოტო: Google
ბლუთუზს მართლა რომ უკავშირდებოდეთ, კიდევ ერთი პლიუსი სახლის ბლუთუზ მოწყობილობების კონტროლი იქნებოდა, წარმოიდგინეთ, ოთახში ზიხართ, ადგომა გეზარებათ, არადა დინამიკის ჩართვა გსურთ — ჩაშენებული ბლუთუზი ამ შემთხვევაში ნამდვილად დაგეხმარებოდათ.
ბლუთუზის სხეულში ჩაშენებას შეიძლება კიდევ ერთი დადებით მხარე ვუპოვოთ, 2021 წელია და უსადენო მოწყობილობებს ყველგან ვხვდებით. ერთ-ერთი ასეთი ნივთი შესაძლოა პრინტერი იყოს. წარმოიდგინეთ, თქვენ ფიქრობთ, თქვენი ნააზრევი კი პირდაპირ პრინტერიდან, ტექსტური სახით გამოდის. ეს ნამდვილად ყველას გამოგვადგებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბლუთუზის გარდა ამ ფუნქციისთვის ტვინის იმპლანტიც დაგვჭირდებოდა (კი, ჩვენი აზრების წასაკითხად). თუმცა, ეს შესაძლებლობა რეალურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ გვექნება.
ხუმრობა, რომ გვერდზე გადავდოთ, ბლუთუზის მოდული ზომაში არც ისე მცირეა და ის დაახლოებით ასე გამოიყურება.
ფოტო: Qualcomm
ეს Qualcomm-ის დამზადებული ბლუთუზ მოდულია, რომელიც სმარტფონისთვისაა შექმნილი და ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჩიპია, მისი ზომა სულ რაღაც 12 მილიმეტრი 12 მილიმეტრზეა. თუმცა, ალბათ მიხვდებოდით, რომ ამხელა რაღაცას ვერც ნემსში ვერანაირად მოათავსებ და მით უმეტეს, ერთი პატარა ნაჩხვლეტით ადამიანი სხეულში ვერ შეუშვებ. გარდა ამისა, ბლუთუზს კვება სჭირდება, ადამიანებს კი ჯერ ელემენტები არ გვაქვს და არც დენზე პირდაპირ შეერთება შეგვიძლია.
მითები იმის შესახებ, რომ ვაქცინებით ჩვენ სხეულში 5G ან Bluetooth მიმღებები შეჰყავთ, ყველანაირ საღ აზრს მოკლებულია. იმისათვის, რომ ვიღაცებმა ადამიანის კონტროლი შეძლონ, ამხელა ძალისხმევა საჭირო საერთოდ არ არის. თუ თქვენ მობილურს იყენებთ, გახსოვდეთ — ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი ადგილმდებარეობა დადგინდეს და თუ საქმეში ჰაკერებიც ჩაერთვებიან, მეტი ინფორმაციის გაგებასაც შეძლებენ.
თუმცა, ამან არ შეგაშინოთ, კიბერუსაფრთხოების შენარჩუნება რთული არ არის, მთავარია რამდენიმე მარტივ პრინციპს მუდამ იცავდეთ.
ასევე იხილეთ: როგორ მტკიცდება, რომ კორონავირუსის ვაქცინები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის
კომენტარები