ექსპერიმენტულ მკურნალობის ახალ მეთოდს შეეძლება ზრდასრულ ადამიანს დაკარგული კბილი ახლიდან გაუზარდოს. იაპონელი მეცნიერები კიოტოსა და ფუკუის უნივერსიტეტიდან ამ მეთოდის დახვეწაზე მუშაობენ. ამ ეტაპისთვის კი შექმნილი აქვთ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდი, რომელსაც, როგორც ჩანს, ახალი კბილის ამოსვლის გამოწვევა შეუძლია.

შესაბამისი კვლევა მეცნიერებმა Science Advances-ში გამოაქვეყნეს და აქ აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტები გრძელდება და თუ ისინიც წარმატებული იქნება, მეთოდის ეფექტიანობა რეალური გახდება.

ეს შეიძლება რევოლუციური მეთოდი იყოს, რომელიც სრულად შეცვლის სტომატოლოგიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას — იმპლანტოლოგიას, რომელიც პაციენტებს დაკარგული კბილის აღდგენას იმპლანტატების ჩადგმის გზით სთავაზობს. ახალი მეთოდით შეიძლება დაკარგული კბილის ადგილას ახალი კბილი, მკურნალობის გზით ამოვიყვანოთ (როგორც ბავშვობაში, როცა კბილებს ვიცვლიდით).

მიუხედავად პერსპექტივებისა, აღნიშნული მისია მაინც რთული გამოწვევაა. ძირითადად, იმიტომ, რომ გენები, რომლებიც კბილების გაზრდაზე ახდენს გავლენას, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ორგანიზმის განვითარებაზეც. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე კი, სანამ მკვლევართა გუნდი დამატებით ეფექტებს გამორიცხავდა, ლაბორატორიულ თაგვებში ამ მეთოდმა ბევრი დეფექტი გამოიწვია. საბოლოოდ კი, გუნდმა დაასკვნა, რომ გენ USAG-1-ის ბლოკირებას ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) გაზრდილ აქტივობამდე მივყავართ. ეს კი ის მოლეკულაა, რომელზეც დამოკიდებულია, თუ რამდენი კბილი ამოუვა ადამიანს. BMP-ს გააქტიურებამ ზრდასრულ თაგვში იმ კბილების ამოსვლა გამოიწვია, რომელიც მას ამოღებული ჰქონდა.

თაგვების გარდა, ექსპერიმენტი ქრცვინებზეც ჩატარდა, რაც, მკვლევართა თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ცხოველების კბილები ადამიანისას უფრო ჰგავს, ვიდრე თაგვების.

"ჩვენი შემდეგი გეგმაა გამოვცადოთ ეს ანტისხეულები სხვა ცხოველებზე, როგორიცაა ღორები და ძაღლები", — ამბობს კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარი და ნაშრომის წამყვანი ავტორი კატსუ ტაკაჰაში, პრეს რელიზში.

ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი მანამ, სანამ ამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან. თუმცა, თუ ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, მომავალში შეიძლება დაკარგული კბილის ბუნებრივი, ჩვენივე კბილით აღდგენის ინოვაციური და პრაქტიკული საშუალება გვქონდეს.