10 ქართული ფილმი, რომელიც შენს საყვარელ სერიალად იქცეოდა
საკამათოა, თუმცა, რეალობას სულაც არ იქნება აცდენილი, თუ ვიტყვით, რომ სერიალებმა პოპულარობით დიდი ხანია, კინოინდუსტრია დაჯაბნეს. გარდა იმისა, რომ სერიალის გადაღება ხშირად კომერციულად უფრო მომგებიანია, მაყურებლის ინტერესები 21-ე საუკუნის 10-იან წლებში შეიცვალა. თუკი წარსულში პარასკევი საღამოს გატარებას კინოსეანსზე ამჯობინებდნენ, ახლა ჯანქფუდმომარაგებული სხდებიან დივანზე და მთელი სეზონის ყურებით ათენებენ.
სხვათა შორის, უკვე ფილმებად არსებული ისტორიების სერიალად გარდაქმნაც არაა პოპკულტურაში უცხო. 2013 წელს გამოსული და კომერციულად წარუმატებელი The Mortal Instruments: City of Bones-ის შემდეგ 2016 წელს სერიალი Shadowhunters გამოვიდა და ახალგაზრდა მაყურებლების ბევრად დიდი ყურადღებაც მიიპყრო. 2007 წლის ფილმს — ოქროს კომპასი — ვარსკვლავური დასით, წარუმატებელი არ შეიძლება ეწოდოს, თუმცა ფილიპ პულმანის ტრილოგიის სამყარო ეკრანზე სერიალმა უკეთ გააცოცხლა.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენად საინტერესო გამოდგებოდა ძველი და ახალი ქართული ფილმების სერიალებად ქცევა? მოდით, რამდენიმე წუთით წარმოვიდგინოთ რეალობა, სადაც პარასკევ საღამოს ქართული სერიალის ყურებაში ვათევთ.
გაფრთხილება: სტატია, შესაძლოა, შეიცავდეს სპოილერებს ფილმებიდან. თუკი ქვესათაურში ნახსენები ფილმი, რომელსაც გვერდით ძახილის ნიშანი უწერია (!), არ გინახავს და არც მისი დეტალების გაგება გსურს, შეგიძლია, ქვეთავი გამოტოვო, ან ჯერ კინოსურათი ნახო და შემდეგ დაგვიბრუნდე.
1. როცა აყვავდა ნუში (!)
გადმოცემის მიხედვით, ლანა ღოღობერიძის ფილმის პრემიერაზე კინოთეატრებთან ახალგაზრდების რიგები მდგარა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებით ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა, ადგილ-ადგილ მაყურებელს, შესაძლოა, უკმარისობის გრძნობა დაეუფლოს "ნახტომების" გამო.
მაგალითად, ზურას შეჯიბრამდელი პერიოდი, შეყვარებულთან კონფლიქტი და მეგობრების ცალმხრივი სიყვარული ის თემებია, რომლის გაშლაც ნაწარმოებში შეიძლებოდა. ეს ყველაფერი და, რაც მთავარია, ზურას მიერ დანაშაულის აღიარების შემდგომი პერიოდი, რომელიც ფილმში ნაჩვენები არაა, სრულიად საკმარისი იქნებოდა თუნდაც რამდენიმესეზონიანი სერიალის შესაქმნელად. შეგვიძლია, ისიც ვივარაუდოთ, რომ სერიალს თინეიჯერი მაყურებლების დიდი აუდიტორია ეყოლებოდა.
2. შერეკილები
შერეკილები ზუსტად ისეთივე სევდიანი და ცოტათი კომიკური მინისერიალი გამოვიდოდა, როგორიც ფილმია.
ერთაოზისა და ქრისტეფორეს ხიფათიანი თავგადასავალი რიკი და მორტის ქართულ ვერსიად იქცეოდა, რომელსაც ინტერლუდიად მარგალიტას რომანები დაერთვებოდა და რაც მთავარია — "ფლეშბექების" სახით შესაძლებელი იქნებოდა, ქრისტეფორესა და თამუნიას სიყვარულის შესახებაც უფრო მეტი გაგვეგო.
3. მიმინო (!)
თქვენი არ ვიცი და მე კი ნამდვილად დამაკლდა ვალიკოსა და რუბენის თავგადასავლები მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი და მისი საუნდტრეკი ასევე წარმოადგენს კინოკლასიკას, მისი რამდენიმე სიუჟეტური ხაზის გაშლა სერიალში თავისუფლად მოხერხდებოდა.
სასტუმროს თავგადასავლებიდან დიდ ავიაციაში ყოფნამდე (რაც ფილმში, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ) — სერიალი იმ ყველაფერს მოიცავდა, რასაც ფილმში სულ რამდენიმე წუთით მოვკარით თვალი. თან, ეგებ, ვალიკოსა და ლარისა ივანოვნას ურთიერთობასაც ჰქონოდა გაგრძელება.
4. უძინართა მზე (!)
სიუჟეტის დანარჩენ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ კიბოს წამლის ძიებაზე შეიძლებოდა მთელი ისტორიის აწყობა. აღარაფერს ვამბობ დათოს "ქუჩური ცხოვრების" ამბებზე, რომელიც სერიალს დრამატულობასაც შესძენდა. ექიმის სიკვდილის შემდეგ ამბის ცენტრად მისი შვილის ქცევით ნაწარმოები ეგრეთ წოდებული Coming of Age-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც შეიძლება გამხდარიყო.
მთავარი ისტორიის პარალელურად ბევრი თემის წამოწევა და უფრო ფართოდ განხილვაც შესაძლებელი იქნებოდა — მათ შორის, სისტემური დანაშაულებების, კრიმინალური სამყაროს გავლენისა და ქაოსით მოცულ ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოების დამოკიდებულებების.
5. ჭრიჭინა
Coming of Age ვახსენეთ და კიდევ ერთ ფილმს შევეხოთ, რომელიც თინეიჯერების, განსაკუთრებით კი აბიტურიენტების საყვარელ სერიალად იქცეოდა.
ფილმს არაფერი აკლია — იუმორი, "თავქარიანობა", როგორც უფროსები ამბობენ ხოლმე, ჩახლართული სიუჟეტი, ახალგაზრდული სიყვარული და ახალგაზრდული დრამები. ეს ისტორია 21-ე საუკუნეში გადმონაცვლებით კიდევ უფრო გამრავალფეროვნდებოდა და ალბათ მსგავსი თემატიკის ამერიკულ ანალოგებსაც კი თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას.
6. ჯარისკაცის მამა
ომის, მით უმეტეს, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი სერიალები სულაც არაა ისეთი ლაღი და მოზომილი მხიარულებით სავსე, როგორიც ჯარისკაცის მამა (დასასრულის გარდა).
ეს ფილმი ალბათ უფრო მინისერიალად იქცეოდა და მისი ფორმაც ისტორიის უფრო საინტერესოდ მოყოლის შესაძლებლობას მოგვცემდა. გიორგის თავგადასავლის პარალელურად შევძლებდით, გოდერძის ამბავსაც მივყოლოდით, პარალელურად კი სხვა პერსონაჟების ისტორიების გაცნობით ომის საშინელებასაც უკეთ აღვიქვამდით.
რაც მთავარია, სერიალს, იმედია, უკეთესი დასასრული ექნებოდა.
7. უდიპლომო სასიძო
ზემოთ ნახსენები ფილმების მსგავსად, უდიპლომო სასიძოშიც არაერთი ეპიზოდია, რომლის გაშლაც თავისუფლად მოხერხდებოდა, რაც, თავის მხრივ, კომიკური სიტუაციებისა და სცენების რაოდენობასაც ერთიორად გაზრდიდა — ჯერ მხოლოდ ვარდენის მოტაცების ეპიზოდს რომ სხვანაირი გაგრძელება ჰქონოდა...
8. იმერული ესკიზები
სახელიც ცხადყოფს, რომ ისტორიების ეს ნაკრები სერიალად უკეთესი სამუშაო იქნებოდა, ვიდრე ფილმად. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული კუთხის უჩვეულო ისტორიები არც დღესაა კომიკურობას მოკლებული, ამიტომ, 21-ე საუკუნეშიც რომ ექციათ სერიალად იმერული ესკიზები, უფრო საინტერესო ნაწარმოებს მივიღებდით.
ასევე, შესაძლებელი იქნებოდა, თითოეული სერია დამოუკიდებელი ამბავი ყოფილიყო, ცალკეულ ეპიზოდებს კი საერთო მხოლოდ პერსონაჟები და ადგილმდებარეობა ექნებოდათ.
9. და ჩვენ ვიცეკვეთ
საერთოდ მგონია, რომ რომანტიკული ჟანრის ფილმების უმეტესობა სერიალად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ფილმად. თანამედროვე პოპკულტურაში წყვილის "გაშიფვა", ანუ მათი გულშემატკივრობა გავრცელებული ამბავია. "შიფავენ" არა მხოლოდ ცნობილი ადამიანების წყვილებს, არამედ გამოგონილ პერსონაჟებსაც, რომელთა უმეტესობა, რასაკვირველია, პოპულარული სერიალებიდანაა. ფილმში, უბრალოდ, საკმარისი დრო არ გვაქვს, რომ არათუ წყვილის, არამედ პერსონაჟების რიგიანად გაცნობა-შეყვარება მოვასწროთ.
და ჩვენ ვიცეკვეთ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელშიც ცენტრალური ხაზის პარალელურად ბევრი სოციალური პრობლემა და თემა იყო წარმოჩენილი. ქართულ ახალგაზრდობასა და მათ ყოველდღიურ ყოფაზე გადაღებული სერიალი, დარწმუნებული ვარ, Sex Education-ზე და Euphoria-ზე არანაკლებად პოპულარული გახდებოდა საქართველოში.
თუკი ფილმში ასახული დროის პერიოდი ერთ სეზონზე გაიშლებოდა, არანაკლებ საინტერესო გამოვიდოდა მეორე სეზონი, იმიტომ, რომ... რატომაც არა, Call Me By Your Name-ის გაგრძელებაზე მუშაობა მაინც შეჩერდა.
10. მე წვიმად მოვალ
კიდევ ის მგონია, რომ რომანტიკული ფილმებისა არ იყოს, ანიმაციების შექმნაც უმეტესად სერიებად სჯობს. აბა, ყოველ დილით, სკოლაში წასვლის წინ, ორსაათიან ანიმაციას ხომ არ ვუყურებდით ტომი და ჯერის ნაცვლად?! თანაც, არანაკლებად მომხიბვლელი წყვილია თოვლის გუნდა და გოგო, რომელთა თავგადასავალიც, დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ "ათასფერი ცისარტყელების" დევნაა.
თუმცა, ამ ანიმაციური სერიალის მთავარი საუნდტრეკი აუცილებლად იქნებოდა ცისარტყელები ათასფერები, სახელის ალტერნატივად კი ბანალურად, თუმცა მარტივად, გუნდასა და ტასოს/ნუცას/მაკოს თავგადასავლები შეგვიძლია განვიხილოთ.
კომენტარები