ძილის პროკრასტინაცია — ანუ დღის საათებში დაკარგული ცხოვრება, რომლის ანაზღაურებასაც ღამით ვცდილობთ
ფოტო: Kim Cowie/Dribbble
"როგორც იქნა, ყველა საქმე მოვაგვარე. ახლა დასვენების დროა!" — ამბობ ღამის პირველ საათზე და იმის მაგივრად, რომ ელექტრონულ მოწყობილობებსა და ტვინში გახსნილი ფანჯრები ახლა მაინც ჩაკეცო და დაიძინო, "ნამდვილ" ცხოვრებას იწყებ — ცხოვრებას საქმიანი შეტყობინებებისა და ზუმის შეხვედრების, სამსახურეობრივი თუ საოჯახო პასუხისმგებლობების გარეშე. იმ ცხოვრებას, რომლის დროც დღის განმავლობაში არ გქონდა. ღამის პირველ საათზე დატვირთულ დღეში ჩაკარგული ცხოვრების დაბრუნების ჯერი დგება, თუნდაც ამას ძილისთვის განკუთვნილი რამდენიმე საათი შეეწიროს მსხვერპლად.
იცანი შენი ძილისწინა საიდუმლო რიტუალი? როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ქცევა მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს ახასიათებს. უფრო მეტიც, ამ ფენომენს სახელიც კი აქვს და ინგლისურად მას Revenge Bedtime Procrastination ჰქვია. ძილის პროკრასტინაცია იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც, გადატვირთული გრაფიკისა თუ სტრესის გამო საკუთარი თავისთვის დროის დათმობას მხოლოდ ღამით ახერხებენ და ამ თავისუფალ დროს ძილს გამიზნულად სწირავენ მსხვერპლად. ისინი ღამეებს ფილმებისა და სერიალების ყურებაში, წიგნის კითხვაში, სოციალური ქსელების სქროლვასა ან სხვა ისეთ აქტივობებში ატარებენ, რომელთა ფუფუნებაც დღის განმავლობაში არ აქვთ. რა თქმა უნდა, აცნობიერებენ, რომ შედეგად გამოძინებას ვეღარ მოახერხებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ დღის განმავლობაში თავისუფლების არ ქონის გამო, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი მხოლოდ ღამით აქვთ და ამ ძვირფასი საათების ძილისთვის დათმობა ენანებათ.
ფოტო: Sushama Patel/Dribbble
Revenge Bedtime Procrastination ჩინური ფრაზიდან მომდინარეობს, რომელიც გრძელი სამუშაო დღის შემდეგ პირადი ცხოვრებისთვის დროის არარსებობით გამოწვეულ იმედგაცრუებას უკავშირდება. აღნიშნულმა ფენომენმა სოციალურ სივრცეში პოპულარობა გასული წლის ივნისში ერთ-ერთი ჟურნალისტის ტვიტის შემდეგ მოიპოვა.
"დღეს ძალიან ნაცნობი ტერმინი ვისწავლე: 報復性熬夜 (Revenge Bedtime Procrastination), ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები, რომლებსაც დღის განმავლობაში საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვთ, უარს ამბობენ ადრე დაძინებაზე იმისათვის, რომ ღამის საათებში თავისუფლების შეგრძნება დაიბრუნონ", — წერს ჟურნალისტი.
იმისათვის, რომ გვიან დაძინება ძილის პროკრასტინაციად იყოს მიჩნეული, 3 კრიტერიუმის არსებობაა საჭირო:
- გვიან დაძინება, რაც, საბოლოოდ, ძილის დროს ამცირებს;
- უსაფუძვლო მიზეზები, რომლითაც გვიან დაძინებას ვამართლებთ — ასეთ დროს გვიან დაძინება ობიექტური ფაქტორებით არაა გამოწვეული;
- იმის გაცნობიერება, რომ გვიან დაძინება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
და მაინც, რატომ არ ვიძინებთ, როცა გვეძინება? რატომ ვწირავთ ძვირფას ძილს მსხვერპლად ხშირად უმნიშვნელო აქტივობებს და რად გვიჯდება "ტკბილი თავისუფლება"? როგორ უნდა დავიბრუნოთ კონტროლი ცხოვრების იმ ნაწილზე, რომელსაც სამყარო გვართმევს ან, სულაც, ჩვენ თავად ვთმობთ მას?
მიზეზები
იმისათვის, რომ პრობლემის მოგვარების გზებზე ვისაუბროთ, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებაა აუცილებელი. ძილის პროკრასტინაცია ძილის მეცნიერების ერთ-ერთი ახალი და ნაკლებად შესწავლილი ფენომენია, რომლის ირგვლივაც დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგებისა და ძილის პროკრასტინატორების გამოცდილებიდან რამდენიმე მიზეზის არამეცნიერულად განსაზღვრა მაინც შესაძლებელია:
სტრესი
ფოტო: Aerica/Dribbble
ჩემთვის ძილზე უარის თქმა დღის განმავლობაში განცდილ სტრესთან ასოცირდება. სამუშაო, რომელსაც თავი კარგად უნდა გავართვა, დედლაინები, საქმიანი შეტყობინებები, უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია, სწავლა, ნეგატიური ამბები, მთელი დღის განმავლობაში ეკრანის წინ დაძაბული ჯდომა — ეს ყოველივე ხშირად ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს მიუხედავად იმისა, რომ ამის დროს მაქვს. გონება და სხეული მოდუნებას მას შემდეგ იწყებს, როცა ზუსტად ვიცი, რომ იმ დღის პასუხისმგებლობებს თავი კარგად გავართვი, რაც ხშირად ძალიან გვიან ხდება. სტრესის ფონზე, საკუთარი თავისთვის დროს ძალიან გვიან ვპოულობ და საოცრად აჩქარებულ საათებს თვალებჩაშავებული ვებღაუჭები. ვიცი, რომ თუ მალე დავიძინებ, დაძაბულობა მზის პირველ სხივებთან ერთად მომაკითხავს — თუნდაც უქმე დღე მქონდეს.
არასწორი პროფესია ან საქმიანობა
ძილზე უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეალობისგან გაქცევის სურვილია, შესაბამისად, საძულველი პროფესია ან საქმიანობა, ბუნებრივია, რომ ადამიანს თავს დღის განმავლობაში ტყვედ აგრძნობინებს. იგივე შეიძლება ითქვას უნივერსიტეტზე, სკოლაზე და ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, რომლის მიმართაც არანაირი ინტერესი თუ მისწრაფება არ გაგვაჩნია.
პანდემია
აღნიშნული ფენომენის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად პანდემიაც სახელდება. თვითიზოლაციისა და შეზღუდვების ფონზე, სახლი დასასვენებელ ადგილად აღარ მიიჩნევა. ის ზღვარი, რომელიც სახლს სამსახურისგან, უნივერსიტეტისგან და სკოლისგან ყოფდა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რის გამოც, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს, გათენებიდან დაღამებამდე ვმუშაობთ. ამ ყველაფერს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებიც ემატება, რომელთა წყალობითაც, სამსახურისა თუ სასწავლებლისგან ერთი ზარი თუ შეტყობინებაღა გვაშორებს. ის დრო, რომელსაც, წესით, დასვენებისთვის უნდა ვიყენებდეთ, თვალსა და ხელს შუა ქრება. შესაბამისად, დაკარგული თავისუფალი დროის ასანაზღაურებლად ერთადერთ გზას ძილზე უარის თქმაში ვხედავთ.
შედეგები
"ერთი დღე გამოუძინებლობა რას მიზამს?!" — იხტიბარს არ ვიტეხ ოთხდღიანი უძილობის შემდეგ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ ჩემს ძილისწინა რიტუალს ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
- ძილისთვის განკუთვნილი საათების შემცირება იწვევს დაღლილობას, უენერგიობას, გადაწყვეტილების მიღების უნართან და მახსოვრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- უძილობა პირდაპირ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ზრდის შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის რისკს.
- ენერგიის ნაკლებობა უარყოფითად აისახება პროდუქტიულობაზე.
პრობლემის მოგვარების გზები
მიზეზებისა და უარყოფითი შედეგების იდენტიფიკაციის შემდეგ, აუცილებელია, პრობლემის გადაჭრის გზებიც ვეძიოთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა მე იმ ხერხებს შემოგთავაზებ, რომლებიც პრობლემის დაძლევაში მეხმარება:
ძილის ჰიგიენაზე ზრუნვა
ძილის რეჟიმის მოწესრიგება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანესია. თავდაპირველად, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ძილი და დასვენება ჩვენი ორგანიზმისა და გონების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ეს ძილის ჰიგიენაზე ზრუნვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. აგრეთვე, შევამციროთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება. უძილობასთან გასამკლავებლად რეკომენდირებულია, ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისგან თავის შეკავება.
საზღვრების დაწესება
ფოტო: Unblast/Dribbble
დასვენება მუშაობის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც პასუხისმგებლობებს თავს შესაბამისად ვერ გავართმევთ. რადგანაც ძილის პროკრასტინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ დღის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლს ვკარგავთ, ვფიქრობ, აუცილებელია, თავს დასვენების უფლება მივცეთ. სახლიდან დისტანციურად მუშაობა იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაო დღის განმავლობაში გამოყოფილ შესვენებას არ იმსახურებთ. ეცადეთ, შესვენება სასიამოვნოდ გამოიყენოთ: უყურეთ საყვარელ ვიდეოს ან მოუსმინეთ მუსიკას, გადით მაღაზიაში, რამდენიმე წუთი შეგიძლიათ, მედიტაციას ან სახლთან ახლოს სეირნობასაც დაუთმოთ.
ისეთი ცხოვრების შექმნაზე ზრუნვა, რომლისგანაც გაქცევა არ დაგჭირდება
მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები, სამსახურსა თუ სასწავლებელში არსებული პრობლემები და ბევრი მუშაობისა თუ სწავლისგან გამოწვეული გადაღლილობა კვირაში რამდენჯერმე მაინც გარდაუვალია, აუცილებელია, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რისი კეთება გვსურს სინამდვილეში. არაა გამორიცხული, რომ პრობლემის გადაჭრის გზა სამსახურის, პროფესიის, საცხოვრებლისა და სხვა სახის ცვლილებებშია.
ფსიქიატრი დერილ აპლეტონი, რომელიც ძილის საკითხების შესწავლითაა დაკავებული სტატიაში ამბობს: "ჩემს კლიენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ კეთილდღეობა ისეთი ცხოვრების შექმნის სურვილია, რომლისგანაც გაქცევა არ დაგჭირდება". ვფიქრობ, ძილის პროკრასტინაციის ფენომენის ყველა მიზეზს, საბოლოოდ, რეალობისგან გაქცევის სურვილამდე მივყავართ, სწორედ ამიტომ, მთავარ მიზნად, ალბათ, შესაძლებლობების ფარგლებში, იმ რეალობის შექმნისთვის ბრძოლა უნდა დავისახოთ, რომლისთვისაც დღის მიძღვნას მსხვერპლშეწირვად არ აღვიქვამთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა

კომენტარები