პიტერ პენის სინდრომის საფრთხეები — რატომ უნდა ვაღიაროთ, რომ გავიზარდეთ
გაზრდა ცხოვრების ის ეტაპია, რომელსაც ვერავინ აუვლის გვერდს. სწორედ მისი გარდაუვალობაა ის, რაც ჩვენში წინააღმდეგობრივ ემოციებს იწვევს. და მაინც, რას ნიშნავს ზრდასრულობა და რატომ აშინებს ის ამდენ ადამიანს?
გაზრდის შიში ყველას გამოგვიცდია. ამ შიშის მთავარი საფუძველი ის გაურკვევლობა და ბუნდოვანებაა, რომელსაც მომავალი გვიმზადებს. ამას ემატება თავსდამტყდარი უამრავი ახალი პასუხისმგებლობა და ის ძლივს მონიჭებული დამოუკიდებლობაც, რომლისთვის ზღვარის დაწესებაც კვლავ ზრდასრულებს ევალებათ.
ამგვარად, მოზარდებს ყველაზე მეტად იმის დაშვება გვაფრთხობს, რომ შეიძლება, არ გაგვიმართლოს: საკმარისად იღბლიანები და საკმარისად ძლიერები არ აღმოვჩნდეთ იმისთვის, რომ ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა შევძლოთ.
როდის ვიზრდებით?
საინტერესოა, არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ბავშვობას ოფიციალურად გამოვემშვიდობეთ. როდის ვხვდებით, რომ გავიზარდეთ? როცა სკოლას ვამთავრებთ? როცა პირველ ხელფასს ვიღებთ? როცა პირველად ვკოცნით? რომელია ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც გვეუბნება, რომ მორჩა, მეორე მხარეს ხარ და ერთადერთი, რაც უკან მოტოვებულ სამყაროსთან დაგაკავშირებს, მონატრების გრძნობა იქნება?
სინამდვილეში, გაზრდის ერთი კონკრეტული ინდიკატორი არ მოიძებნება. არ არსებობს ცხოვრებისეულ მოვლენათა ნუსხა, რომლის ყველა პუნქტის გამოცდის შემთხვევაში ვიტყვით, რომ გავიზარდეთ.
ფსიქოლოგმა და სოციალური მეცნიერების დოქტორმა, ინგა სიჭინავამ ჩემთან საუბრისას გაზრდის ორი სახე გამოყო — ფიზიკური და პიროვნული. მისი თქმით, ფიზიკური ზრდა დასრულებადი პროცესია, რასაც ვერ ვიტყვით პიროვნულზე, რადგან ეს უკანასკნელი "სიკვდილამდე სწავლას" ანუ განვლილი გამოცდილებებით მუდმივ განვითარებას გულისხმობს. "ნებისმიერი პრობლემა, წაბორძიკება, ტკივილი, ფრუსტრაცია ერთგვარი გამოცდილებაა, რომლის გაანალიზებასაც პიროვნულ ზრდამდე მივყავართ. ადამიანში თავიდანვეა მოცემული ტენდენცია, რომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და ასე განვითარდეს. გამოცდილების ანალიზისა და გაცნობიერების უნარი სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც ზრდის და ავითარებს პიროვნებას", — აღნიშნავს ის.
ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაზრდა მხოლოდ გამოცდილებების დაგროვება არაა. შენ მაშინ კი არ იზრდები, როცა რომელიმე სამსახურში საქმდები ან საცხოვრებლად მარტო გადადიხარ, არამედ მაშინ, როცა ამ გამოცდილებების გაანალიზებისა და გამოყენების უნარს იძენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში — იაზრებ, რა პასუხისმგებლობას გმატებს ახალი სამსახური და ხვდები, რა ახალი ვალდებულებები თუ ცვლილებები მოჰყვება საცხოვრებლად მარტო გადასვლას.
მაშასადამე, ვერც იმას ვიტყვით, რომ გაზრდას კონკრეტული ასაკი აქვს, რადგან მხოლოდ სქესობრივი და ფიზიკური მომწიფება ამისთვის საკმარისი არ არის. ინგა სიჭინავამ ზრდასრულობის მთავარ ინდიკატორად ემოციური სიმწიფე დაასახელა: "ემოციური სიმწიფე არის ის, როდესაც ადამიანი მზად არის, მიიღოს და აღიაროს საკუთარი თავი, აიღოს გარკვეული სოციალური და მორალური პასუხისმგებლობები და გათავისუფლდეს მშობლებისა და აღმზრდელების მეურვეობისაგან", — ამბობს ის.
თუმცა ფაქტია, რომ უამრავი ფიზიკურად ზრდასრული ადამიანი სულაც არ არის მზად არც დამოუკიდებლობისთვის, არც საკუთარი თავის მიღებისთვის და არც უამრავ ახალ პასუხისმგებლობასთან გამკლავებისთვის. სწორედ ამიტომ ისინი წარსულს — ბავშვობას, იმ ლაღ პერიოდს ებღაუჭებიან, როცა შინაგან კონფლიქტებთან გამკლავება ნაკლებად უწევდათ. წარსულით ცხოვრება კი აწმყოთი მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს, რაც ადამიანს ბედნიერების მიღწევაში ხელს უშლის.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გავიზარდეთ.
პიტერ პენის სინდრომი, ანუ თვითგაუცნობიერებლობის საფრთხეები
მხატვრული ლიტერატურა ხშირად საუბრობს ბავშვობის დატოვების პრობლემატიკაზე — ის ხომ იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებმაც მსგავსი ემოციური ბარიერების გადალახვა შემოქმედებითად სცადეს. ამ თემატიკაზე აგებული უამრავი პოეტური ნაშრომის გარდა, რომელშიც ლირიკული გმირები წარსულს მისტირიან, ჯერ კიდევ საბავშვო ლიტერატურაში მოიძებნება მწერლების მიერ ლამაზად შეფუთული ტკივილი ბავშვობის დატოვების შესახებ. თუნდაც პეპი გრძელწინდა გავიხსენოთ, რომელიც ზრდასრულთა ყველა ნორმას უპირისპირდება და ყვავილებს წვიმაში რწყავს; ან პიტერ პენი — პერსონაჟი, რომელიც ნევერლენდზე, დაუსრულებელი ბავშვობის კუნძულზე, ცხოვრობს და არასდროს იზრდება.
მეოცე საუკუნეში მოღვაწე ფსიქოანალიტიკოსმა დენ კილმა ერთხელაც შეამჩნია, რომ თავის პაციენტებში უამრავი ისეთი მოზარდი იყო, ვინც ჯერ კიდევ ნევერლენდში ცხოვრობდა — ისინი სულაც არ იყვნენ მზად, ბავშვობა დაეტოვებინათ. სწორედ ამიტომ მან 1983 წელს წიგნი, პიტერ პენის სინდრომი: კაცი, რომელიც არასდროს გაზრდილა, გამოსცა.
პიტერ პენის სინდრომი სწორედ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც გაზრდას უარყოფენ. ინგა სიჭინავამ ეს ემოციური მოვლენა შემდეგნაირად ახსნა: "მიჯაჭვულობის ობიექტიდან — ამ შემთხვევაში, მშობლისა და ოჯახისგან სეპარაცია და განცალკევება დიდი გამოწვევაა ადამიანისათვის, რადგან ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების წრიდან გამოსვლასთან და კომფორტის ზონის დატოვებასთან. ამიტომ შესაძლოა, ფსიქიკამ ჩართოს თავდაცვის მექანიზმი და შეწყვიტოს პიროვნული ზრდა. თუ დროულად არ მოხდა ამ პრობლემის გაცნობიერება, შედეგად ვიღებთ ინფანტილიზმს, რომლის მიზანიც არის ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნა. თუმცა ეს დროებითი და მოჩვენებითი სიამოვნებაა, ვინაიდან ინფანტილურ ზრდასრულს არ აქვს სრულყოფილი ცხოვრება".
პიტერ პენის სინდრომს უკავშირდება ახლახან დამკვიდრებული ტერმინი კიდალტი. კიდალტი შექმნილია ორი ინგლისური სიტყვისგან Kid — ბავშვი და Adult — ზრდასრული. ამ სახელწოდებით იმ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომლებიც გაუცნობიერებლად გაზრდაზე უარს ამბობენ.
კიდალტად ჩამოყალიბების საფრთხე დიდია და, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, სწორედ ოჯახისგან მოდიოდეს. ინგა სიჭინავამ ისიც აღნიშნა, რომ კიდალტობა მსოფლიოს დიდი პრობლემაა და საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. ამის საფუძველი კი ის არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, რომელიც მშობლებს შვილების მიმართ აქვთ ხოლმე.
"სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ხშირად გაიგებთ ისეთ გამონათქვამს, როგორიცაა, მაგალითად, შვილი მშობლისთვის ყოველთვის ბავშვია", — გვიხსნის ფსიქოლოგი, — "მსგავსი ტიპის გამონათქვამები და მოსაზრებები უდიდესი საფრთხის შემცველია, ვინაიდან ჰიპერმზრუნველობა ძალადობის ერთგვარი ფორმაა, რომლის დროსაც ბავშვის უნარებსა და შესაძლებლობებს არ აღიარებენ. ეს კი იმას იწვევს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ვინაიდან მას უჩნდება ფრუსტრირების, იმედგაცრუებისა და მარცხის შიში".
ინგა სიჭინავა პიტერ პენის სინდრომის განვითარების მორიგ ფაქტორად ბავშვის კომპიუტერულ თამაშებთან კავშირსაც ასახელებს. მისი თქმით, როცა მოზარდები აქტიურად თამაშობენ, ისინი ემოციურ დონეზე სრულ კმაყოფილებას განიცდიან — ვირტუალურად ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ, მაგალითად, სახლი ან მანქანა. ემოციური კმაყოფილების შედეგად კი მათ რეალურ ცხოვრებაში "თამაშის" მოტივაცია შეიძლება გაუქრეთ.
გაზრდის უარყოფა როგორც კულტურულ ნორმებთან დაპირისპირება
თუმცა ოჯახური ფაქტორის გარდა, გაზრდის უარყოფა, რა თქმა უნდა, იმ ინდივიდუალური ხედვისა და გამოცდილების შედეგიცაა, რომელსაც ადამიანი ბავშვობიდან მოზარდობის პერიოდის განმავლობაში აგროვებს. როცა მოზარდები ირგვლივ მყოფი ზრდასრულების ყოველდღიურობას აკვირდებიან, ხშირად არ უნდებათ, რომ მათ დაემსგავსონ. ამგვარად, გაზრდის შიშის საფუძველი ზრდასრული სამყაროსგან განდგომა, გამოყოფა და პირადი პროტესტის გამოხატულებაც შეიძლება იყოს.
თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ სინამდვილეში მოზარდებს გაზრდაზე მეტად ის ნორმები აფრთხობთ, რომლებსაც ზრდასრული ცხოვრება გვთავაზობს. კულტურა, ამ ცნების ფართო გაგებით, რომელშიც ყველა საზოგადოებრივი წესისა და ნორმის ერთობლიობა იგულისხმება, ინდივიდის შეზღუდვისკენაა მიმართული. ის წინასწარ განსაზღვრულ სწორხაზოვან გზას გვიჩვენებს და თუ ამ გზას ვერ უწყობ ფეხს, ხშირ შემთხვევაში გარეთ რჩები და ეგრეთ წოდებული "აუთსაიდერი" ხდები.
როგორ ხედავენ მოზარდები კულტურის მიერ ნორმალიზებულ ცხოვრებას? წინასწარ განსაზღვრული ბილიკი მკაცრად ცალსახაა: ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, სამსახური, სამსახური, ანუ ყოველ დილას გაღვიძება და რუტინული სამუშაოს შესრულება იმისთვის, რომ თვის ბოლოს გადარჩენისთვის აუცილებელი ჯილდო — ხელფასი აიღო. ხელფასით ჭამ, გადასახადებს იხდი და თუ იღბლიანი ან ძალიან, ძალიან მშრომელი ხარ, დარჩენილი თანხით საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებას ახერხებ. სხვა მხრივ კი ყოველდღიურობა ხშირ შემთხვევაში ხელფასიდან ხელფასამდე, შვებულებიდან შვებულებამდე, შაბათ-კვირიდან შაბათ-კვირამდე თავის გატანის მცდელობებს მოიცავს.
მოზარდებს არ სურთ, რომ ამ ერთი შეხედვით ერთფეროვან ცხოვრებისეულ თამაშში ჩაერთონ. ისინი ზრდასრულობის მხოლოდ ერთ, უარყოფით მხარეს ხედავენ.
ჰოლდენ კოლფილდის ხმა
ლიტერატურაში მორიგი საკულტო გმირი, რომელიც გაზრდისა და ცვლილებების შიშითაა მოცული, ჰოლდენ კოლფილდია, ჯერომ სელინჯერის რომანიდან, თამაში ჭვავის ყანაში. ეს ის 16 წლის პერსონაჟია, წითელი სანადირო ქუდით, რომელსაც მუზეუმში სიარული ამშვიდებს, რადგან უცვლელი და მარადიული ფიგურების ხილვა მისთვის ნუგეშისმომგვრელია.
ჰოლდენ კოლფილდი ზუსტი სახეა იმ მოზარდებისა, რომლებიც ზრდასრულების მიერ დაწესებული ნორმების მიმართ პროტესტს გამოხატავენ და შინაგანი ამბოხით ცდილობენ, საკუთარი ინდივიდუალობა შეინარჩუნონ, ასე კი მორიგ მარიონეტად ქცევა თავიდან აიცილონ.
მარიამ გიორგაშვილი, ქართული ენის ფილოლოგი, 7 წელია, რაც სკოლაში მუშაობს, შესაბამისად, მოზარდებთან ყოველდღიურად აქვს შეხება. ამ დროის განმავლობაში ის მეცხრეკლასელებს თითქმის ყოველ წელს ასწავლიდა სელინჯერის რომანს. მან ამ წიგნის საშუალებით უხილავი კავშირის გაბმა და მოსწავლეებთან გაზრდის თემატიკაზე მსჯელობა შეძლო და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში ყველა მოზარდი წუხს გაზრდაზე.
როგორც ფილოლოგმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, ამ რომანს გატაცებით კითხულობდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც კითხვა დიდად არ უყვარდათ. მარიამი ამას ასე ხსნის: "თანამედროვე მოზარდი, ვფიქრობ, მეტად აიგივებს თავს ჰოლდენ კოლფილდთან. მას შემდეგ, რაც ჩემს მოსწავლეებს ამ წიგნს ვაკითხებ, ეს უკანასკნელი აზრი კიდევ მეტად გამიმყარდა. როგორც წესი, ამ პერსონაჟის გამოცდილება მათთვის ან ნაცნობი, ანდაც ადვილი წარმოსადგენია. ხშირად უთქვამთ, რომ თავადაც უფიქრიათ იმავე საკითხებზე, რაზედაც ჰოლდენი ფიქრობს და დარდობს, თავადაც გასჩენიათ უპასუხო კითხვები და დაბნეულან".
მარიამის თქმით, სელინჯერის ამ რომანის სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკეთ გააცნო მოზარდების ტკივილები. მსჯელობისას მათი მთავარი კითხვები კი ბავშვობის დატოვების შემდეგ არსებულ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნას ეხებოდა. "როგორია ბავშვობის დასასრული? ჰგავს თუ არა გაზრდა კლდიდან გადავარდნას და შესაძლებელია თუ არა შეინარჩუნო ინდივიდუალიზმი წესებითა და შეთანხმებებით სავსე სოციუმში? მოსწავლეები ძირითადად ამ კითხვებს მისვამდნენ ხოლმე", — იხსენებს მარიამ გიორგაშვილი.
ზრდასრულობა როგორც მეამბოხური სულის ახალი სახე
ამგვარად, მართლა ვვარდებით თუ არა კლდიდან, როცა ვიზრდებით?
მეც იმ მოზარდებს შორის ვიყავი, ვინც 16 წლის ასაკში ჰოლდენ კოლფილდით იყო შეპყრობილი. ამ წიგნის წაკითხვა შინ დაბრუნებას ჰგავდა — მეგონა, თუ ხშირად გადავიკითხავდი, არასდროს ვიგრძნობდი თავს მარტო; გავიხსენებდი, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც მსგავსმა პრობლემებმა შეაწუხა. ის ჩემი მეამბოხური სულისა და შინაგანი პროტესტის გამოხატულება იყო.
მაგრამ დროის სვლასთან ერთად იმაშიც დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში კლდიდან მაშინ ვარდები, როცა განვითარებაზე უარს ამბობ: საკუთარ ნაჭუჭში იკეტები, დროის მსვლელობას უარყოფ და ეწინააღმდეგები იმ ყველაფერს, რაც გარდაუვალია. სინამდვილეში, არც ზრდასრულებს აკლიათ ის მეამბოხური სული, რომელსაც მოზარდობისას ასე ვებღაუჭებით.
ჰოლდენ კოლფილდის ხმა სწორედ ამიტომაა ორგვარი: წიგნის დასაწყისში არსებობს ბიჭი, რომელსაც ეშინია და გაქცევის მეტს არაფერს აკეთებს, ხოლო დასასრულში ვიღებთ ბიჭს, რომელიც ხვდება, რომ რაღაცებს უბრალოდ ვერ დაუპირისპირდები. მაგრამ თუ მაინც გააგრძელებ სირბილს, კლდიდან მართლაც გადავარდები და პიტერ პენთან ერთად უსასრულო ბავშვობის კუნძულზე ჩაეშვები, სადაც დიდხანს ყოფნა საკუთარ თავს დაგაკარგვინებს.
ამას კი ვერ ვიტყვით ზრდასრულ მეამბოხურ სულზე, რადგან ეს ჩვენი ის ნაწილია, რომელიც, მართალია, შებოჭილია ყოველდღიური მარწუხებით, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ასე კი, მარადიული ბავშვობის ნაცვლად, თავისუფლებას იღებს.
კომენტარები