როგორ მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება — "თამაშით"
ის, რომ კაცობრიობამ აქამდე მოაღწია, უდავოდ, გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგია. ხოლო ის, თუ როგორ მოვაღწიეთ აქამდე ეფუძნება იმას, თუ როგორი გადაწყვეტილებები მიიღეს ჩვენზე ადრე მცხოვრებმა ადამიანებმა. ახლა ჩვენი ჯერია. მაგრამ როგორი ნაბიჯები გვარგებს? ემოციური თუ რაციონალური?
თამაშთა თეორია
მიუხედავად იმისა, აცნობიერებ თუ არა ამას, შენ ყოველდღიური თამაშის მონაწილე ხარ. ამ თამაშში რეალობის დამახინჯებას ნამდვილად არ ვგულისხმობ, ან იმ სოციალური როლის მორგებას, რომელიც შენთვის ავთენტური სულაც არ არის.
ამ თამაშში მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე და იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის. ეს სოციალური ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც სოციალური არსებებისთვის, რომელთა თვითაღქმა თუ გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემომცველ სამყაროზე, საკმაოზე მეტად საჭიროც.
ამ საყოველთაო თამაშში, ან როგორც ზოგი იტყოდა, თანამედროვე ადამიანების კონკურენტულ სრბოლაში, როგორ უნდა გავიგოთ, რომელი გადაწყვეტილებაა ჩვენთვის ოპტიმალური და რომელია სოციალურად ნაკარნახევი?
ალბათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ბევრჯერ გიფიქრია, იყო თუ არა ეს ქცევა ნამდვილად შენი გადაწყვეტილება, თუ სოციალური დაკვეთის შემსრულებლად იქეცი? ამაზე ცოტა ქვემოთ, სადაც სოციალური სასურველობის მნიშვნელობასა და სხვებზე ორიენტირებულობის შედეგებზე ვისაუბრებ, მანამდე კი წარმოგიდგენთ თამაშთა თეორიას.
თამაშთა თეორია თამაშებში ოპტიმალური სტრატეგიის შესწავლის მათემატიკური მეთოდია, აქ ორ ან მეტ მხარეს აქვს თავისი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად გარკვეულ სტრატეგიას იყენებს. გადაწყვეტილებები, რომელსაც თამაშის პროცესში იღებ, სხვა მონაწილეების ნაბიჯებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შენთვის ან წაგებიანი იყოს, ან მოგებიანი. თამაშთა თეორია და მისი ცოდნა კი გვეხმარება, შევიმუშაოთ საუკეთესო სტრატეგია, განვჭვრიტოთ სხვა მონაწილეების შესაძლო ნაბიჯები, მათი რესურსებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით და ვეცადოთ იმის განსაზღვრას, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.
ეს, ერთი მხრივ, ჭადრაკის თამაშს ჰგავს, უბრალოდ, სოციალური მიზნების მიღწევისას ნაწარმოები ეს ინტერესთა ომი ნაკლებად ხელშესახები და ცხადია ხოლმე ჩვენთვის.
თამაშთა თეორიაში, რომლის პიონერიც მათემატიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ჯონ ნეში გახლავთ, გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას — კოოპერატიულსა და არაკოოპერატიულს. როგორც ზემოთაც ვთქვი, ორივე შემთხვევაში არსებობს ინტერესები და მიზნები, რომლებიც მათი მიღწევისკენ ნაბიჯებს — გადაწყვეტილებებს გვადგმევინებენ. ამ ორ მიმართულებას კი სწორედ სტრატეგიები განასხვავებს. კოოპერატიულის შემთხვევაში, გუნდთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ხოლო არაკოოპერატიული თავის თავში კონკურენტულ ბრძოლას მოიცავს. როგორც წესი, ამ უკანასკნელს თან სდევს გამარჯვება, ან დამარცხება და მის საილუსტრაციოდ, ხშირად, პატიმრის დილემას იყენებენ.
როგორ გავიგოთ, რა არის ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება — პატიმრის დილემა
წარმოიდგინე, რომ შენმა გადაწყვეტილებებმა ციხეში ამოგაყოფინა თავი. ნამდვილად ცუდი სცენარია, თუმცა, წარმოდგენას მაინც გირჩევ. დაუშვი, რომ გყავს თანამზრახველი, რომელთანაც ამ არაკანონიერი საქმის გარდა არაფერი გაკავშირებს. გამომძიებელი კი დაკითხვის ოთახში გარიგებას გთავაზობს. ამ შესაძლებლობის განხილვისას მათემატიკური აზროვნება არ გაწყენდა, რადგან რამდენიმე კომპონენტისა და შესაძლო სცენარების ერთმანეთისთვის შედარება მოგიწევს:
- თუ შენ აღიარებ ბრალს, თუმცა შენი თანამზრახველი იგივეს არ იზამს, შენ გათავისუფლდები სასჯელისგან, პარტნიორს კი 10 წელს მიუსჯიან;
- თუ ორივე აღიარებთ, ციხეში 5-5 წლის გატარება მოგიწევთ;
- თუ არც ერთი თქვენგანი აღიარებს, ორივეს 2-2 წელი გელოდებათ;
- ხოლო თუ შენი თანამზრახველი აღიარებს ბრალს და შენ არა, 10 წელი ციხეში ჯდომა შენ მოგიწევს.
ამ ვარიანტების განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებამდე გასათვალისწინებელი გარემოებაა ის, რომ არ იცი, რას მოიმოქმედებს თანამზრახველი, რომელ ვარიანტს აირჩევს. ესეც რომ არა, არანაირი საფუძველი გაქვს იმისათვის, რომ მას ენდო. თითოეული თქვენგანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ერთმანეთისადმი უნდობლობა კი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, თამაშთა თეორია გვთავაზობს, ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, რადგან არ ვიცით როგორი იქნება სხვისი გადაწყვეტილება და ამის იმედად ყოფნა არარაციონალურია.
პატიმრის დილემაში მოთამაშეები მიისწრაფიან მიიღონ სარგებელი ერთმანეთთან თანამშრომლობით, ან პირიქით — ერთმანეთის გაცემით. ამ შემთხვევაში კი, გამოსავალი ერთმანეთის გაცემაა. სხვა სიტყვებით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში თანამშრომლობის იმედის ქონა აზრსმოკლებულია, ამიტომ ერთადერთი შესაძლებელი წონასწორობა სწორედ რომ ჩაშვებაა. ეს ისაა, რასაც ნეშის წონასწორობას უწოდებენ.
ერთ-ერთი სამეცნიერო არხი SciShow ამ დილემას შემდეგი ვიზუალიზაციით გვიხსნის, სადაც ექსპერიმენტში ჩართულ პატიმრებს სახელები — ვანდა და ფრედი ჰქვიათ.
ვანდას და ფრედს შეეძლოთ ერთმანეთზე ეფიქრათ, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის უნდა ეზრუნათ. მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მეორე მათგანი, თუმცა, ცხადად ჰქონდათ წარმოდგენილი შესაძლო ვარიანტები. ისინი თანაბარ კონკურენციაში იყვნენ და მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება დიდ ფიქრს არ საჭიროებდა — მათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ემოქმედათ.
ემოციური VS რაციონალური გადაწყვეტილება
როგორ წყვეტ, ახალ სამსახურში გადახვიდე? ან როგორ წერ სამოტივაციო წერილს მაშინ, როცა არ იცი შენი კონკურენტი აპლიკანტი როგორ დაწერს მას? შენ ეს არ იცი და ვერც გეცოდინება. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, წყვეტ ისეთი სამოტივაციო წერილი დაწერო, რომელიც შენს შესაძლებლობებს ყველაზე კარგად წარმოაჩენს და შენთვის ხელსაყრელ აქცენტებს დასვამს. ახალ სამსახურში მოწყობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ცდილობ მასზე ბევრი იფიქრო, თუმცა, ბევრი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნაბიჯიც, რომელზე ფიქრსაც საათებს სულაც არ უთმობ, შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს კარიერისთვის თუ პირადი ცხოვრებისთვის.
ამის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს მიაჩნია — ემოციები ხელს გვიშლის, პირიქითაც ხდება. იმპულსური გადაწყვეტილება შეიძლება მოკლევადიანად სასარგებლოც აღმოჩნდეს, როგორც ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, ასევე ცხოვრების ხარისხისთვის. თუმცა, ეს საკმაოდ იშვიათად ხდება და მით უფრო, მოკლევადიანი შედეგი მოაქვს. ამ იშვიათი გამართლების იმედად ყოფნა კი არარაციონალურია. (ამ სტატიაში კი რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვანიჭებთ უპირატესობას).
ადამიანები მიკერძოებული არსებები ვართ და სწრაფი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოგვაქვს, რომელსაც ვფლობთ. 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციის დიდ ნაკადებთან ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება, ხმამაღალი განაცხადია ჭეშმარიტებად აღვიქვათ მყისიერად გამოხმობილი განწყობები, რომელიც ემოციურ გადაწყვეტილებას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე მასზე ფიქრი აუცილებელია. ასევე, გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად უდავოდ აუცილებელია, განსაზღვრული გვქონდეს ჩვენი მიზანი და რაციონალური/გააზრებული ნაბიჯებით მივდიოდეთ მის შესრულებამდე.
ემოციურ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს, ალბათ, ზუსტად ის ნიშნები განასხვავებს ერთმანეთისგან, რაც ემოციურ და რაციონალურ ადამიანებს. როგორც ბევრი კუთხით, ამ მხრივაც ბალანსი მგონია ყველასთვის ოპტიმალური გამოსავალი. როცა შხაპში შესვლის გადაწყვეტილებას ვიღებთ, წინასწარ ვიცით, რომ ვერ ვიბანავებთ ვერც ძალიან ცხელი და ვერც უკიდურესად ცივი წყლით. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ჩვენ წყალს ვაზავებთ, ვამოწმებთ და შემდეგ ვიღებთ შხაპს. (რადგან ამ სტატიაში რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვანიჭებთ უპირატესობას და თან, ზაფხულიც მოდის, ოდნავ გრილი წყლის შეზავებას გირჩევდით).
ემოციური გადაწყვეტილებაა, ხელფასი დარიცხვიდან ერთ დღეში გაანახევრო, 2-3 დღეში კი უკვე ძალიან მიზერული თანხა შეგრჩეს, რომლითაც თვის ბოლომდე ან მიაღწევ და ან არა. მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ სრულიად უსარგებლო ნივთები შეიძინე. რაციონალურობისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად კი კარგი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება თამაშთა თეორიის ჭრილში განგეხილა და გაგეგო, რატომ იყო ეს შენთვის საჭირო? ან საერთოდ, თუ იყო. ამაზე ფიქრისას კი შეიძლება მიხვიდე პრობლემამდე, რომელსაც ჰქვია — "ზუსტად არ ვიცი რა მინდა"...
"ზუსტად არ ვიცი რა მინდა" — რატომ გვიშლის ხელს სხვაზე ორიენტირებულობა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში
"რაც მეგობარმა შეუკვეთა იმას შევჭამ", — ერთი შეხედვით, ძალიან უწყინარი წინადადებაა, მაგრამ თუ მსგავს სტრატეგიას ბევრ სიტუაციაში მიმართავ და შენი ყოველდღიურობა სხვისი პატარა, თუმცა, მაინც გადაწყვეტილებებისგან შედგება, დიდი შანსია, რომ ძალიან საშიშ ტენდენციას იზიარებდე და სხვებზე ორიენტირებულობით გამოირჩეოდე.
სოციალური იდენტობა, ანუ კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის თავის მიკუთვნება და სრულფასოვანი ინტერაქციების/სოციალური რეალიზაციის მიღწევა თითოეული ჩვენგანისთვის რაღაც დოზით მაინცაა მნიშვნელოვანი, თუმცა, თუ ამას პიროვნული ინტერესები ეწირება, არაჯანსაღ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.
ძირითადად, გადაწყვეტილებებისას საკუთარი საჭიროებების მიჩქმალვა და სხვების ინტერესების საკუთარზე მეტად გათვალისწინება დაქვემდებარებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს ახასიათებთ. ანუ მათ, ვისაც ობიექტურად თუ სუბიექტური აღქმის დონეზე, ეკონომიკური, სოციალური თუ გენდერული ნიშნით, თავი დომინანტი ჯგუფის წევრად არ მიაჩნიათ. შესაბამისად, ისინი შეიძლება სოციალური სასურველობის მიღწევას საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლობით და სხვების (დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლების) დღის წესრიგით ცხოვრებითაც ცდილობდნენ. დასაწყისშიც ვახსენე, რომ სოციალური არსებები ვართ და ეს შეიძლება ჩვენი ერთგვარი სტრატეგიაა თამაშისთვის, თუმცა, ფსიქიკისთვის საკმაოდ საზიანო.
რაციონალური გადაწყვეტილების მიღების სწავლა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების იდენტიფიცირების სწავლას მოითხოვს. ხოლო, იმისათვის, რომ გაიგო, რა არის შენთვის უკეთესი, უნდა მიხვდე, ვინ ხარ შენ.
ვინ ხარ შენ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ზოგს მხოლოდ ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა სჭირდება, ზოგი კი სიცოცხლის ბოლომდე ძიებაშია. თუმცა, მთავარი ღირებულებებისა და ინტერესების იდენტიფიცირებისთვის განსაკუთრებული უნარები არაა საჭირო. იდენტობის თეორიის მიხედვით, ყველაზე მყარი — "მიღწეული იდენტობა" ადამიანის ცხოვრებაში ალტერნატივების მოსინჯვის გზით ჩნდება; ანუ მაშინ, როცა უკვე ზრდასრულები ვცდილობთ სხვადასხვა სფეროში მოვსინჯოთ შესაძლებლობები და ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო მიმართულებები. ვიპოვოთ წერტილები, რომლებიც ჩვენი კომპეტენტურობის მოთხოვნილებას ასაზრდოებენ და თავს სასარგებლოდ გვაგრძნობინებენ.
ახლა, სოციალური სასურველობის მისაღწევად, შეიძლება უცნაურ რამეებს მიმართავ. მათ შორის, უსარგებლო ნივთებში ხარჯავ ფულს, ან ცდილობ საკუთარ ინტერესებზე ფიქრის ნაცვლად სხვის გადაწყვეტილებებზე აეწყო. მაგრამ თუ ამ სტატიას კითხულობ, ე.ი. რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების სწავლა მაინც გინდა.
საკუთარ თავზე დაკვირვება, მიზნების იდენტიფიცირება და მათი რეალიზებისთვის ბრძოლა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა; ასევე, არას თქმა მაშინ, როცა შენზე გავლენის მომხდენი ვინმეს გადაწყვეტილება შენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მანამდე კი, ეცადე თამაშთა თეორიით გააანალიზო ის გადაწყვეტილებები, რომელიც აქამდე მიგიღია. რამდენად რაციონალური იყო ისინი? რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ისინი შენთვის და რატომ?
რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც პატიმრის დილემაშია, კარგი იქნება ყველა შესაძლო სცენარი განიხილო და ეცადო, სხვის მიერ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილების მიუხედავად, შენი ნაბიჯი შენს მიზნებს პასუხობდეს და არა სხვისას. ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კი შეგიძლია 3 მოკლე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს:
- ვინ ვარ მე?
- რა არის ჩემი ინტერესი/მიზანი?
- რას მომიტანს ეს გადაწყვეტილება?
კომენტარები