როგორ გამოვიყენოთ მომხმარებელთან ინტერაქცია გადაწყვეტილებების მისაღებად — მონაცემთა პლატფორმა Segment
მონაცემებს ციფრული სამყაროს ნავთობსაც უწოდებენ, მისი მოპოვება და დამუშავება კი სულ უფრო ძვირადღირებულ საქმიანობად იქცევა. თუ კომპანიები ადრე დედამიწის სიღრმეებში ეძებდნენ წიაღისეულს, ახლა იგივე პროცესის გავლა დიდ მონაცემებთან მიმართებაში უწევთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ნებისმიერი ბრენდი დღეს დგას საჭიროების წინაშე, შეაგროვოს მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია, დაამუშავოს ის და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. დღეს ეს გადაწყვეტილების მიღების ყველაზე ეფექტიანი და სწორი გზაა.
როცა საქმე დიდ მონაცემებსა და მათი მოპოვების წყაროებზე, ასევე, მათი ჯეროვნად დამუშავების საჭიროებაზე მიდგება, აქტუალური ხდება მონაცემთა პლატფორმები, რომლებიც ბრენდებს ამ თანამედროვე გამოწვევასთან გამკლავებაში და ახალი მიდგომების სწავლაში ეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთია Segment, რომელიც მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა მსოფლიოში. Segment-მა და საქართველოს ბანკმა კი, ქართველი აუდიტორიისთვის, 23 აპრილს ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ვებინარი გამართეს. ვებინარზე Segment-ის წამყვანი ინჟინერი — Sam Kahr სწორედ კლიენტის მონაცემთა პლატფორმის მნიშვნელობაზე საუბრობდა.
როგორ ხდება მონაცემთა შეგროვება და რაში გვეხმარება Segment
თანამედროვე ბრენდების ციფრული ყოველდღიურობა ასეთია — მათთან ყოველდღიურად, უამრავი მომხმარებელი შედის ინტერაქციაში. ინტერაქციისთვის კი მრავალფეროვანი გზები არსებობს. იმეილი, რეკლამები, საპორტი და მეტიც. ნებისმიერი ციფრული ქცევა, რომელსაც მომხმარებელი ავლენს, იქნება ეს საიტზე შესვლა, მოწონების ღილაკზე დაჭერა თუ ფეისბუქ პოსტის ნახვა, უკვე მონაცემია, რომლის ანალიზისთვის შესაბამისი ცოდნაა საჭირო. თუმცა მანამდე, როგორც სემმა ვებინარზე თქვა, დიდი გამოწვევაა სხვადასხვა წყაროდან მონაცემების მოგროვება და მათი ერთ სივრცეში თავმოყრა. ამ გამოწვევასთან გამკლავებაში კი ბრენდებს Segment ეხმარება.
Segment-ის გამოყენებით მიღებული სარგებელი მხოლოდ სხვადასხვა პლატფორმიდან მოპოვებული მონაცემების ერთ ადგილას თავმოყრას როდი უკავშირდება. ქვემოთ კიდევ ბევრ ფუნქციაზე ვისაუბრებთ, რომელიც Sam Kahr-მა ვებინარის ფარგლებში წარგვიდგინა. მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი, თუ რა მნიშვნელობა აქვს კარგ მონაცემებსა და მათ სწრაფ დამუშავებას.
- როგორც სემი აღნიშნავს, თუ გუნდს აკლია მონაცემები, ან საერთოდ არ ფლობს მათ, ვერ მიიღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. რაც, როგორც თავშიც აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ბრენდისთვის.
- მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, სემის აზრით, გუნდებს მაშინ ექმნებათ, როცა საჭირო სისწრაფით ვერ ხდება მონაცემთა დამუშავება, ეს კი საჭირო ინსტრუმენტების საჭირო სისწრაფით გამოყენებას აფერხებს.
- მესამე, ყველაზე გავრცელებულ შემთხვევაში კი მონაცემთა ანალიზი ბევრი ადამიანის ჩართულობას, ბევრი რესურსის გაღებასა და დროს მოითხოვს, რაც მოძველებული მიდგომაა. მით უფრო ხელშესახებია ეს მაშინ, როცა კონკურენტები ამისთვის შესაბამის ტექნოლოგიურ პროდუქტებს იყენებენ. მაგალითად, ისეთს, როგორიც Segment-ია. ის ყველა ამ პრობლემას უსწრაფესად ჭრის და აქ სხვადასხვა პლატფორმიდან წამოღებულ, სორტირებულ მონაცემებს რეალურ დროში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.
კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის კუთხით გამოწვევების წინაშე არიან, Segment კომპლექსურ გამოსავალს სთავაზობს. აქ, ერთ პლატფორმაზე შეგიძლიათ მონაცემთა სხვადასხვა წყაროს თავმოყრა, დაკავშირება, მართვა, სინთეზირება და აქტივირება. სხვათა შორის, Segment-ის ამ გამოსავალს მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს, მათ შორის, ისეთი კომპანიებიც, როგორებიცა IBM, Levis, Nike, Procter & Gamble.
აღსანიშნავია, რომ Segment ეხმარება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და KPI-ების შესრულებაშიც. მაგალითად, ინჟინრებს ის აძლევს საშუალებას, ფოკუსირდნენ ძირითად პროდუქტზე და პერსონალურ გამოცდილებებზე. მარკეტერები პლატფორმას კამპანიების ანალიზისთვის იყენებენ, ანალიტიკოსები მონაცემთა სანდოობაში რწმუნდებიან და მომხმარებლის ქცევას აკვირდებიან, ხოლო პროდუქტზე ორიენტირებული გუნდი მის განვითარებაზე იწყებს ზრუნვას, ან ახალი პროდუქტის შესაქმნელად შთაგონებას სწორედ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს.
ავტომატიზებული მარკეტინგული კამპანიები?
Segment განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მარკეტერებისთვისაა, რომლებსაც პლატფორმაზე არსებული ინსტრუმენტების მიმართვა ძალიან საინტერესო კუთხით შეუძლიათ. ვებინარზე სემმა ილაპარაკა ავტომატიზებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებიც თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში, პერსონალიზებული შეთავაზებების/კამპანიების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. სემი ამ მიდგომას Journey Orchestration-ს უწოდებს და ამბობს, რომ პლატფორმას შეუძლია მანქანური დასწავლის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე განსაზღვროს, რომელ მომხმარებელს რა შესთავაზოს. ამას კი მისი ციფრული ქცევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით შეძლებს.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ თქვენ ვებგვერდი გაქვთ, რომელზეც მანქანებს ყიდით, მომხმარებელს, რომელიც საიტზე ელექტრომანქანებს ათვალიერებდა, რეკლამის/ბანერის სახით სწორედ ელექტრომანქანებზე არსებულ ფასდაკლებებს გამოუჩენთ. ეს კი გუნდისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ Segment-ის ხელოვნური ინტელექტის წყალობით, მომენტალურად მოხდება.
რომ შევაჯამოთ, Segment გეხმარებათ სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს Google Analytics, Facebook, თუ ნებისმიერი სხვა, მიღებულ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე მოუყაროთ თავი, დაახარისხოთ ისინი, მისცეთ მათზე წვდომა სხვადასხვა დეპარტამენტს, იმისათვის, რომ სხვადასხვა KPI-ის მიღწევა გაგიადვილდეთ და მეტიც, Journey Orchestration მიდგომის ფარგლებში, ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით, შეძლოთ პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიების წარმოება თუ შეთავაზებების გაკეთება კონკრეტული მომხმარებლისთვის, მისი პირადი საჭიროების გაანალიზების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი თითოეული მომხმარებლის მონაცემში ინსაითების საპოვნელად არასდროს გეყოფათ. თუმცა, Segment-ს ეს ავტომატურად შეუძლია.
თვითონ Segment-ის შიდა ინტერფეისი კი, როგორც სემმა გვანახა, ასე გამოიყურება:
აქ კი, როგორც ხედავთ, ხაჭაპურისა და ჩაქაფულის მოყვარულ მომხმარებლებს უყრის თავს:
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები