მეცნიერებმა მკერდის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიყენეს და ის ეფექტიანია
მეცნიერები ამბობენ, რომ მკერდის კიბოს მკურნალობის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. საუბარია ქიმიოთერაპიის შემდეგ, მიზნობრივი კიბოს წამლის გამოყენებაზე, რომელიც Olaparib-ის სახელით არის ცნობილი.
კვლევა, რომელიც ოლაპარიბის გამოყენებას ადრეულ ეტაპზე შეისწავლიდა, მიუთითებს, რომ მკურნალობა ქიმიოთერაპიის შემდეგ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მომავალში დაავადების პრევენციის, ისე მისი გავრცელების მხრივ.
კვლევის ფარგლებში 1836 პაციენტის ნაწილს წამალი დაენიშნა, დანარჩენს კი პლაცებო. შედეგებმა აჩვენა, რომ მათ ვინც წამალს იყენებდა, კიბოს დაბრუნების შანსი 42%-ით შეუმცირდა.
კვლევის ფარგლებში 2.5 წლის შემდგომი მეთვალყურეობის შედეგად, პაციენტების 85.9% კიბოსგან ბოლომდე თავისუფალი იყო. რაც შეეხება პლაცებოს, იგივე შედეგები მხოლოდ 77%-ში დაფიქსირდა.
ამავდროულად, Olaparib-ის მკურნალობის მეთოდით მეტასტაზების გავრცელების შემთხვევაშიც 87.5% კიბოსგან გათავისუფლდა.
კვლევა ჩატარდა მთელი რიგი პარტნიორების მიერ, მათ შორის ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის (ICR) მონაწილეობით. შედეგები გამოქვეყნდა The New England Journal of Medicine-ში.
ICR-მა განმარტა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი მეთოდი გახდეს უფრო ფართოდ გამოყენებული მკურნალობის ვარიანტი. ეს ადამიანებს მკერდის კიბოს განმეორებისგან დაიცავს.
მეცნიერების თქმით, წამალს ძალიან მცირე გვერდითი ეფექტები აქვს. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი მკერდის კიბოს მკურნალობის მხრივ ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს შეგვიძლია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ექსპერტების აზრით, ეს მკერდის კიბოთი დაავადებული უამრავი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები