რობერტ საპოლსკი ამერიკელი ნეირომეცნიერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის პროფესორი, ნეიროენდოკრინოლოგიის დოქტორი და პრიმატოლოგიისა და ბიოლოგიური ანთროპოლოგიის მკვლევარი / ავტორია.

საპოლსკის ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერ-მწერალს უწოდებენ. მას არაერთი წიგნი აქვს დაწერილი ფართო აუდიტორიისათვის, მათ შორის: პრიმატის მემუარები: ნეირომეცნიერის უცნაური ცხოვრება ბაბუინებს შორის, რატომ არ უჩნდებათ ზებრებს კუჭის წყლული და ტესტოსტერონის პრობლემა. მისი ბოლო წიგნი ქცევა: ადამიანების ბიოლოგია 2017 წელს გამოიცა. წიგნი ეძებს პასუხს მარადიულ კითხვაზე: რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით?

ტექსტის სახით გთავაზობთ მეცნიერთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს:

ჩემი პირველი კითხვა არის შენი ლექციის “ქაოსი და რედუქციონიზმი” -ს შესახებ. ცოცხალი ორგანიზმები შეიცავენ მსგავს გაორებად, განშტოებად სისტემებს, ორგანიზაციის სრულიად სხვადასხვა დონეზე. განშტოების ერთნაირი კომპლექსურობა გვხვდება ნეირონების, არტერიების, კაპილარების და ფილტვების დონეზე. მინდა გკითხო, როგორ აკეთებს ორგანიზმი ამ განშტოებადი სისტემების ინსტრუქციებს მასშტაბისგან დამოუკიდებლად და როგორ უკავშირდება ეს "ქაოტური სისტემების" იდეას და "უცნაური ატრაქტორების" იდეას, წრფივი სისტემებისგან და ატრაქტორებისგან განსხვავებით?


გაორებადი სისტემების მთელი ეს გამოწვევა მეტისმეტად მომხიბლავი რამაა, რადგან, როგორც თქვი, ეს არის პატერნი, რომელიც მოქმედებს ერთი დენდრიტის ტოტების დონეზე, ერთი ნეირონის დონეზე, ანუ ერთი უჯრედის დონეზე, სისხლძარღვოვან დონეზე და ფილტვის დონეზე. ეს იგივეა, რაც ხის და მისი ტოტების შემთხვევაში ხდება. იგივეს ვხედავთ, როცა ვუყურებთ ნილოსის დელტას თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოს, როცა ის ხმელთაშუა ზღვას ამარაგებს და ტოტებად იყოფა და ერთი რამ, რაც მკაფიოა, ისაა, რომ შეუძლებელია ასეთი სისტემის კოდირება გენების მეშვეობით, ერთი ერთზე შესაბამისობით.

მარტივი მაგალითი: თუ ავიღებთ ნეირონს, მას ექნება საშუალოდ 10 000 დენდრიტული მორჩი და შეუძლებელია, რომ თითოეულ მორჩს განსაზღრავდეს ერთი გენი, რადგან მთელ გენომში მხოლოდ 20 000 გენი გვაქვს. ამრიგად, გამოწვევაა, როგორ მივიღოთ ეს განშტოების განმეორებითი პატერნი მასშტაბისგან დამოუკიდებლად, ზედმეტად ბევრი ინსტრუქციების, განსაკუთრებით გენეტიკური ინსტრუქციების გამოყენების გარეშე, რომელიც იმუშავებდა როგორც ერთი უჯრედის, ისე ორგანოთა სისტემების დონეზე. რასაც ამ შემთხვევაში იღებ, არის წესები, რომლებიც უნდა წარმოშობილიყო სისტემის ბიოფიზიკური თვისებებიდან, ანუ უნდა არსებობდეს წესი, რომელიც ერთდროულად მიესადაგება დენდრიტის ტოტებს უჯრედში ან ფილტვის განშტოებებს, რომელიც ათასობით და მილიონობით უჯრედს მოიცავს.

ესაა კანონები იმის შესახებ, რომ თუ გაქვს მილი, დენდრიტული მორჩი, ან სისხლძარღვის მილი ან ფილტვი ფილტვის სისტემაში, უნდა გქონდეს რაღაც ტიპის კანონი, რომელიც განსაზღვრავს მდგრად ურთიერთობას მილის დიამეტრსა და მის სიგრძეს შორის. Შეიძლება გქონდეს წესი, რომ "თუ ესა და ეს დიამეტრია, გაიზარდე ამ მანძილზე ხუთჯერ დიდი სიგრძით და შემდეგ გაიყავი ორად" და ამ მომენტში თითოეულის სანათური არის თავდაპირველი მილის დიამეტრის ნახევარი, ამრიგად სიგრძეში ხუთჯერ გაზრდა ნიშნავს დიამეტრის განახევრებას და შემდეგ ისევ იყოფა და იყოფა.

როგორ აღწევს ადამიანის ტვინი ამდენ განსხვავებულ, უნიკალურ რაღაცას, იმის გათვალისწინებით, რომ ამის უკან იგივე ცხოველური ნეიროფიზიოლოგია დგას?

ეს დიდებულია ინფორმაციულ და მათემატიკურ დონეზე. საიდან ვიცით, როდის უნდა გაიყოს, როგორ განისაზღვრება, რა მოქმედებს იმგვარად, რომ მუშაობს როგორც თითოეული უჯრედის, ასევე — ორგანიზმის დონეზე. გაცილებით უფრო მარტივია ამის აღწერა ვიზუალურ დონეზე, მაგრამ არსებობს ფანტასტიკური მოდელები, თუ როგორ ხდება, რომ მზარდი ტოტის წვერი, რომელზეც მოთავსებულია ზრდის ფაქტორი და მისი კრიტიკული თვისებაა, რომ როცა მორჩი აწვება ამ ზრდის ფაქტორის ჯიბეს, ის წნევით ორად იყოფა, თითოეული ორიგინალის ნახევარი ზომა, რომელიც იწვევს ზრდას სხვა მიმართულებით, რომელიც გაყოფის შემდეგ კვლავ განიტოტება და თითოულ შემთხვევაში იღებს ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორის მოცულობას და ორად გაყოფის შემდეგ მომდევნო ტოტი მანძილის ნახევარია. ეს არის თეორიული მოდელები და საოცარია, რომ ჯონ ფონ ნოიმანმა, უჯრედული ავტომატების და კომპიუტერული მეცნიერებების დამფუძნებელმა ეს მოდელი შექმნა 1950-იანებში, თუ როგორ უნდა ავხსნათ ბუნებაში განშტოების პატერნები და მისი პროგნოზებით, უნდა არსებობდეს ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი ამა და ამ თვისებით და ზრდის მაინჰიბიტრებელი ფაქტორი სხვა თვისებით. გასულ წლებში ადამიანებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ზუსტად ეს ხდება რასაც პოულობ განვითარებად ფილტვში, განვითარებად სისხლძარღვოვან სისტემაში და ნეირონებში. ამრიგად, ეს წესები უნდა იყოს მასშტაბისგან დამოუკიდებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ფრაქტალურ ბიოლოგიასთან.

კიდევ ერთი შესაძლო მაგალითი, რომელიც მასშტაბისგან დამოუკიდებელი ფრაქტალების შესახებ გამახსენდა, არის ის, რომ ორგანიზმი ორგანიზაციის მრავალ დონეზე მოქმედებს, როგორც ერთგვარი შერჩევითი საცერი. ის თავს არიდებს მზარდ ენტროპიას, რაღაცეების გაფილტვრის გზით, მაგალითად თირკმლების შემთხვევაში ის ფილტრავს სისხლის ზოგიერთ კომპონენტს გარეთ და ინარჩუნებს სხვა სასარგებლო რაღაცებს, თირკმლების ცალკეული ნაწილები, ნეფრონის დონეზე იმავეს აკეთებს, მემბრანები ნეირონებში შეღწევადია ერთი სახის იონებისთვის და გაუმტარია სხვა იონებისთვის, ნეირონული ქსელები მუშაობენ, როგორც სიგნალის სელექციურად გაძლიერების მანქანები, ლატერალური ინჰიბირების პროცესის გამოყენებით და კოგნიტურ დონეზეც გვაქვს ყურადღება, რომელიც ამოარჩევს სამყაროს ერთ თვისებას სხვა ასპექტების დამუშავების ხარჯზე. არის თუ არა ეს იგივე ფენომენი, რაზეც ვსაუბრობდით?

არის კონცეპტუალურ დონეზე, ნაკლებად პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ კონცეპტუალურად იგივეა. მაგალითად ავიღოთ ნეირონი, ერთი პრინციპი, რომელიც მუშაობს ნებისმიერ ბიოლოგიურ სასიგნალო სისტემაში არის სიგნალის მაქსიმიზება ხმაურზე, იყოს ძალიან მკაფიო, როცა სიგნალს იწყებ და ასევე მკაფიო იყოს მისი დასასრულიც. ერთი ნეირონი ერთი მოქმედების პოტენციალით, როგორ აკეთებს ამას? მას აქვს მექანიზმი, რომ მოქმედების პოტენციალის აგზნების შემდეგ შენ არ ბრუნდები იქ, სადაც დაიწყე, არამედ უფრო ღრმად ჩადიხარ ჰიპერპოლარიზებულ მდგომარეობამდე, ვიდრე აღდგება. რას აკეთებს ეს? ეს არის იმის თქმის გზა, რომ სიგნალი დასრულდა, იმდენად მორჩა მოქმედების პოტენციალი, რომ არა მხოლოდ საწყის მდგომარეობას დავუბრუნდით, არამედ უფრო ქვემოთაც ჩავედით, რათა კონტრასტი უფრო თვალსაჩინო იყოს. ეს არის გზა, იყო აქტიურად ჩუმად, მას შემდეგ, რაც აქტიურად ხმაურიანი იყავი. ეს მოქმედებს ერთი მოქმედების პოტენციალის დონეზე. შემდეგ, როდესაც უყურებ ნეირონებში მოქმედების პოტენციალების ნაკადს, ხედავ, რომ მას აქვს კოლატერალური ტოტი, რომელიც საკუთარ თავს უბრუნდება და აინჰიბირებს. ამრიგად, გაქვს მოქმედების პოტენციალების ნაკადი, რომელიც სისტემას გამორთავს. ეს არის გზა ნეირონისთვის, არა მხოლოდ გაამკვეთოს ერთი მოქმედების პოტენციალი, არამედ მოქმედების პოტენციალები და შემდეგ, როგორც შენი თქვი, გაქვს წრედები, რომელთაც აქვთ ლატერალური ინჰიბიციის უნარი, სადაც ნეირონი გამორთავს მეზობელ ნეირონებს, რათა უფრო მკვეთრი გახადოს თავისი სიგნალი სივრცეში მაშინ, როცა წინა შემთხვევაში სიგნალი დროში ძლიერდებოდა, განსხვავებული მექანიზმებია, მაგრამ კონცეპტუალურად ერთი და იგივეა ყველა ამ შემთხვევაში. სიგნალირების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ძალიან ძალიან ხმამაღალი, როცა რამე გაქვს სათქმელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო სრულიად ჩუმად მომდევნო მომენტში, რადგან ამ ორის გარჩევა გჭირდება, და ყველა ამ დონეზე მასშტაბისგან დამოუკიდებლად გაქვს ეს მექანიზმები, ამიტომ მსგავსი რამაა.

ადამიანის ტვინი არ არის უნიკალური ფიზიოლოგიურად, ჩვენ ვსაუბრობდით მოქმედების პოტენციალებზე და ყველა ცხოველში მოქმედების პოტენციალი ერთნაირად მუშაობს, იყენებს იმავე იონებს და იონურ ტუმბოებს, როგორც სხვა ცხოველებში, მაგრამ ადამიანის ტვინს აქვს უნიკალური თვისებები, როგორიცაა ენა, კულტურა, აბსტრაქტული აზრი, მას აქვს სამყაროს მოდელირების დახვეწილი მეთოდები და ამასთან ერთად აქვს საკუთარი თავის, როგორც მოდელერის მოდელი, როგორ აღწევს ადამიანის ტვინი ამდენ განსხვავებულ, უნიკალურ რაღაცას, იმის გათვალისწინებით, რომ ამის უკან იგივე ცხოველური ნეიროფიზიოლოგია დგას?

"თუ შიმპანზეს ტვინის ნეირონები გაიყოფა უფრო მეტჯერ, ეს შიმპანზე რელიგიებსა და ეკონომიკურ სისტემებს გამოიგონებს"

ის ზუსტად ერთნაირია, როგორც თქვი, იგივე ნეიროტრანსმიტერები, იგივე ფერმენტები. როგორ აღმოჩნდა, რომ ადამიანები ვართ? გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანები აღტაცებულები იყვნენ იმით, რომ ადამიანის გენომი გაიშიფრა და შემდეგ ათწლეულებში გაიშიფრა შიმპანზეს გენომი და შემდეგ ბონობოს და გორილას და ყველა ამბობდა, რომ აი, აქ უნდა იყოს ახსნა. ათწლეულებია ცნობილია, რომ ადამიანები და შიმპანზეები იზიარებენ დნმ-ის დაახლოებით 98%-ს და საბოლოოდ როცა მოხდა შიმპანზეს გენომის გაშიფვრა, შესაძლებელი გახდა ამ 2%-იანი სხვაობის შედარება. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო გენები და ყველა დაკავშირებული იქნებოდა ტვინის ფუნქციონირებასთან, მაგრამ როცა გამოიკვლიეს, თითქმის არცერთი მათგანი არ იყო კავშირში ტვინთან. გენეტიკური განსხვავებების ნახევარი შიმპანზეს და ადამიანს შორის ყნოსვის რეცეპტორებს შეეხება, შიმპანზებს აქვთ ისინი, ჩვენთან ინაქტივირებულია მისი გენები, მეორე ნახევარი გენების არის სხეულის თმიანობის შესახებ ან იმუნური სპეციფიკურობის. სად არის გენები, რომლებიც განასხვავებს შიმპანზეს და ადამიანის ტვინებს? რაც ძალიან გაოსაოცარია, ასეთი გენი ძალიან ცოტაა, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, გასაგებს ხდის ყველაფერს. ეს გენები არის იმის შეეხებ თუ გაყოფის რამდენ ციკლს გაივლის ნაყოფის ტვინის უჯრედები. ადამიანის ნაყოფში შიმმპანზეს ნაყოფისგან განსხვავებით გენების ის ვერსიები გვაქვს, რომ ადამიანის ნაყოფის ტვინის უჯრედები იყოფა სამჯერ თუ ოთხჯერ უფრო მეტად. 2X2X2X2, თუ ამას გააკეთებ ეს იქნება შიმპანზეს ადამიანად გადაკეთება, მათ ტვინში უჯრედები სამჯერ ან ოთხჯერ მეტად გაიყოფა და თუ გაქვს საკმარისი შიმპანზის ნეირონები, ამას უკვე ადამიანის ტვინი ეწოდება. თუ გაქვს შიმპანზეზე რვაჯერ მეტი ნეირონი, გამოიგონებ ადამიანის ტვინს ცნობიერებით, ესთეტიკით, თეოლოგიით და პოლიტიკით და ამ ყველაფრით. რასაც ეს გვეუბნება ისაა, რომ ეს ემერგენტული თვისებაა. მარქსს ჰქონდა ეს შესანიშნავი ციტატა: "საკმარისი რაოდენობით მიიღებ თვისებას". და ეს ზუსტად შეესაბამება სიმართლეს, მეტი ნიშნავს განსხვავებულს. თუ შიმპანზეს ტვინის ნეირონები გაიყოფა უფრო მეტად, ეს შიმპანზე რელიგიებსა და ეკონომიკურ სისტემებს გამოიგონებს. ყველაფერი რაც განსხვავებულია ადამიანის ტვინის შესახებ, არის წმინდად რაოდენობრივი და საკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება ბევრნაირი საინტერესო თვისება.

თავისუფალი ნების, როგორც მიზეზობრივი გავლენებისგან დამოუკიდებელი რაღაცის იდეა, შეუძლებელად ჩანს და ბევრი ავტორი მიუთითებს, რომ ეს ცნება მოდის თეოლოგიიდან და არა მეცნიერებიდან. ეს იყო ერთგვარი გამართლება იმ თეოლოგებისთვის, რომლებსაც ბოროტების პრობლემის ახსნისგან თავის არიდება სურდათ. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნების, ან გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის ცნებები, ზოგადად, სრულიად მცდარია. Შენ ხარ ასე ვთქვათ die-hard დეტერმინისტი, როგორც სემ ჰარისი და ბევრი სხვა მოაზროვნე, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ბანაკი, რომლის წევრებიც ამტკიცებენ, რომ დეტერმინიზმი შეთავსებადია თავისუფალ ნებასთან, მაგალითად დენიელ დენეტი. ისინი ამტკიცებენ, რომ თავისუფალი ნება ხარისხობრივია, ეს არის რაღაც, რამაც ევოლუცია განიცადა, ის არ არის დამოუკიდებელი კაუზალური გავლენისგან, მაგრამ ნებას თავისთავად შეუძლია იმოქმედოს, როგორც კაუზალურმა აგენტმა. კიდევ ერთი პოზიციაა აგნოსტიციზმი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ სამყარო დეტერმინისტულია, რადგან ჩვენ ჯერ არ გვაქვს სამყაროს სრული სურათი. ის არ არის სრულად აღწერილი ჯერ და ამრიგად მტკიცება, რომ სამყარო ზოგად დონეზე დეტერმინისტულია მეტაფიზიკურია. როგორ უპასუხებდი კომპატიბილისტების იდეებს ან იმ ადამიანების, ვინც ამბობენ რომ სამყარო დეტერმინისტული არაა. არის თუ არა მკაცრი დეტერმინიზმი ერთადერთი ხელმისაწვდომი არჩევანი, შენი აზრით?

მე უკიდურესად მემარცხენე ვარ ამ ველში, ისევე როგორც სემ ჰარისი და კიდევ რამდენიმე ფილოსოფოსი, აბსოლუტური მკაცრი დეტერმინიზმის თვალსაზრისით და მტკიცე ინკომპატიბილიზმის. როდესაც კითხულობთ ნებისმიერ ფილოსოფოსს და სამწუხაროდ, ზოგიერთ ნეირომეცნიერს, რომლებსაც უკეთ უნდა ესმოდეთ, ხშირად შეგხვდებათ, რომ კიკი, სამყარო დეტერმინისტულია, ჩვენ არაფერი ვართ გარდა ატომების და მოლეკულების, სუბატომური ნაწილაკების გარდა, შენ არაფერი ხარ ბიოფიზიკური კანონების და ფიზიკური სამყაროს კანონების გარდა, თუმცა, რაღაცნაირად, ბოლოში ამ ყველაფერიდან შეგიძლია გამოიყვანო თავისუფალი ნებაც. და თუ ყურადღებით დააკვირდები არგუმენტებს, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ, ისინი გარკვეულ კატეგორიებში თავსდება. ან ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ვიღაცას განზრახული ჰქონდა თუ არა რაღაცის გაკეთება ამ მომენტში და არ ინტერესდებიან ისტორიით, არ ინტერესდებიან იმ ფაქტით, რომ ყველა მომენტი იქამდე იყო შედეგი წინამდებარე მომენტის. ან ამბობენ, რომ თუ არ ჩანს, რომ ეს თავისუფალი ნების გამოვლინებაა ეს მანამდე მოხდა ან ტვინის სხვა ნაწილში, ან არ მომხდარა ტვინში არამედ ტვინებს შორის ხდება, სოციალურ ურთიერთქმედებებში და ეს არის ყველა ის არგუმენტი, რასაც ადამიანები ამბობენ და არ მინდა, რომ სარკასტული ვიყო, მაგრამ როცა ახლოდან შეხედავ რასაც ამბობენ ეს კომპატიბილისტი ფილოსოფოსები არის შემდეგი: კი, კი კი, რა თქმა უნდა არაფერი ვართ მოლეკულების გარდა, კი კი ვარსებობთ ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ არ ვართ შუა საუკუნეების ალქიმიკოსები. კი კი, მაგრამ რაღაცნაირად თავისუფალი ნება არსებობს და ამის ახსნა ყოველთვის გულისხმობს რაღაც ჯადოქრობას. ეს არის რაღაც ტიპის სოფისტიკა, ან ლოგიკური ხრიკი, ან რაღაც ტიპის მაგია. და ხშირად ეს ხალხი ამბობს, რომ "არა არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაც ხდება მიზეზის გარეშე” ჩვენ ვამბობთ რომ ეს ხდება მაგიური მიზეზების გამო და ეს არაფრითაა უკეთესი. სარკასტულად ვიტყვი, მთელი ეს სტატიები ფილოფოსებისგან თავისუფალი ნების შესახებ, რომლებიც ცდილობენ თავისუფალი ნების ინკორპორაციას ნეირომეცნიერებაში, არსებითად სამ წინადადებამდე დაიყვანება: პირველი წინადადება: ვაუ, ნეირომეცნიერებამ ასეთი საინტერესო რაღაცები აღმოაჩინა. მეორე წინადადება: ზოგიერთი ასეთი აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალ ნებას, აგენტობას და მორალურ პასუხისმგებლობას და გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი უნდა გადავაფასოთ. მესამე, არა, სინამდვილეში არა და ეს არის მათი პოზიცია არსებითად. ისინი გამოტოვებენ ლოგიკურ ნაბიჯებს, რომ ფეტალურ გარემოს შეუძლია გავლენა ჰქონდეს, თუ როგორი ზრდასრული ხარ, ბავშვობაში კვებას, ამ დილის ჰორმონების დონეს, შარშან მიღებულ ტრავმას, რა სუნია ამ ოთახში, ყველაფერი ერთი წამით ადრე და ცხოვრების ხანგრძლივობით ადრე, განსაზღვრავს ქცევას და რაღაცნაირად მათ სჭირდებათ აქედან თავისუფალი ნების გამოყვანა, რადგან ეს ადამიანებისთვის ძალიან ძალიან არაკომფორტულია და პანიკის ზღვრამდე მიჰყავს იმ აზრს, რომ არაფერი ვართ ბიოლოგიური ორგანიზმების გარდა.

მე მიდრეკილი ვარ დავეთანხმო შენ პოზიციას, რადგან ტვინის სიმსივნის შემთხვევაში, რომელიც აიძულებს ადამიანს რაღაცის გაკეთებას, ის უფრო აშკარა მიზეზია, მაგრამ ნორმალურ ტვინშიც, რაღაც სხვა ხდება, რაც ადამიანის ქცევას წარმართავს, მაგრამ ნაკლებად აშკარაა მაგრამ მაინც მიზეზია


ზუსტად, და თუ ტვინის სიმსივნეა, ეს არის სიმსივნე აქ და ახლა, უმეტეს შემთხვევაში კი მიზეზია არა ერთი ტვინის სიმსივნე აქ და ახლა, არამედ ოთხი ათასი განსხვავებული გავლენა, რომელიც დაიწყო იმ მომენტიდან, როცა განაყოფიერებული უჯრედი იყავი დასრულებული ორი წუთით ადრე მომენტით. და ეს ბევრად უფრო რთულია, რომ გაიგო, განაწილებული მიზეზობრიობა უფრო რთული გასაგებია ადამიანებისთვის, უფრო მარტივი გადასაწყვეტია, რომ თუ ძალიან ბევრი მცირე მიზეზია, არაფერი იწვევს, არამედ ჯადოსნურად მოხდა და ამ ლოგიკურ ცდუნებაზე წამოგება ძალიან მარტივია.

შემდეგი შეკითხვაა, რა არის ნევროლოგიური, ჰორმონული და ევოლუციური და სხვა საფუძვლები ტრაიბალიზმის და ნაციონალიზმის და თუ დაკვირვებიხარ რამე საინტერესოს ამ მხრივ პანდემიის განმავლობაში. ცნობილია, რომ პანდემიების დროს ხდება ქცევითი იმუნური სისტემის აქტივაცია, რომელიც ადამიანებს უფრო ქსენოფობიურებად და ნაციონალისტებად აქცევს. რა არის ნაციონალიზმის საფუძველი ზოგადად და თუ დაკვირვებიხარ ადამიანის ქცევის საინტერესო ცვლილებებს ამ კუთხით მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო?

მეტწილად ქცევის დეპრესიის გამომწვევ მაგალითებს. სტრესის ბევრ შემთხვევაში, ინდივიდუალური სტრესი, საზოგადოებრივი სტრესი ადამიანებში ყველაზე უარესს ავლენს. აშშ-ში ჩვენმა ექს პრეზიდენტმა პანდემიის წინა წელი დახარჯა იმაში, რომ ეს გამოიგონეს ჩინელებმა და რაღაცნაირად ეს მათი ბრალია, შეთქმულების თეორიები, სიძულვილი, ასეთი რაღაცეებია, რასაც აღმოაჩენ, როცა ადამიანები სტრესში არიან. არა მხოლოდ იცვლება მათი მეხსიერება, განსჯა და გუნება-განწყობა, არამედ მათი ემპათიის უნარიც ქვეითდება. ვფიქრობ, ესაა, რაც ვნახეთ. რასაც ასეთი კრიზისი აკეთებს, იღებს დაყოფას ჩვენს ტვინში, თუ ვინ არის ჩვენიანი და უფრო აზვიადებს მას. ვიწროვდება წრე, რომელიც უფრო და უფრო ახლოსაა სახლთან და ნაკლები ადამიანია, ვის საჭიროებებზე უნდა იზრუნო. პარალელურად, ფართოვდება "ისინი", რაც აუარესებს ურთიერთობას, როგორც მეზობლებს შორის, ასევე ეთნიკურ ჯგუფებსა თუ ერებს შორის. ის დაყოფას ბევრად უფრო დრამატულს ხდის. ვფიქრობ, ეს იყო მიზეზი რატომაც ვნახეთ მსოფლიოს ბევრ ნაწილში და დანამდვილებით აღმოსავლეთ ევროპაში, რომ ნაციონალიზმმა შემაწუხებელი ფორმა მიიღო. რამდენადაც პრიმატები ვართ, პრიმატების უმეტესობა ჰყოფს სამყაროს “ჩვენ და ისინი”-თ და რა იგულისხმება “ჩვენ”-ში ადამიანების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ყველა ტიპის უგუნურ აბსტრაქციების საფუძველზე, “რამდენი ღმერთი არსებობს?” “შენი სისტემა კომუნისტური უნდა იყოს თუ კაპიტალისტური?” “ადამიანს ერთი მეუღლის უფლება უნდა ჰქონდეს თუ ბევრის?” ეს ზოგადი, ადამიანისთვის სპეციფიკური აბსტრაქციებია, მაგრამ მაინც, ძალიან პრიმატულია დაყოფა ჩვენ-ს და მათ-ს შორის. რასაც ჩვენ ვაკეთებთ იდეოლოგიებით, არის გაცილებით უფრო ფართო და მახინჯი, ვიდრე ნებისმიერი შიმპანზე წარმოიდგენდა და პანდემიის დროს რაც ხდება არის ის, რომ ჩვენი ყველაზე ცუდი მხარეები გამოდის წინ.

ერთი დამატებითი საკითხი, რასაც მინდა შევეხოთ, არის უთანასწორობა. მე წაკითხული მაქვს შენი სტატია და შენი წიგნის ის ნაწილი, რომელშიც წერ, რომ სუბიექტური სოციოეკონომიკური სტატუსი აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობას. უთანასწორობა გაცილებით უფრო წინააღმდეგობრივი თემაა საქართველოში, რადგან როგორც ექს-კომუნისტური ქვეყანა, როდესაც საუბარს იწყებ უთანასწორობაზე დაურეგულირებელ ბაზრებზე, აკრიტიკებ ამას, ყველა გეუბნება რომ კომუნისტი ხარ და საბჭოთა კავშირში გინდა დაბრუნება და ამიტომ აქ განსხვავებული თემაა უთანასწორობის კრიტიკა. ვფიქრობ ამიტომ სასარგებლო იქნება ახსნა, რატომაა უთანასწორობა ცუდი ჯანმრთელობისთვის და რატომ არიან უფრო თანასწორი ქვეყნები უკეთ ყველა პარამეტრით?

ადამიანებმა დიდი ხანია იციან, რომ სოციოეკონომიკური სტატუსი კორელირებს სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის საზომებთან. აშშ-ში შეხედავ 5% ყველაზე მდიდარს და 5% ყველაზე ღარიბს და გაქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის 25-წლიანი სხვაობა. ეს საკმაოდ დრამატული რამაა და გვხვდება ყველა ვესტერნიზებულ ქვეყანაში, არა ისე ექსტრემალურად როგორც აშშ-ში, მაგრამ მაინც. ამ დროის განმავლობაში იყო ახსნა, რომ აჰა, ღარიბ ადამიანებს არ შეუძლიათ ექიმთან წასვლა, მაგრამ ამაში არაა საქმე, რადგან აკვირდები ქვეყნებს უნივერსალური ჯანდაცვით და იგივე ურთიერთობაა ეკონომიკურ სტატუსსა და ჯანმრთელობას შორის. მაშინ სხვა მიზეზი: ღარიბი ადამიანები უფრო ხშირად ცხოვრობენ ტოქსიკურ ნარჩენებთან ახლოს, ან ცხოვრობენ სახიფათო სამეზობლოებში ან ჯანმრთელობის კლუბებში, მათ არ აქვთ ფული ჯანსაღი კვებისთვის და თუ ყურადღებით ჩაატარებ კვლევას და აღმოაჩენს რომ ცხოვრების სტილი, დამცავი ფაქტორები ხსნის მხოლოდ ვარიაბელურობის ⅓-ს. რასაც ხედავ ისაა, რომ ზუსტად ამ კვლევებში, თუ შეხედავ ცდისპირის ობიექტურ სოციოეკონომიკურ სტატუსს, და ეს არის მათი ჯანმრთელობის პრედიქტორი, მაგრამ ასევე, თუ მათ სუბიექტური სოციო-ეკონომიკური სტატუსის შესახებ ჰკითხავ, როდესაც სხვებს ადარებ, როგორ გრძნობ, რომ ხარ ეკონომიკურად და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის პროგნოზირება უკეთ შეიძლება სუბიექტური სოციო-ეკონომიკური სტატუსით, ვიდრე ობიექტურით. რას გვეუბნება ეს? შენი ჯანმრთელობისთვის ცუდია არა ღარიბად ყოფნა, არამედ ღარიბად თავის გრძნობა. და რა არის საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი გზა თავი ღარიბად გაგრძნობინოს, არის რომ გარშემო იყოს ყველაფერი, რაც შენ არ გაქვს, სახეში შემოგაჩეჩოს. უთანასწორობა აკეთებს იმას, რომ იღებს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი და ახსენებს ამას განმეორებით ყოველდღე. რამდენადაც სიღარიბეა ცუდი ჯანმრთელობის პრედიქტორი, ის სტატისტიკურად გაშუალებულია სიღარიბის სუბიექტური შეგრძნებით, რაც სტატისტიკურად გაშუალებულია ადამიანის გარშემო არსებული შემოსავლების უთანასწორობით, და რასაც ხედავ ისაა, რომ მეტი შემოსავლების უთანასწორობა წარმოქმნის საზოგადოებას, სადაც ადამიანები არ ენდობიან ერთმანეთს, სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ არ ჰყავთ ტოლები, სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ ხმა არ აქვთ, არ აქვთ ქმედითობა. Სოციოლოგებს აქვთ ტერმინი სოციალური კაპიტალი - ნდობის და ემოციური რესურსების რაოდენობა, რომელიც ადამიანებს აქვთ ურთიერთდამოკიდებულებაში. როცა საზოგადოება უთანასწოროა, სოციალური კაპიტალი ქვეითდება და ქრება და ეს ამოძრავებს ღარიბების ჯანმრთელობის გაუარესებას და ამის საუკეთესო დემოსტრაციაა, რომ თუ შეხედავ, რა დაავადებებია ასოცირებული სოციეკონომიკურ სტატუსთან, ეს არის იგივე დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სტრესით და უფრო უარესად იგრძნობა უთანასწორო საზოგადოებაში. ბოლო პუნქტი: აშშ-ში შეგიძლია მთელი დღე იარო და უთხრა ადამიანებს, რომ რამდენად უსამართლოა ეს ღარიბებისთვის, მაგრამ მმართველ კლასს ეს არ აინტერესებს, რაღაც რაც ყველას დააინტერესებს, მათ შორის მმართველ კლასსაც, არის როდესაც უთანასწორობა იზრდება, ყველას ჯანმრთელობაც უარესდება. ღარიბების გაცილებით უფრო უარესდება, საშუალო კლასის საშუალოდ, მაგრამ მდიდრებშიც მათი ჯანმრთელობა ოდნავ უარესდება უთანასწორობის ზრდასთან ერთად, რადგან ისინი უფრო მეტ სტრესში არიან იმისგან, რომ კედლები უნდა ააშენონ გარე სამყაროსგან თავის ასარიდებლად, მათ შრომა უნდა ჩადონ კედლების აშენებაში და ეს თავისთავად სტრესულია. ამიტომ თუ ღარიბები არ გადარდებს და მხოლოდ მდიდრები გადარდებს, უთანასწორობა არც მდიდრების ჯანმრთელობისთვის არის კარგი.