აფხაზეთში არალეგალურად მომუშავე გიდების პრობლემაზე საუბრობენ
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
ტურისტული სეზონი აფხაზეთში რუსი დამსვენებლების ხარჯზე ყალიბდება, მაგრამ რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე თავად ცხოვრობს აფხაზეთის ხარჯზე და იქ ექსკურსიებს უკანონოდ ატარებს. ადგილობრივი მოსახლეობაც ამავე მაგალითს მისდევს. ორივე კატეგორიის გიდების პასუხისგებაში მიცემის მცდელობები კი ჯერჯერობით წარუმატებელია.
ალექსანდრე (სახელი შეცვლილია) უკვე 10 წელია სამთო ტურიზმითაა დაკავებული. გახსნილი აქვს ტურისტული კომპანია, თუმცა ოფიციალურად რეგისტრირებული არაა. თავად ალექსანდრე მოსკოველია, მაგრამ ძირითად დროს აფხაზეთში ატარებს. კლიენტები მას ვებ-გვერდისა და სოციალურ ქსელ ინსტაგრამის მეშვეობით პოულობენ, ხოლო ტურის საფასურს ბანკში რუსულ ანგარიშზე ურიცხავენ.
ალექსანდრეს კომპანიაში მომუშავე გიდები ტურისტებს რუსეთის საზღვართან ხვდებიან და მთებში მიჰყავთ. კომპანიის მფლობელს ძირითადად უცხოელები ჰყავს დასაქმებული.
"ადგილობრივებს შორის განათლებული და ინტელიგენტი ადამიანები სხვა სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო სამთო გიდებად კი ისინი იწყებენ მუშაობას, ვინც სხვა არაფრისთვის არ გამოდგება", — მიიჩნევს ის.
სერტიფიცირებული და არალეგალები
აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, ადამიანი, რომელსაც არ აქვს ადგილობრივი მოქალაქეობა და მსგავსი ტურისტული მოგზაურობების ორგანიზებითაა დაკავებული, ალექსანდრეს მსგავსად, არალეგალ გიდად ითვლება.
ადგილობრივმა ტურიზმის სამინისტრომ OC Media-სთან განაცხადა, რომ სერტიფიკატის მისაღებად ატესტაციის გავლა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია. დანარჩენები კი, ვინც არალეგალურად მუშაობენ, 1 800 რუსული რუბლით დაჯარიმდებიან, რაც 24 დოლარია.
შედარებისთვის, ექსკურსიების დაჯავშნის სერვის Tripster-ის თანახმად, 19-ადგილიანი ავტობუსით სოჭიდან გადმოსულებისთვის ერთდღიანი ტურის საფასური 1 200-დან 1 350 რუსულ რუბლამდე ($16-18) მერყეობს. რაც შეეხება ინდივიდუალურ ექსკურსიებს ავტომობილით, მათი ღირებულება საშუალოდ11 ათას რუსულ რუბლს ($146) შეადგენს. 2019 წელს აფხაზეთს კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებიდან ერთდღიანი ექსკურსიით 517 ათასი ტურისტი ეწვია, რაც მთელი წლის ტურისტული ნაკადის ნახევარზე მეტს შეადგენდა.
უწყების სარეესტრო მონაცემების თანახმად, აფხაზეთში პირველი კატეგორიის 153 სერტიფიცირებული ტურისტული გიდი მუშაობს. მათ ადგილობრივი მოქალაქეობა აქვთ და ატესტაცია ტურიზმის სამინისტროში აქვთ გავლილი. საიტზე ნათქვამია, რომ არსებობს ანალოგიური რეესტრი, რომელიც მეორე კატეგორიის გიდებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ შესაბამისი ბმული ისევ პირველი კატეგორიის გიდების სიას წარმოგვიდგენს.
ქრისტინა სტეპანოვა უკვე 15 წელია გიდად მუშაობს. მისი თქმით, ლიცენზიები საჭიროა იმისთვის, რომ სპეციალისტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ექსკურსიების ჩატარების უფლება ჰქონდეს. ყველა გიდი ვალდებულია, ექსკურსიის დროს ატაროს სამკერდე ნიშანი, რომელიც მას ატესტაციის შემდეგ გადაეცემა. ამ ბეიჯებს ამოწმებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ტურიზმის სამინისტრო არალეგალი გიდების აღმოსაჩენად რეიდებს ატარებს. სტეპანოვა ამბობს, რომ სხვა პლუსები ლიცენზიას არ აქვს.
გადასახადებს თავად არ იხდიან — ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელმაც გიდი დაიქირავა. ტურისტული საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, სერტიფიცირებულ გიდს არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად, ტურისტული ფირმის გარეშე, დაიწყოს მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არალეგალ გიდად ჩაითვლება, უთხრეს OC Media-ს ტურიზმის სამინისტროში.
ადგილობრივი არალეგალი გიდის, ლევანის თქმით, აფხაზეთში ბევრი არალეგალი გიდია, რომელთაც მუშაობის ოფიციალური უფლება არ აქვთ. აფხაზეთის გიდების კავშირის თავმჯდომარე, დმიტრი გაბლია ამბობს, რომ ტურისტები შემოსავლის სტაბილურ წყაროს წარმოადგენენ, რადგან ერთ გიდს შეუძლია, ოჯახი მთელი წლის განმავლობაში გამოკვებოს იმ ფულით, რომელსაც ერთ სეზონში შოულობს.
ლევანს ტურისები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით დაჰყავს. მისი თქმით, საკუთარი ტრანსპორტით ერთ სეზონში 700 000 რუბლის (დაახლოებით $9 320) შოვნაა შესაძლებელი.
'იმ შემთხვევაში, თუ კარგი ჯიპით მგზავრობ — მე, მაგალითად, ტოიოტა ჰაი ლუქსი მყავს — შესაძლოა, ძვირადღირებულ ექსკურსიებზე ატარო ტურისტები: ანჩხოსა და კუნ იაშთას უღელტეხილებზე, მაღალმთიან სოფელ ფსხუში. გზაში მწყემსებისგან ყველს, თაფლს, ღვინოსა და ჭაჭას ყიდულობენ, ხოლო მე ამ შემოსავლისგან პროცენტს ვიღებ", — გვიყვება ლევანი.
ახალგაზრდა კაცი გიდის ან ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მიღებას არ ჩქარობს.
"გადასახადების გადახდას არ ვაპირებ. რისთვის უნდა გადავიხადო? გზებს არ აკეთებენ, ადეკვატურ კრედიტებს არ იძლევიან, ხოლო ავტომობილის "პროფილაქტიკაში" მისვლისას ნახევარ შემოსავალს იქ ვტოვებ", — განმარტავს გიდი.
მძღოლები რუსეთიდან
აფხაზეთის ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა მიიჩნევს, რომ არალეგალი გიდების წინააღმდეგ საბრძოლველად რეიდების ჩატარებაა საჭირო, მაგრამ მანამდე არაკანონიერი ტურისტული საქმიანობისთვის არსებული ჯარიმები უნდა გაიზარდოს.
თუმცა, საკმაოდ რთულია იმის დამტკიცება, რომ ადამიანი არალეგალურს გიდად მუშაობს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ აფხაზეთში დამოუკიდებელი ტურიზმი დაშვებულია, მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. გარდა ამისა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძღოლებს დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ მგზავრების გადაყვანა.
"ჩვენთან A-დან B-წერტილამდე ნებისმიერს შეუძლია ადამიანების გადაყვანა. ამიტომ საჭიროა მათი [არალეგალი გიდების] ადგილზე დაჭერა. მინისტრის ორმა მოადგილემ შეასრულა ე.წ. საკონტროლო შესყიდვა, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ როდესაც გიდები ჯგუფს აკომპლექტებენ სოჭში წასასვლელად, სანამ ექსკურსია მიჰყავთ, ისე ამზადებენ ტურისტებს, რომ დათქმული ადგილისთვის უკვე არა მხოლოდ სახელი იციან გიდის, არამედ ყველაფერს იგებენ მისი სანათესაოს შესახებ", — ამბობს ხიშბა.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მძღოლები ვალდებულები არიან, მგზავრები გიდების გარეშე გადაიყვანონ, თუმცა ამავდროულად, აქვთ კომუნიკაციისა და მგზავრებთან საუბრის უფლება, განუმარტეს OC Media-ს ტურიზმის სამინისტროში. გიდები ამ წესით სარგებლობენ — დამსვენებლებს ეცნობიან, როგორც ტურისტები, რის გამოც უწყება მიიჩნევს, რომ გიდები ტურისტულ საქმიანობას არაკანონიერად ეწევიან.
"ეს ხელსაყრელია როგორც მათთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, რადგან ექსკურსიები შედარებით იაფი ღირს", — ასე განმარტავს ხიშბა არაოფიციალური ექსკურსიების პოპულარობას.
"იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრები ეუბნებოდნენ მილიციას, რომ ექსკურსია უკანონოა, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ პროტოკოლებს ვაფორმებდით და სასამართლო მათ ჯარიმებს აკისრებდა. თუმცა დასაჯარიმებელი აღარავინ იყო, რადგან ის ადამიანი ტოვებდა აფხაზეთის ტერიტორიას და ბრუნდებოდა სახლში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", — თქვა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ასტანდა ჟიბამ.
რუსეთის მოქალაქე, გიდი და დაურეგისტრირებელი ტურისტული კომპანიის მფლობელი, ალექსანდრე მაღალჩინოსნის ამ აზრს არ ეთანხმება
"მათ ჰგონიათ, რომ არალეგალები პოტენციურ შემოსავალს ართმევენ, მაგრამ ასე არაა. "კრასნაია პალიანადან" თითქმის ყველა გიდის სპეციალიზაცია აფხაზეთია და იმისთვის, რომ მათ აქ ხალხი ჩამოჰყვათ, ვინც ფულს ხარჯავს, მადლობა უნდა უთხრან".
"დღეში მინიმუმ ორჯერ ადგილობრივ კაფეებში იკვებებიან, ყიდულობენ ღვინოს, ჭაჭას, თაფლს და სხვა სუვენირებს. შესაძლოა, ისინი არ იხდიან გადასახადებს, მაგრამ ზუსტად ასევე იქცევიან ადგილობრივებიც. სამაგიეროდ, მათ ჩამოჰყვათ ტურისტები, ხოლო ეს "ცოცხალი" ფულია ბაზრის ყველა წევრისთვის"
ისტორიული კონტექსტი
კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც სერტიფიცირებულ გიდებს არალეგალებთან აქვთ, თავად ექსკურსიის შინაარსია. არაპროფესიონალი გიდები ტურისტებს აფხაზეთზე წარმოდგენას უფუჭებენ, როდესაც "არარეალურ ისტორიებს უყვებიან", მიიჩნევს გიდი ქრისტინა სტეპანოვა.
"ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის ახსნა, რატომ არის ზოგი შენობა დაუსრულებელი, ხოლო ზოგი მიტოვებული. უბრალოდ მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ, რომ "აი, ასეთი ხალხი ვართ". არ ამბობენ, რომ 1993-დან 2008 წლის ჩათვლით "ჩემოდნებზე ვცხოვრობდით" და არ ვიცოდით, ხვალ ისევ იქნება ომი თუ არა. არადა ყველაფერი ამის გამოა", — მიიჩნევს სტეპანოვა.
"არც ერთი ჩამოსული გიდი არ შეეცდება, ჩვენს ნაკლს შესაბამისი განმარტება მოუძებნოს ისე, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ", — ამბობს ისტორიკოსი ბელა ჯინჯოლია.
"ჩვენ გვიწევს იმის განმარტება, თუ საიდანაა გაჩენილი სტიქიური ნაგავსაყრელები. ჩვენ ვუხსნით ტურისტებს, რომ უბრალოდ ომი კი არ გადავიტანეთ, არამედ ბლოკადაც. განვმარტავთ იმასაც, რომ საკმაოდ შეზღუდულ ეკონომიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ და იმას, თუ რა უშლის ხელს აფხაზეთს, რომ იყოს ლამაზი სურათი სარეკლამო ბროშურაში".
ბელა ჯინჯოლიამ გიდად მუშაობა ომის შემდეგ მალევე დაიწყო (13-თვიანი ომი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო). მისი თქმით, მაშინ გიდებმა შეძლეს და დაამსხვრიეს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ცხელი წერტილია, ხოლო დღეს საკუთარ ამოცანას არსებული ვითარების გარშემო შექმნილ უზუსტობებთან ბრძოლაში ხედავენ.
ეს საკმაოდ რთულია, რადგან არალეგალი გიდები ტურისტებს ხშირად სთავაზობენ განმარტებებს, რომელიც შორს არის სიმართლისგან, ამბობს გიდების კავშირის თავმჯდომარე, დმიტრი გაბლია.
დაურეგისტრირებელი ტურისტული კომპანიის მფლობელი, ალექსანდრე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას შეუძლია, გამოსცეს საინფორმაციო ბროშურა ფაქტებითა და ადგილობრივი ღირსშესანიშაობების შესახებ სწორი ინფორმაციით, რომელსაც დაურიგებდნენ ტურისტებს და გიდებს აღარ ექნებოდათ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალება.
"ადგილობრივი გიდები იგონებენ ტოპონიმებს, რომლებიც სპეციალისტებსა და ხალხს შორის რჩება და ფეხს იკიდებს. მაგალითად, ლეგალურ ტუროპერატორებს შორის ცნობილია "7 ტბა", მაგრამ არანაირი შვიდი ტბა არ არსებობს. [ისინი გულისხმობენ] აგურას ტბებს, რომელიც არა 7, არამედ გაცილებით მეტია. არ არსებობს უღელტეხილი პივი, არის მინდორი სახელწოდებით — პივ, ხოლო უღელტეხილს ჰქვია ჩხი. ჩვენ, "არალეგალები", აფხაზეთის ნამდვილ ისტორიას ვყვებით მაშინ, როდესაც ადგილობრივი ტაქსისტები სასაცილო ლეგენდებს თხზავენ", — ამბობს ალექსანდრე.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები