1959 წლის იანვარში ტეხასის ქალაქ ლოლიტას 600 მოსახლე იდენტობის კრიზისში აღმოჩნდა. ქალაქს სახელი 1909 წელს, ტეხასელი პატრიოტის შვილიშვილის, ლოლიტა რისის საპატივცემულოდ დაერქვა. თუმცა 1958-ში ამერიკაში ვლადიმერ ნაბოკოვის რომანის, ლოლიტას გამოცემის შემდეგ მისმა სახელწოდებამ სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

"ამ ქალაქის მცხოვრებლები ღვთისმოშიშები და რელიგიურები ვართ და ჩვენ აღგვაშფოთებს ის, რომ მისი სახელი ბინძურ, სექსის სცენებით სავსე წიგნს დაუკავშირდა, რომელიც მოზარდ გოგოსთან შუა ხნის კაცის სასიყვარულო ურთიერთობის საძაგელ ამბავს აღწერს", — ასე ეწერა ადგილობრივი პირველი ბაპტისტური ეკლესიის დიაკვნის, რ. ტ. უოლკერის მიერ შედგენილ პეტიციაში. ღვთისმსახური იმედოვნებდა, რომ პეტიციით ქალაქის სახელის შეცვლას შეძლებდა და მას ლოლიტას ნაცვლად ჯექსონი დაერქმეოდა. საბოლოოდ, ლოლიტას პატივმოყვარე მოქალაქეებმა დამშვიდება და ქარიშხლის ჩადგომისთვის ლოდინი გადაწყვიტეს: როგორც ტეხასელმა ისტორიკოსმა, ფრედ ტარპლიმ თქვა, "ლოლიტა ჩაცხრა იმის იმედით, რომ რომანი და ფილმი, რომელიც უნდა გამოსულიყო, მალე მიავიწყდებოდათ".

ქალაქის მოსახლეები მწარედ შეცდნენ, თუმცა მათ ამის გამო ვერაფრით დავადანაშაულებთ. 1959 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რას უმზადებდა მომავალი ლოლიტას: შემდგომ ათწლეულებში ნაბოკოვის რომანის მიხედვით გადაიღეს ორი ფილმი, მუსიკალური ადაპტაციები, დადგეს ბალეტები, თეატრები, რუსული ოპერა, დაიწერა სპინ-ოფ რომანები, შეიქმნა მოდის უცნაური სუბკულტურები და მრავალფეროვანი ნივთები კიტჩური თუ ვულგარული სუვენირების სახით — გულის ფორმის მზის სათვალეებიდან დაწყებული, ანატომიური სიზუსტით შექმნილი სექს-თოჯინებით დამთავრებული. გეტსბის გარდა, ალბათ, მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ვერცერთმა პერსონაჟმა ვერ მოახერხა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე იმხელა ზემოქმედების მოხდენა, რამხელაც ლოლიტამ შეძლო. ამ საკულტო პერსონაჟის სახელმა ენაშიც კი დაიმკვიდრა თავი და არსებით სახელად იქცა, რომელიც მერიამ-უებსტერის ლექსიკონში განმარტებულია როგორც "ნაადრევად მაცდური გოგო".

ფოტო: Penguin Books

ამის გარდა, პოპ-მუსიკის სუპერვარსკვლავები, — ბრიტინი სპირსის, მაილი საირუსის, ქეითი პერისა და ლანა დელ რეის მეთაურობით, — კარიერის საწყის ეტაპებზე ყველანი ლოლიტები იყვნენ. თავიანთ ნამუშევრებში საწუწნი კანფეტების, რბილი სათამაშო ცხოველებისა და მოსწავლე გოგოს უნიფორმების გამოყენებით ისინი ლოლიტას კულტის მიმდევრებად ითვლებიან. ამ პერსონაჟის დებიუტიდან 60 წელში ლოლიტამ თავისი პირველადი, ტექსტისეული მნიშვნელობა შეიცვალა და არქეტიპად, ახალგაზრდული სასურველობის ხატად იქცა — ლოლიტა დასავლური პოპ-კულტურის რჩეული გახდა.

და მაინც, ტეხასის ლოლიტას მცხოვრებლები რაღაც მხრივ მართლები იყვნენ. ჩვენ ნამდვილად დავივიწყეთ ლოლიტა. ყოველ შემთხვევაში, დავივიწყეთ პატარა, ცალწინდა გოგო, "უბრალოდ ლო, ხუთი ფუტი სიმაღლისა"; გოგო, რომლის დაკარგული ბავშვობა, სასტიკი გამოცდილება და წამება ფარულ ფონად გაჰყვება მითს, რომელმაც შემდგომში ასობით მუსიკალური ვიდეოკლიპის შექმნა განაპირობა.

ბოლო 60 წლის განმავლობაში ლოლიტას გამოცემა, შეფასებები და მისი უამრავი კულტურული გადამღერება ქმნიან ამბავს იმაზე, თუ როგორ გახდა გაუპატიურების 12 წლის მსხვერპლი, დოლორესი, მაცდური ქალური სექსუალობის არქეტიპი: ეს არის ამბავი, თუ როგორ იქცა გოგო არსებით სახელად.

ლოლიტა პირველად პარიზში, 1955 წელს გამოიცა. ცნობილია, რომ წიგნის გამოსაქვეყნებლად ნაბოკოვმა ბედი რამდენიმე მსხვილ ამერიკულ გამომცემლობასთან სცადა. თუმცა ნაწარმოებს ბევრი უფრთხოდა. მაგალითად, Viking-ის რედაქტორს, პასკალ კოვიჩის სწამდა, რომ ამ წიგნის გამოცემა მასაც და მწერალსაც ციხეში ამოაყოფინებდა თავს. ამგვარად, ნაბოკოვის შედევრი — წიგნი, რომელიც ჟურნალმა Time-მა 100 უდიდეს რომანს შორის დაასახელა, ხოლო Modern Library-მ საუკუნის მეოთხე საუკეთესო რომანად მოიხსენია — პირველად ფრანგმა გამომცემლობა Olympia-მ გამოუშვა.

როგორც ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი, ლოლიტა პირველ პირში მოთხრობილი ისტორიაა, რომელშიც 38 წლის კაცი 12 წლის გოგოსადმი თავისი ეროტიკული ინტერესის შესახებ ჰყვება. ჰუმბერტ ჰუმბერტი ამტკიცებს, რომ რიგითი პედოფილი არ არის: მას იზიდავს არა ბავშვები, არამედ ნიმფეტები — არამიწიერი არსებები, რომლებსაც გამოარჩევთ "ზღაპრული, უჩვეულო გრაციის, უჩინარი, ცვალებადი, სულისწამღები, შემპარავი ხიბლის არსებობა". ჰუმბერტი თავის ამ სურვილს იმის აღნიშვნით ამართლებს, რომ არასრულწლოვნებთან სექსის "თითქოსდა ბუნებრივი" აკრძალვა სინამდვილეში უბრალოდ დროებითი და არბიტრარული კულტურული კონსტრუქციაა. "დანტეს გაგიჟებით შეუყვარდა თავისი ბეატრიჩე, როდესაც გოგონა ცხრა წლისა შესრულდა", — ამბობს ჰუმბერტი, — "როდესაც პეტრარკას გაგიჟებით შეუყვარდა თავისი ლაურინა, ის თორმეტი წლის ქერათმიანი ნიმფეტი იყო".

ლოლიტას 1962 წლის ეკრანიზაციისთვის შექმნილ პოსტერზე ფრაზა, "საერთოდ როგორ გადაიღეს ლოლიტაზე ფილმი?", ეწერა.

ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer

შემთხვევითი არაა, რომ ჰუმბერტის პირველი ნიმფეტური აკვიატება ანაბელ ლი იყო, რომლის სახელიც გადაძახილია ედგარ ალან პოს იმავე სახელწოდების ლექსთან. აღსანიშნავია, რომ პომ თავის 13 წლის მამიდაშვილზე, ვირჯინია კლემზე იქორწინა. თავად ლოლიტას პერსონაჟი კი ერთგვარი პროტოტიპია ლილიტა მაკმურეისა, რომელიც 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და იმისთვის, რომ მისის ჩარლი ჩაპლინი გამხდარიყო, მექსიკის საზღვრის სასწრაფოდ გადაკვეთა მოუწია.

ჰუმბერტის სოლიფსისტური მტკიცების მიუხედავად, რომ სინამდვილეში გოგომ თავად შეაცდინა იგი, ლოლიტას როლი რომანის უდიდეს ნაწილში მთხრობლის სექსუალური საჭიროებების დამაკმაყოფილებელ ტყვედ ყოფნაა. ჰუმბერტი გერის გაუპატიურებისა და ძალადობის სცენებს ემოციური ზედაპირულობით და ქედმაღლურად აღწერს: თურმე როგორი უხერხულია საბრალო ჰუმბერტისთვის, რომ მოულოდნელად ლოლიტა "უგულო ალერსის" საზღაურად თანხის მიღებას ელის. თუმცა რამდენიმე ადგილას ჰუმბერტის ენას ბაროკოული თხრობის სტილი შორდება და მკითხველს წამიერად ეძლევა საშუალება, ნამდვილი ლოლიტა — ახალგაზრდა, სუსტი და მსხვრევადი გოგო — დაინახოს. სწორედ ამ მომენტებიდან გვამახსოვრდება ლოლიტას ქვითინი "ყოველ, ყოველ ღამეს, როგორც კი თავს მოვიმძინარებდი ხოლმე".

თხრობის პარალელურად მკითხველის სიძულვილი მთხრობლის მიმართ სულ უფრო იზრდება. თუმცა, ამასთან, ძლიერდება ჰუმბერტის აკვიატებული ვნებაც ლოლიტასადმი და ნელ-ნელა სიყვარულის შარავანდედსაც კი ირგებს. ჰუმბერტი ჩვენგან პატიებას არც ელის და არც ითხოვს: რომანის ბოლო გვერდებზე ის წერს, რომ საკუთარ თავს გაუპატიურების ბრალდებით 35 წელს მიუსჯიდა. თუმცა, ამის მიუხედავად, თხრობის მოქნილი სტილის წყალობით, რომლითაც ის ლოლიტას მიმართ თავის სიყვარულს იხსენებს, ზოგიერთ მკითხველს უჩნდება კითხვა, ხომ არ შეძლო მან მორალური აპოთეოზის მიღწევა? ნამდვილია ჰუმბერტის სიყვარული? და ასე რომც იყოს, მნიშვნელოვნად შეცვლიდა თუ არა ეს რომანის მორალურ გააზრებას?

ზოგი მკითხველისთვის მიუღებელი იქნება ლაიონელ ტრილინგის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, "ჩვენ ბუნებრივად მიდრეკილები ვართ, რომ უფრო შემწყნარებლები ვიყოთ იმ მოძალადის მიმართ, რომელიც, საბოლოოდ, თავისი მსხვერპლისადმი უკვდავ ერთგულებას იგრძნობს". და მათ აზრს ვერც ჰუმბერტისა და ლოლიტას უკანასკნელი სცენა შეაცვლევინებს. ბოლო შეხვედრისას ლოლიტა უკვე აღარ არის ნიმფეტი, ის ფეხმძიმე და დაქორწინებულია, "საბოლოოდ დამჭკნარი ჩვიდმეტი წლის ასაკში". ჰუმბერტი ამბობს: "მე კი ვუცქერდი, და ცქერით ვერ ვძღებოდი, და ვიცოდი, ისევე მტკიცედ, როგორც ის, რომ მოვკვდები: ლოლიტა ყველაფერზე მეტად მიყვარდა, რაც კი მინახავს, ან წარმომიდგენია ამქვეყნად, ან რის ნახვასაც ვიმედოვნებდი საიქიოში".

სტენლი კუბრიკის ადაპტაციის პრობლემატიკა

სიუ ლაიონი კუბრიკის ფილმში, ლოლიტა (1962).

ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer

ლოლიტას სტენლი კუბრიკის მიერ 1962 წელს გადაღებული ეკრანიზაციის არსებობა თავიდანვე განსახილველ თემად იქცა. "საერთოდ როგორ გადაიღეს ლოლიტაზე ფილმი?" — ეს ფრაზა თავად ფილმის პოსტერზე იყო დატანილი. როგორც ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, ამ კითხვაზე პასუხი ისაა, რომ მათ, სინამდვილეში, ნაბოკოვის რომანის ეკრანიზაცია არც გადაუღიათ. კუბრიკის ლოლიტას სიტკომური ადაპტაცია სწორედ ის შემთხვევაა, რასაც კულტურის კრიტიკოსმა, დუაით მაკდონალდმა "შუა-კულტი" უწოდა: ფილმი რომანს მაქსიმალურად წმენდს, მასობრივი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ხელმისაწვდომს ხდის და ამის შემდეგ მაყურებელს "მხატვრული გამოცდილების" მიღებას ულოცავს. კუბრიკის ვერსიის დამცველები არგუმენტად ჰოლივუდში ჰეისის კოდის მიხედვით დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს იშველიებენ. მაგრამ კუბრიკის ლოლიტას პრობლემა სულაც არ არის ის სექსუალური ქვეტექსტი, რომელიც კინოს შემქმნელმა გამოტოვა — პრობლემა ის სექსუალური ქვეტექსტია, რომელიც მან დაამატა.

ნაბოკოვი არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნიმფეტში არაფერია კონვენციურად ლამაზი. რომანის ლოლიტა "ბიჭური", თავხედი გოგოა. ჰუმბერტი მის "მაიმუნისებრ სიმკვირცხლეზე" მიუთითებს; ის ყოველთვის აღნიშნავს, როცა ლოლიტა ცხვირს მოიქექავს ან საცვალს გაისწორებს. კუბრიკი კი ამ პერსონაჟს 1950-იან წლებში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტებზე მორგებულ მოდელად აქცევს. ლოლიტას ფილმში პირველი გამოჩენა ასეთია: კადრში ის საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი და ერთ ხელზე წამოწეული წევს. პოზა და განათება ისეა შერჩეული, რომ სპეციალურად წარმოაჩენს პერსონაჟის ქალურ, ამოზნექილ თეძოებს და იდეალურ, გლუვ, გრძელ ფეხებს. მაყურებლის მზერას მისი ვნებიანი გამოხედვა ხვდება. რა თქმა უნდა, ნაბოკოვის ჰუმბერტს ლოლიტაში არა გოგოს ადრეულად მომწიფებული, სექსუალური სხეული, არამედ მისი ბავშვური ნაკვთები და ხასიათი იზიდავს.

მაგრამ მთავარი პრობლემა ესეც არ არის: რომანი არასდროს გვაძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რომ ჰუმბერტის სურვილებს მიღმა, ლოლიტას ნდომაში რაღაც ცხოველური და ამაზრზენი იმალება. კუბრიკის ფილმის მიხედვით კი მაყურებელმა ჰუმბერტთან უნდა მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. და ესეც კი არ იქნებოდა პრობლემური, კუბრიკს, ამასთან, ლოლიტასთვისაც წლები რომ არ მიემატებინა და ქალური მიმზიდველობა არ მიენიჭებინა. ასე კი მან გოგოს თოვლივით თეთრი, ახალგაზრუდლი სხეულის გამოყენებით უსაფრთხო წარმოსახვითი სივრცე შექმნა ჩვენი ეროტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ჯეიმს მეისონი და სიუ ლაიონი კუბრიკის ფილმში, ლოლიტა (1962).

ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer

საბოლოოდ, იმ ფაქტს, რომ კუბრიკმა თავის ადაპტაციაში ტექსტისეული გზავნილები აშკარად და რადიკალურად შეცვალა, დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭა, რადგან ამ ფილმმა გაცილებით თვალშისაცემ შედეგს მიაღწია: მან მსოფლიოს ლოლიტას სახე წარუდგინა. ფილმის პოსტერმა ამერიკას ლოლიტას პერსონაჟის იმდენად დასამახსოვრებელი და მარტივად ამოსაცნობი მახასიათებლები შესთავაზა, რომ ამ ვიზუალმა ინსტაგრამის ეპოქაშიც კი განაგრძო არსებობა. პოსტერზე ლოლიტას სახეა გამოსახული, მას გულის ფორმის მზის სათვალე უკეთია, მბზინავი საწუწნი კანფეტი კი წითელპომადიან ტუჩებს შორის აქვს მოქცეული — ამ სურათის ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ ტვინში სამუდამოდ ჩაგებეჭდოს.

სწორედ ასე დავკარგეთ სამუდამოდ ნამდვილი, ტექსტისეული ლოლიტა.

პოპკულტურისეული ლოლიტა

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ GQ-ს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოების სერიამ, სახელწოდებით "Glee გაველურდა", საზოგადოებაში მცირე დისკუსია გამოიწვია. ფოტოებზე სერიალ Glee-ს მსახიობები იყვნენ გამოსახულნი, რომლებიც სკოლაში ნახევრადშიშვლები პოზირებდნენ. სურათების გამოქვეყნებას მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა: პროდიუსერმა და ჟურნალისტმა, ქეითი კურიკმა ფოტოსესია დაგმო და სერიალის ახალგაზრდა მაყურებლების ღალატად აღიქვა; აშშ-ის მშობელთა სატელევიზიო საბჭომ კი განაცხადა, რომ ჟურნალმა ფოტოებით "იმ მსახიობების სექსუალიზება მოახდინა, რომლებიც სერიალში სკოლის მოსწავლეებს განასახიერებენ... ეს პედოფილიას ესაზღვრება".

ფოტო: GQ

რა თქმა უნდა, სურათებში ცალსახად პედოფილური არაფერი ყოფილა, რადგან მათზე გამოსახული მსახიობები 24 და 28 წლისები არიან. მაგრამ მიზეზი, რატომაც მშობელთა სატელევიზიო საბჭო შეშფოთდა, სხვაა. მართალია, ეს გარკვევით არ აღუნიშნავთ, თუმცა მათი მთავარი არგუმენტი მაინც ის იყო, რომ სურათები მნახველებს აცდუნებდა, ერთგვარ წარმოსახვით პედოფილიაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ მათზე გამოსახული ყველა მსახიობი ზრდასრულია და ზუსტად ეს ფაქტი გვრთავს იმის ნებას, რომ თავისუფლად წარმოვიდგინოთ, ვითომ ისინი არასრულწლოვანები იყვნენ.

ეს სწორედ ის წარმოსახვითი პედოფილიაა, რომლის წყალობითაც ლოლიტამ მკითხველების შეშფოთება მოახერხა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში დოლორეს ჰეიზი არ არსებობს; რომანის შექმნისას პატარა გოგოზე სექსუალურად არ უძალადიათ. და მაინც, არის რაღაც შემაწუხებელი ჰუმბერტის დაჟინებაში, როცა ის ითხოვს, რომ შენ, ძვირფასო მკითხველო, მასთან ერთად უნდა მიიღო მონაწილეობა ბავშვის გაუპატიურებაში: "მინდა, ჩემმა სწავლულმა მკითხველებმა მონაწილეობა მიიღონ იმ სცენაში, რომლის ხელახლა გათამაშებასაც ვაპირებ", — ამბობს ჰუმბერტი მათი პირველი სექსუალური ურთიერთობის სცენის აღწერის წინ. მოგვიანებით კი აღნიშნავს, "წარმომიდგინე! ვერ ვიარსებებ, თუ არ წარმომიდგენ".

"Glee გაველურდა" არის წარმოსახვითი პედოფილიის მაგალითი, რომელიც ადამიანის სექსუალურ ფანტაზიებში ცოცხლობს. ისტორიულად ზრდასრულები იმიტომ თამაშობდნენ ბავშვის როლებს, რომ პატარები თეატრისა და იმ მავნე ასოციაციებისგან ეხსნათ, რომელიც მაშინდელ თეატრალურ სფეროს უკავშირდებოდა. დღეს კი პოპ-კულტურაში არსებული ზრდასრული ქალის ხატი, რომელიც ბავშვივით იქცევა, კოლექტიური ეროტიკული სიამოვნებისთვისაა. მაგალითად, მართალია, ქეითი პერის სხეულის პროპორციები ზოგჯერ ქალურობის თითქმის პაროდიულ ხედვაზე მიუთითებს, მაგრამ მისი წარმატების საიდუმლო, რეალურად, ბავშვურობაა: "მოტელის ოთახი ავიღე / ზეწრებისგან კარავი ავაშენე", — მღერის ის თინეიჯერულ ოცნებაში, — "მოდი, დღეს ღამე ბოლომდე ავიშვათ". ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გოგოსაც მოეწონება და გარყვნილ კაცსაც. პერიში შემორჩენილი ბავშვურობა, ისევე როგორც ჰანა მონტანადან მაილი საირუსად გარდასახვის მიმართ საზოგადოების ალმაცერი ყურადღება, ამტკიცებს, რომ ბავშვური სექსუალობის გარშემო შემოსაზღვრული ბუნდოვანი ხაზი მრავალ ფანტაზიას კვებავს.

ფოტო: Jive

ახალგაზრდა ქალით ეროტიკული აღფრთოვანება ზოგჯერ მაშინ ძლიერდება, თუ აუდიტორიას ის იმდროიდან ახსოვს, როცა ბავშვი იყო. ამას ჰუმბერტი ალბათ ნიმფურ ექოს უწოდებდა. მაგალითად, ამ ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა დისნეის ისეთი ბავშვი მსახიობების მომდევნო წარმატებაში, როგორებიც ქრისტინა აგილერა, ბრიტნი სპირსი, მაილი საირუსი, სელენა გომესი და დემი ლოვატო არიან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკმარისად ნიჭიერ, ლამაზ და საჭირო კავშირების მქონე ამერიკელ გოგოს შეუძლია სუპერვარსკვლავად ქცევა. მაგრამ მას ის ფაქტორი ნამდვილად შეუწყობს ხელს, თუ პატარაობაში საბავშვო გადაცემაში მონაწილეობდა. ბოლოს და ბოლოს, რა არის უმანკოების ხიბლი, თუ არა მომავალში ამ უმანკოების დაკარგვის დაპირება?

ლოლიტას ამ კულტურულ მოვლენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ერთი მხრივ, ბოლო 60 წლის განმავლობაში რომანის უსასრულო გადამღერებამ — სტენლი კუბრიკიდან ლანა დელ რეიმდე — ლოლიტას პერსონაჟი მიმზიდველი ბავშვის, "ნაადრევად მაცდური გოგოს" არქეტიპად აქცია. მეორე მხრივ, თვითონ რომანი იმ კულტურის მანკიერი სატირაა, რომელიც ახალგაზრდა გოგოებს აფეტიშებს. ესაა კულტურა, რომლის კვალიც ღიად ჩანს ისეთ სიმღერებში, როგორებიცაა როცა თექვსმეტის იყავი, ტკბილი თექვსმეტი თუ თექვსმეტი სანთელი. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა გოგო ერთგვარ ზღურბლზე დგას, რომლის იქითაც მასთან სექსის ქონა კანონიერი ხდება. თანაც, ეს ხდება იმ საზოგადოებაში, რომელსაც სძულს პედოფილია და ის იმ სრულ მორალურ ბოროტებად მიაჩნია, რომელიც სისასტიკით გენოციდს უტოლდება. ნაბოკოვის სატირისთვის გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ ჰუმბერტი სწორედ იმას იღებს, რაც სურს. ლოლიტაში ყველაზე შემზარავი ის ეპიზოდებია, რომლებშიც ჰუმბერტი, უბრალოდ, სასხვათაშორისოდ გვახსენებს, რომ საკუთარ გერთან წევს:

"ვაპირებდი, ცხელი გლინტვაინი და ორიოდ აბი ასპირინი დამელევინებინა ლოლიტასთვის, შემდეგ მის მხურვალებას ბაგეებით დავწაფებოდი და მთლიანად გამომეწოვა. მაგრამ რბილი სასის თვალწარმტაცი გამონაზარდი (მისი სხეულის ერთ-ერთი მთავარი მარჯანი) ცეცხლოვანი შეფერილობისა აღმოჩნდა. გოგონას ტანისამოსი გავხადე. მომწარო-ტკბილი სუნთქვა ჰქონდა. ყავისფერ ვარდს სისხლის გემო დაჰკრავდა. თავით ფეხებამდე კანკალებდა... სქესობრივი ურთიერთობის იმედი გამიქარწყლდა, ბავშვი შოტლანდიურ პლედში გავახვიე, ავიტატე და ავტომობილში ჩავსვი".

ის, რასაც დღეს ლოლიტა წარმოადგენს, უბრალოდ "ნაადრევად მაცდური გოგო" არ არის. ის განუზომელი მასშტაბის კულტურული რეპრესიის შედეგია, რომელიც ნაწილობრივ ამ ორაზროვნების მეშვეობით მიიღწევა.

ფოტო: Getty Images

ბრიტნი, ქეითი და მაილი ამ ნაადრეობის განსახიერებით ლოლიტას მითის მონაწილეები ხდებიან. მაგრამ ნაადრევად მოწიფულობა დოლორეს ჰეიზს არ ახასიათებდა; სინამდვილეში, ეს მისი მოძალადის მიერ მინიჭებული თვისებაა. დასავლურმა საზოგადოებრივმა წარმოსახვამ თან ჰუმბერტის შემოთავაზებული ნიმფეტის განმარტება მიიღო და თან ამ მითის შექმნაში არსებული პედოფილური მოტივების მონდომებით ჩახშობაც შეძლო.

მაგრამ თუ ისტორიიდან ჰუმბერტის ამოშლა ფანტაზიის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ნაბოკოვის მიზანი მსგავსი ფანტაზიების აღმოფხვრა იყო და არა — წახალისება. ხოლო არაფერი კლავს წარმოსახვას იმაზე უკეთ, ვიდრე მისი განხორციელება. 60 წლის შემდეგ ცნობილი ვარსკვლავების იმიჯი ადასტურებს იმას, რომ დღეს ლოლიტა გასართობ პარკში კვლავ ყველაზე მოთხოვნადი ატრაქციონია. ამის მიუხედავად, მის შემქმნელს ძალიან უნდოდა, რომ ჩვენ, ძვირფას მკითხველს, ღამე — ყოველ, ყოველ ღამე — პატარა გოგოს ქვითინი გაგვეგონა; ქვითინი, რომელიც ატრაქციონზე დასწრების საფასურია.