თუ ფუტკარი ენას ყოფს, ესე იგი, კოვიდი გაქვთ — ფუტკრები შეიძლება კორონავირუსის ტესტირებისთვის გამოიყენონ
ჰოლანდიური სტარტაპის, InsectSense-ისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის მკვლევრები კორონავირუსის ტესტირების უჩვეულო მეთოდზე მუშაობენ: ისინი ფუტკრებს ასწავლიან, ენა გამოყონ მაშინ, როცა კორონავირუსით დაავადებულ ნიმუშთან აქვთ შეხება.
სხვა დაავადებების მსგავსად, კოვიდ-19-იც იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს სხეულში, რაც ინფიცირებული ადამიანის სუნს ოდნავ ცვლის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ ფუტკრები ამ ცვლილების აღმოჩენაზე დაატრენინგონ.
"ფუტკრებს ყნოსვის დახვეწილი უნარი აქვთ, მათ შეუძლიათ, რომ ყვავილი კილომეტრების დაშორებით იპოვონ", — ნათქვამია პრესრელიზში.
ძაღლებისგან განსხვავებით, ფუტკრების "გაწვრთნა" სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
პავლოვის ფუტკრები
ფუტკრების მოტივირებისათვის მეცნიერები შაქრიან წყალს იყენებენ. მას შემდეგ, რაც SARS-CoV-2-ს რამდენჯერმე აღმოაჩენენ და ამაში გასამრჯელოსაც მიიღებენ, მწერები დაავადების აღმოჩენას ჯილდოსთან აკავშირებენ. ამის შემდეგ ისინი ენას ყოფენ ყოველ ჯერზე, როცა კორონავირუსთან აქვთ შეხება.
მეთოდი პავლოვის პირობითი რეფლექსის პრინციპის მიხედვითაა შემუშავებული.
მომავალში InsectSense-სა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის წარმომავლები ფუტკრების დატრენინგების ავტომატიზაციასაც შეძლებენ. მსგავსი აპარატის პროტოტიპი უკვე შექმნილია.
ფუტკრებით ტესტირება შეიძლება დაავადების აღმოჩენის ხელმისაწვდომი, იაფი გზა იყოს იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების სხვა მეთოდები ლიმიტირებული ან ძალიან ძვირია.
ასე რომ, ფუტკრები მზად არიან, თითქმის უსასყიდლოდ იმუშავონ პანდემიის შეჩერებაზე. მთავარია, შაქრიანი წყალი არ მოვაკლოთ.
კომენტარები