რატომ არის მნიშვნელოვანი, პლასტიკი ბიოდეგრადირებადი მასალით შევცვალოთ
ქვემოთ მოცემული პლასტიკის შეფუთვა — პოპულარული ენით, ცელოფნის პარკი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა იმ ათობით პარკისგან, რომელთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება.
თუმცა, მისი უჩვეულობა ისაა, რომ ნაპოვნია წყნარი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში, მარიანას ღრმულში, თითქმის 11 ათასი მეტრის სიღრმეზე. იქ მის დაშლას 400-დან 1000 წლამდე სჭირდება.
ყოველწლიურად ოკეანეებში 13 მილიონი ტონა პლასტიკი ხვდება. ეს იგივეა, რომ ოკეანეში ყოველ წუთას სავსე სანაგვე მანქანა ჩაცალო. ნავარაუდევია, რომ თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდა, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტიკი იქნება.
თუმცა, საფრთხე იმაზე მყისიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მცირე ნაწილაკებად დაქუცმაცებული პლასტიკი, ოკეანეებიდან და ზოგადად, გარემოდან სასოფლო-სამეურნეო ნიადაგსა და მდინარეებში ხვდება. შედეგად, საფრთხისშემცველი ხდება ყველა ის საკვები, რომელიც ამ ნიადაგზე მოდის და წყალი, რომელსაც ამ მდინარეებიდან ვსვამთ.
პლასტიკით დაბინძურების მთავარი წყარო ბოთლები და პლასტმასის სხვა შეფუთვებია. შესაბამისად, არსებობს გამოსავალი: პლასტმასის შეფუთვა ბიოდეგრადირებადი შეფუთვით ჩანაცვლდეს.
სწორედ ბიოდეგრადირებადი შეფუთვის წარმოების წახალისებას ისახავს მიზნად იდეათონი "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის", რომელიც გამარჯვებული ბიზნესიდეას ავტორს 60 ათასი ლარით დაუფინანსებს.
იდეათონის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი "მწვანე ეკონომიკა და შეფუთვები", რომელზეც თემა ექსპერტებმა, გიორგი ნანობაშვილმა და კოტე ჭანტურიამ მიმოიხილეს.
ვებინარზე ითქვა, რომ საქარველოში წარმოებული პროდუქტი, ძირითადად, იმპორტირებულ პაკეტებში იფუთება. ქვეყანა ყოველწლიურად, დაახლოებით, 140 მილიონი დოლარის ღირებულების შეფუთვის იმპორტირებას ახდენს მაშინ, როცა ექსპორტზე გააქვს ამაზე ექვსჯერ ნაკლები.
ეს რიცხვები შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეფუთვების წარმოებას ადგილობრივად, საქართველოშივე, დიდი ბიზნესპოტენციალი აქვს. ბიოდეგრადირებადი შეფუთვის საწარმოებლად კი ბიზნესებს საწყის კაპიტალზეც კი არ მოუწევთ ფიქრი, იდეათონში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში.
ამავე იდეათონის ფარგლებში, მსგავსი ვებინარების სერიაა დაგეგმილია. თუ გინდათ, რომ არც ისინი გამოგრჩეთ, ადევნეთ თვალი ღონისძიების გვერდს ფეისბუქზე.
კომენტარები