გოთიკური ლიტერატურა ჩვენში ხშირად შიშსა და შფოთვას აღძრავს. ქვემოთ მოცემულ სტატიაში მწერალი და კრიტიკოსი ჰეპზიბა ანდერსონი ამ ჟანრის ძველი და ახალი ნიმუშების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

"ჩვენ გოთიკურ დროებაში ვცხოვრობთ", გამოაცხადა ინგლისელმა რომანისტმა ანჯელა კარტერმა 1974 წელს. იგივე პათოსი გაიზიარა ესპანელმა მწერალმა კარლოს რუის საფონმაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 2010-ში: "ჩვენი დროება პირქუში გულით ნუარის, გოთიკისა და ბაროკოს შესაფერისია". არცერთი არ ცდებოდა. გოთიკა ყოველთვის იყო ლაბირინთისმაგვარ საგვარეულო სახლებში გამოკეტილ, ვიქტორიანულ ღამის პერანგებში გამოწყობილ გმირებზე მეტი. ზებუნებრიობის პარალელურად, გოთიკა ძალაუფლების დინამიკასა და საზღვრებს იკვლევს და წესრიგის რღვევასა და დუალიზმს შეისწავლის.

1970-იანმა წლებმა — ნავთობის კრიზისის, უოტერგეიტის სკანდალისა და თვითმფრინავების გატაცების აღზევების ეპოქამ მკითხველებს ზემოთ ხსენებული თემებისადმი ინტერესი გაუღვივა. თუმცა, საშინელებათა ამბებისა და დიდი ძვრების თვალსაზრისით, 70-იანები 21-ე საუკუნის დასაწყისმა დაჯაბნა. სწორედ ამ დროს მოხდა 11 სექტემბრის ტრაგედია, დაიწყო გლობალური ფინანსური კრიზისი და გაძლიერდა კლიმატური აპოკალიფსის შიში. მას შემდეგ მსოფლიოში სულ უფრო მეტად იგრძნობა უიმედო განწყობა, გოთიკური მოტივები კი კორონავირუსის ეპოქაში განსაკუთრებით მკაფიოა. კლაუსტროფობია, იზოლაცია, წარსულის სამუდამოდ განქარვების შიში... განა, კოვიდის ეპოქას არ ჰგავს?

გოთიკის განმარტება რთული საქმეა. ერთი კრიტიკოსის აზრით, ის შეგრძნება უფროა, ვიდრე ჟანრი.

ფოტო: Alamy

გოთიკური ლიტერატურა სწორედ იმდენი ხნისაა, რამდენისაც შელოცვები და ბოროტი პერსონაჟები. მას სათავე ორ საუკუნე-ნახევრის წინ, ინდუსტრიული რევოლუციით გამოწვეული მწვავე ცვლილებების პერიოდის დიდ ბრიტანეთში ჩაეყარა. ჟანრი დასავლურ კულტურაში დამკვიდრდა და ყველაზე თამამ ნარატივებს მისცა გასაქანი. როგორც სტივენ კინგმა თქვა, "საშინელებათა ისტორიებს ნამდვილ საშინელებებთან გასამკლავებლად ვიგონებთ". ბოლო დროს გოთიკური სტილის ლიტერატურა ძალიან პოპულარულია და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა პანდემიამდეა დაწერილი, მათ თემატიკასა და სიმბოლიკას დღეს განსაკუთრებით შემზარავი სიცხადით აღვიქვამთ.

თქვენ შეგიძლიათ ფიბი უეინის რომანში Madam (ქალბატონი) იდუმალებით მოცულ ქალთა პანსიონატს ეწვიოთ, The Heiress-ში (მემკვიდრე) მოლი გრილეის მიერ წარმოსახულ სიამაყე და ცრურწმენის პერსონაჟის, ენ დე ბოს ცხოვრებას გაეცნოთ, ეი ჯეი უესტის სადებიუტო წიგნში The Spirit Engineer (ინჟინრის სული) კი ინჟინრისა და მედიუმის ნამდვილი ამბავი წაიკითხოთ. ეი ჯეი ელვუდის The Cottingley Cuckoo (კოტინგლის გუგული) სოფელ კოტინგლში ფერიების ფოტოსურათების მისტიფიკაციის ამბავს ეფუძნება და წარსულისა და აწმყოს შერწყმაზე მოგვითხრობს; ლიზი ფრაის The Coven-ში (ალქაჯთა კრება) კი ისეთი სამყაროა აღწერილი, სადაც მაგია რეალურია და აშშ-ის დემაგოგი პრეზიდენტი ჯადოქრებზე ნადირობს.

თუკი უფრო წინააპოკალიფსურ განწყობაზე ხართ, სუ რეინფორდის Redder Days (მეწამული დღეები) წაიკითხეთ, რომელიც მიტოვებულ კომუნაში მცხოვრებ ტყუპებზე გვიყვება. თუ საშინელებათა ჟანრის ამბავი გსურთ, კატრიონა ვარდის The Last House on Needless Street-ს (უსარგებლო ქუჩის უკანასკნელი სახლი) გირჩევთ: მასში დაკარგული ბავშვისა და შურისმაძიებელი ქალის ისტორიას გაეცნობით. The Deception of Harriet Fleet-ში (ჰარიეტ ფლიტის ხრიკი) ჰელენ სკარლეტს ვიქტორიანულ ნარატივში ფემინისტური მოტივები შეაქვს. კარენ ქოულის The Asylum (თავშესაფარი) ერთი ოჯახის ისტორიის მაგალითზე ფსიქიკური ჯანმრთელობის არასათანადო მკურნალობის შედეგებს გვაჩვენებს; Mrs England-ის (მისის ინგლისი) სიუჟეტი კი ედვარდიანული ეპოქის დასავლეთ იორკშირში მცხოვრები უზომოდ მარტოსული სტეისი ჰოლის განცდებზე გვიყვება.

თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად ჩნდება გოთიკური სტილის ახალი წიგნები.

ფოტო: Sphere/ Macmillan/ HarperCollins

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა წიგნს მათი გამომცემლები გოთიკურს უწოდებენ. ეს ტერმინი მოქნილი და საკმაოდ ჭკვიანურია. გოთიკური შეიძლება დავუძახოთ როგორც კრიმინალურ და თრილერის ჟანრს, აგრეთვე რომანებს, ფენტეზის, ისტორიულ თავგადასავლებსა და სამეცნიერო ფანტასტიკას. გოთიკური არა მხოლოდ წიგნი და მოთხრობა, არამედ კინო, მოდა, ვიდეოთამაშები და მუსიკაც შეიძლება იყოს. ამიტომაცაა, რომ ისეთი ლიტერატურული ქვეჟანრები, როგორებიცაა სამხრეთული გოთიკა და გოთიკური რომანტიკა, ერთმანეთს შეერწყა და გოთიკად განზოგადდა, რაც დღეს ხშირად "ბნელის" სინონიმია.

ალბათ, გოთიკის რაობის განსაზღვრაზე მარტივი იმის თქმაა, თუ რა არ არის გოთიკური. მაგალითად, გოთიკა სულაც არ არის საშინელებათა ჟანრი, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ინტუიციურია, ვიდრე — ფსიქოლოგიური. თუმცა, გოთიკა ძალიან მარტივად ადაპტირდება, რაც მის ჩარჩოებში მოქცევას ართულებს. "გოთიკა სულაც არაა ჟანრი", განაცხადა მწერალმა სარა პერიმ 2018 წელს The Paris Review-თან ინტერვიუში. "ის უფრო შეგრძნებას ჰგავს — შიმშილს, ან ძლიერ სურვილს. ძალიანაც რომ გინდოდეს, აღწერო, სანამ არ შეიგრძნობ, ვერ მიხვდები, როგორია ის". ალბათ, მკითხველთა უმეტესობა ბოლო სიტყვებს დაეთანხმებოდა. ეს მართლაც საოცარი შეგრძნება სისულელისა და შემზარაობის მღელვარებასთან, ჟრუანტელთან, მომხიბვლელობასა და მოულოდნელობასთან შერწყმას წააგავს. ჟანრია, მეთოდი, თუ შეგრძნება, გოთიკას მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. თუკი ისტორიას ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ გოთიკის, ერთი შეხედვით, ყველაზე თანამედროვე მახასიათებლები ჟანრის დასაბამიდანვე იღებს სათავეს, თუმცა კვლავაც უწინდელი უნივერსალურობით გამოირჩევა.

ჯეინ ოსტინის "ნორთენგერის სააბატოს" ხშირად "გოთიკის პაროდიას" უწოდებენ.

ფოტო: Alamy

გოთიკურად თავდაპირველად არქიტექტურას აღწერდნენ და ამას დადებით კონტექსტში სულაც არ ამბობდნენ. რენესანსის პერიოდში იტალიელების მიერ შექმნილი ეს ტერმინი შუა საუკუნეების ესთეტიკას აღწერდა, რომელსაც ბარბაროსულად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ იმ გოთური ტომების ხასიათს ატარებდა, რომლებმაც ქრისტიანული ეპოქის ადრეულ საუკუნეებში რომის იმპერიის კლასიკური ხელოვნება გაანადგურეს. ლიტერატურის ჟანრში ამ ტერმინის გამოყენება ჰორას უოლპოლის თხელტანიან უჩვეულო რომანს ოტრანტოს ციხესიმაგრე უკავშირდება, რომელშიც ციხე ბოროტი ზრახვებისთვის ცოცხლდება.

რომანი 1764 წელს გამოქვეყნდა ქვესათაურით, "გოთიკური ამბავი". იმ დროში ეს სიტყვა ჯერაც ბარბაროსულის სინონიმად ითვლებოდა და შუა საუკუნეებისეულ ხელოვნების სტილსაც აღნიშნავდა. წიგნის მთარგმნელის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ ეს ამბავი, რომელიც ძველ ბიბლიოთეკაში იპოვეს, იტალიურ ენაზე 1529 წელს გამოქვეყნდა, თუმცა 3-4 საუკუნით უფრო ადრინდელი პერიოდითაა დათარიღებული. ეს ცნობილი ხრიკია და მიუხედავად იმისა, რომ გოთიკური ამბები ხშირად შიშს გვგვრის, მათ შესახებ ყველაფრის ცოდნა გოთიკისთვის დამახასიათებელი საერთო ხიბლის განუყოფელი ნაწილია. თუნდაც, ჯეინ ოსტინის ნორთენგერის სააბატო გავიხსენოთ, რომელშიც ადრეული გოთიკის წარმომადგენლით, ენ რედკლიფით შეპყრობილი მთავარი გმირი მთელ ნაწარმოებში მუდამ ჟანრის სხვადასხვა ნიშანს აწყდება.

გოთიკური ოინბაზობა

"ნორთენგერის სააბატო იმის კარგი მტკიცებულებაა, რომ გოთიკური ნაწარმოებების მკითხველები ათწლეულებით ადრე ამჩნევდნენ ამ ჟანრის გამორჩეულობას, სანამ შემდგომში გოთიკის უფრო გულახდილი, ნაკლებად სატირული ნიმუშები შეიქმნებოდა, რომლებსაც დღეს ჟანრის კლასიკად მივიჩნევთ“, ამბობს მწერალი ემილი დანფორთი. მისი ახალი წიგნი, Plain Bad Heroines, რომელიც "საფოსეულ გოთიკურ ოინბაზობადაა" მონათლული, ერთდროულად ადიდებს და მასხრად იგდებს გოთიკის ჟანრს. ვინაიდან წიგნის სიუჟეტში ორი ამბავია მოთხრობილი და ისინი სხვადასხვა დროში ხდება, დანფორთმა ისეთი გოთიკური დეტალები გამოიყენა, როგორებიცაა ძველისძველი ციხე-დარბაზები, შემაძრწუნებელი კოშკები, დაწყევლილი ნივთები და დამთრგუნველი, ნისლიანი ხედები. "ვიცი, რომ მკითხველები არა მხოლოდ ამოიცნობენ ამ წიგნის ტროპებს და მათში ორასწლიან ლიტერატურულ მნიშვნელობებს დაინახავენ, არამედ ეს სიმბოლოები ნაცნობი და მშობლიური იქნება რომანის სხვა მხრივ საკმაოდ ქაოსურ, ჩახლართულ სიუჟეტში. ვფიქრობ, გოთიკის ჟანრის მუდმივი გავლენა და ბოლოდროინდელი პოპულარობაც უკავშირდება ჩვენს მოთხოვნილებას, ნაცნობი ისტორიების მომნუსხველ საბურველში გავეხვეთ და ამ ერთდროულად ახლობელ და შემზარავ დეტალებს მივენდოთ“.

გოთიკური ლიტერატურა ზომიერ მელოდრამატულობასთან ერთად პოტენციალითაა სავსე. ამ ჟანრის ნარატივები მძაფრად შეგვაგრძნობინებს ამბებს, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია, ვინაიდან ისინი რეალობაზე უცნაური ძალით იმარჯვებენ და აუტანელ შფოთვას გვგვრიან, მაშინაც კი, როცა ვცდილობთ, რაციონალურები ვიყოთ. აჩრდილებით სავსე სახლების მეშვეობით გოთიკა ყოველდღიურობას ეპატრონება, ამოუცნობის გამოყენებით კი თავს ისე გვაგრძნობინებს, თითქოს ოდესღაც ნაცნობი საფრთხეები ისევ გვიბრუნდება. 1919 წლის ცნობილ ესეში, ამოუცნობი ზიგმუნდ ფროიდი წერს: "შიშის ის ტიპი, რომელიც რაღაც ძველთან, დიდი ხნის ნაცნობთან გვაბრუნებს". სწორედ ამ ბუნდოვნად გამკრთალი საფრთხეების მეშვეობით, გოთიკა გვიბირებს და შიშების გამოგონებას გვაიძულებს.

გოთიკის ჟანრის დიდოსტატის, ამერიკელი მწერლის ედგარ ალან პოს 1848 წლის ფოტოსურათი.

ფოტო: Getty Images

კინომცოდნე და მანჩესტერის გოთიკის კვლევების ცენტრის დამფუძნებელი, დოქტორი სორჩა ნი ფლაინი ზემოთ აღწერილ ფენომენს ასე ხსნის: "სიბნელეში რაღაცისთვის თვალის მოკვრა რატომღაც უფრო საშიში გვეჩვენება, ვიდრე ნაჯახით შეიარაღებული ადამიანის დანახვა. ამოუცნობის შიში ყოველთვის უფრო შემაშფოთებელი გრძნობაა". მისთვის ბრემ სტოკერის დრაკულა გოთიკის ჟანრის საუკეთესო ტექსტია. "დრაკულა იმით გამოირჩევა, რომ წიგნის მთავარი გმირი მოუხელთებელია და იშვიათად ჩნდება".

გოთიკა ფსიქოლოგიით დატვირთული ყალიბია. ედგარ ალან პოს მსგავსი ავტორების ხელში, მისი მახასიათებლები შიშის ბუნებისა და სხვა მენტალური მდგომარეობების კვლევის იარაღად იქცევა ხოლმე. მწერალი სარა ჰილარი სტუდენტობისას სწორედ გოთიკის ფსიქოლოგიურმა ასპექტებმა მოხიბლა: "გოთიკა ჩემთვის არასდროს ყოფილა მაქმანიანი ვუალები, ძველი სახლები, კუბოები ან საფლავების მძარცველები. წაკითხული წიგნები იმაზე მომითხრობდნენ, როგორ სასტიკად ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს და იმაზე, თუ რად გვიჯდება პატივმოყვარეობა, სიხარბე და ვნება".

როგორც რომანისტი, სარა ჰილარი ტროპებს წინასწარ განზრახული მიზნის მისაღწევად იყენებს. მისი ახალი ფსიქოლოგიური თრილერი Fragile (მყიფე) დაფნა დიუ მორიეს რომანის რებეკა მოტივებს ეყრდნობა. წიგნი ლონდონში მდებარე სახლის აღწერით იწყება, რომელიც შემზარაობით იზოლირებულ მონასტრებსა და უღრან ტყეებს არ ჩამოუვარდება. სახლს ხვეული კიბე აქვს და მიტოვებული საგნების მუზეუმისეული სუნი იგრძნობა. თითქოს, სახლში ყველაფერი მთხრობლის ნაბიჯებთან ერთად ირხევა. თუმცა, წიგნში ავტორი არა ზებუნებრივ, არამედ ფსიქოლოგიურ ძალებზე მოგვითხრობს.

"ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარეები ვართ და რეალობაში ყველაფრის ახსნას ვერ ვპოულობთ, განსაკუთრებით კი დღევანდელობაში. ამიტომაც, ბნელ კუნჭულებში ვეძებთ პასუხებს და იმედი გვაქვს, რომ არ შეგვეშინდება", ამბობს სარა ჰილარი. სანამ გოთიკას უფრო ისტორიულ ჟანრს მივაკუთვნებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ წარსულთან ერთად ამ ჟანრის მთავარი ტექსტები იმდროინდელი აწმყოთი და ტექნოლოგიებითაა სავსე. თუნდაც ფრანკენშტაინი გავიხსენოთ. მასში ხომ საბეჭდი მანქანები, ხმის ჩამწერი მოწყობილობები და, რაც მთავარია, დოქტორის "გაცოცხლების ელექტროქიმიური ტექნიკები" გვხვდება. ამანდა კრეიგმა კი სწორედ გოთიკური ელემენტების მეშვეობით დაურთო საზოგადოების კრიტიკა თავის წიგნს The Golden Rule (ოქროს წესი), რომელსაც კორნუოლური ფონი და რომანტიკული სიუჟეტი სხვა მხრივ ესკაპისტურ ნაწარმოებად წარმოაჩენდა.

არასტაბილური იდენტობა და ტრანსგრესიული ქცევები გოთიკურ ჟანრში ხშირად გვხვდება.

ფოტო: Alamy

"ვფიქრობ, გოთიკა ფუნდამენტურად დუალისტურია", ამბობს კრეიგი. "კლასიკურ ნაწარმოებებში, მაგალითად, დრაკულა, ქალი თეთრებში და ა.შ, ყოველთვის გვხვდება ერთმანეთის საპირისპირო ორი პერსონაჟი". სწორედ ამ დუალიზმის მეშვეობით წარმოაჩინა კრეიგმა სიმდიდრე და სიღარიბე, შეძლებული და უპოვარი კლასები. მისი აზრით, გოთიკა სწორედ დუალისტური ბუნების გამო გახდა ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული. "ჩემი თეორიით, გოთიკა თანამედროვეობას აირეკლავს, ასახავს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, გონიერებასა და უგუნურებას, სიმართლესა და ყალბ სიახლეებს. თითქოს, მთელი სამყარო გაორებულია", — ამბობს ავტორი.

მეთიუ ლუისის წიგნიდან The Monk (ბერი) უცნობი ლტოლვიდან დაწყებული, The Strange Case of Dr Jekyll and Mr Hyde-ის (დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი) იდენტობის შემზარავი არასტაბილურობით დამთავრებული, გოთიკური ლიტერატურა ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალურობითა და ტრანსგრესიულობით. მისი ანარქისტული ბუნება არასდროს ერიდებოდა სიმართლის გამოაშკარავებას, რასაც სხვა ჟანრები ხშირად გვერდს უვლიან. მე-18 საუკუნის ეს ჟანრი, მე-19 და მე-20 საუკუნეშიც კვლავინდებურად წარმატებული გამოდგა. ამ ჟანრმა ისეთი თანამედროვე კლასიკოსების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორებიც მერვინ პიაკი, შირლი ჯექსონი და, რაღა თქმა უნდა, ანჯელა კარტერი არიან.

ედგარ ალან პოს ლექსების კრებულის ილუსტრაციაზე საავდრო ღრუბლის ფონზე დემონური ფიგურა მოჩანს.

ფოტო: Getty Images

ათწლეულების შემდეგ, რაც კარტერმა თავის დროებას "გოთიკური" უწოდა, გოთიკური კულტურა ახალგაზრდობის ერთ-ერთ მთავარ ნიშად ჩამოყალიბდა, მთელ მსოფლიოს მოედო და თინეიჯერებზე დიდი გავლენა მოახდინა. ამასობაში, გოთიკური ლიტერატურა კვლავაც ვითარდება, საკუთარ უჩარჩოო ბუნებას 21-ე საუკუნის პოსტადამიანურ მომავალს არგებს და ახალ საკითხავ ტექნოლოგიებს იყენებს. მაგალითისთვის, CreativeXR, ხელოვნების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამჟამად ახალ, ისეთ იდეებს ეძებენ, რომლებიც გოთიკური სტილის თხრობას, მოძრავ წიგნებსა და 3D ტექნოლოგიებს გააერთიანებს.

როგორც გოთიკა გვამცნობს, წარსულის ნიშნები ხშირად მომავალს მოასწავებს. შეიძლება, დღეს გოთიკის მწვერვალზე ვიმყოფებით, თუმცა არაა გამორიცხული, მისი ჟრუანტელისმომგვრელი სიამეები, დაძაბულობა, მისი ნუგეში და პროვოკაცია მომავლის გზის გაკვლევაში უფრო დაგვეხმაროს.