ადამიანები რობოტებსაც სექსისტურად აღიქვამენ — კვლევა
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც საქმე ხელოვნური ინტელექტის სქესს ეხება, ადამიანები უპირატესობას მდედრობით სქესს ანიჭებენ და მას უფრო სანდოდ აღიქვამენ.
კვლევამ აჩვენა, რომ "ქალი" რობოტი უფრო "პოზიტიურ" თვისებებთან ასოცირდება, ვიდრე "კაცი" რობოტი. მომხმარებლებისთვის რობოტი, რომელსაც ქალის ხმა, ან განსახიერება აქვს უფრო სანდო და "ადამიანურია".
მკვლევრებმა 3 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს. კვლევის ფარგლებში უნდა გამოვლენილიყო ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სითბო, გამოცდილება და კომპეტენცია. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს "ქალი" რობოტები ერჩივნათ, რადგან მათ მიმართ ბევრად დადებითი განწყობებით იყვნენ, ვიდრე "კაცი" რობოტების მიმართ.
"კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები მდედრობით სქესს უპირატესობას ისეთ პროდუქტების გამოყენებისას ანიჭებენ, როგორიცაა Amazon Alexa და Google Home. ეს შეიძლება ამოდიოდეს იქიდან, რომ მფლობელისთვის "ქალი" მარტივი დავალების შემსრულებელთან ასოცირდება", — ამბობენ კვლევის ავტორები.
მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება ადამიანების გონებაშია დალექილი და მეორე მხრივ, ამან მსგავს სტერეოტიპს, შეიძლება, ხელი კიდევ უფრო შეუწყოს. როდესაც უმეტეს ჭკვიან მოწყობილობებში მდედრობითი სქესის ხმაა ჩაშენებული, ეს შეიძლება ასოცირდეს იმასთან, რომ მცირე დავალებებს ქალები ასრულებენ.
გენდერულად ნეიტრალური რობოტები
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი პრობლემების და სტერეოტიპების გადასაჭრელად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, მსგავს ტექნოლოგიებზე მომუშავე ადამიანებმა გენდერულად ნეიტრალური არსებები უნდა შექმნან.
"ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სპეციალისტებს უსქესო რობოტების "ადამიანურად" წარმოჩინება გაუჭირდებათ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია", — ამბობენ მკვლევრები.
არსებობს მეორე გზაც, მეცნიერებმა მდედრობითი და მამრობითი რობოტების თანაბარი რაოდენობა უნდა შექმნან.
ჭკვიანი მოწყობილობების განვითარებასთან ერთად, რობოტი, რომელსაც ადამიანის ხმა აქვს, კიდევ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდება. შესაბამისად, მსგავსი კვლევები აუცილებელი იქნება, რათა უნებლიედ, სექსიზმის გაღვივებას ხელი არ შევუწყოთ.
კომენტარები