New Statesman: აღმასრულებელ დირექტორებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს?
ბოლო წლებში აღმასრულებელი დირექტორების ხელფასები სულ უფრო მატულობს. ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში აღმასრულებელი დირექტორი საშუალოდ 320-ჯერ დიდ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე რიგითი თანამშრომელი. ეს სხვაობა მუდმივად იზრდება.
ჩნდება შეკითხვა, იქნებ აღმასრულებელი დირექტორები ხელოვნური ინტელექტით ჩავანაცვლოთ?
აღმასრულებელი დირექტორები ზოგჯერ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებენ, მაგრამ მათი მაღალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, იქნებ თავად ისინი ჩავანაცვლოთ ხელოვნური ინტელექტით? ამ შეკითხვას ავტორიტეტული ბიზნეს ჟურნალი New Statesman სვამს.
ეს მარტივი არ იქნება, თუმცა New Statesman ამტკიცებს, რომ უკვე არსებობს ისეთი კომპანიები, რომლის აღმასრულებელ დირექტორებს ხელოვნური ინტელექტი ბევრ რამეში ჩაანაცვლებს. პირველ რიგში საუბარია ადამიანის ტენდენციურობაზე, რაც ნებისმიერ აღმასრულებელ დირექტორს შეიძლება ახასიათებდეს. სპეციალურად შექმნილი ჭკვიანი ალგორითმი კი ყოველთვის "ობიექტური" იქნება.
რა თქმა უნდა, დღევანდელი შესაძლებლობებით, ხელოვნურ ინტელექტს მთლიანად კომპანიას ვერ ჩააბარებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასზე კონკრეტული ადამიანები იმუშავებენ და მასში მონაცემების განახლება მოხდება, ასეთ შემთხვევაში, ახალმა "დირექტორმა" შეიძლება ბევრი ისეთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებდა.
კომპანიის სტრატეგიის ალგორითმისთვის ჩაბარება არც ისე ახალი იდეაა. ჟურნალი აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ბევრია და ერთ-ერთ მაგალითად ჰონგ-კონგის მასობრივი ტრანზიტის სისტემის ალგორითმისთვის ჩაბარება მოჰყავს.
ახლა, წლების შემდეგ, ჰონგ-კონგი ცნობილია იმით, რომ პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო სატრანზიტო სისტემა აქვს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მან მენეჯმენტი ხელოვნურ ინტელექტს დააკისრა.
კომენტარები