ახალი აპლიკაცია ადამიანის მეტყველებას დააკვირდება და დეპრესიას გამოავლენს — კვლევა
მსოფლიოში 264 მილიონ ადამიანზე მეტს დეპრესია აწუხებს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ დეპრესია აქვს და მკურნალობა ესაჭიროება. ზოგ შემთხვევაში, ამის საკუთარ თავთან აღიარებაც არ ხდება. სწორედ ამიტომ, დეპრესიის უფრო მარტივად დასადგენად მეცნიერები სხვდასხვა ინოვაციურ მეთოდებს ამუშავებენ.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც გუშინ, 8 ივნისს გამოქვეყნდა, მეტყველების ინვერსიის სისტემა, სპეციალური პროგრამით აანალიზებს აკუსტიკურ სიგნალებს (ბგერებს). მკვლევარების თქმით, დეპრესია ჩვენი საუბრის მანერაზეც ისახება და მათი აზრით, მეტყველების კოორდინაციის ეს ანალიზი დეპრესიას მარტივად გამოავლენს.
მეცნიერები ამბობენ, რომ დეპრესია შენელებული მეტყველებასთან არის კავშირში
ეპი ვილსონი, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეტყველების კოორდინაცია ღრმა დეპრესიასთან ერთად იცვლება და მისი დაფიქსირება ჭკვიანი მოწყობილობებით შეგვიძლია.
"დეპრესიას თან ახლავს ფსიქომოტორული შენელება. შედეგად, დეპრესიის მქონე ადამიანი საუბრისას ისე სწრაფად ვეღარ ფიქრობს და საუბრის სიჩქარე ნელდება. შესაბამისად, ასეთი ადამიანები უფრო გრძელი პაუზებით საუბრობენ," — ამბობს ეპი ვილსონი.
დეპრესიის აღმომჩენი სისტემა აპლიკაციის სახით იქნება
მანქანური დასწავლის ტექნიკის გამოყენებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის კლასიფიკაციის ღრმა სწავლის მოდელის მონაცემების უზრუნველსაყოფად, კვლევის მიზანია ამ ტექნოლოგიური დეპრესიის დეტექტორის სმარტფონის აპლიკაციად ჩამოყალიბება. ეს სპეციალისტებს ფსიქიკური აშლილობის და დეპრესიის დადგენას გაუადვილებს.
"ამ აპლიკაციას ფსიქიატრი პაციენტს მისცემს, რითაც ადამიანს საკუთარი შედეგებისთვის დაკვირვება შეეძლება. ასე დეპრესიის გაკონტროლება ბევრად მარტივი იქნება", — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, მსგავსი აპლიკაციების ჩაშვებამდე ბევრი ეთიკური და პრინციპული საკითხი იქნება დასაზუსტებელი. პირველ რიგში კი ის, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ სპეციალისტების მეთვალყურების ქვეშ უნდა მოხდეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები