ახალი კვლევა სუიციდსა და დროის აღქმას შორის კავშირზე მიანიშნებს
იმისთვის, რომ სუიციდის შემთხვევების მზარდი ტემპი შეჩერდეს და რამენაირად შენელდეს, მკვლევრების აზრით, საჭიროა მეცნიერებმა უკეთ გაიგონ, თუ როგორ პროგრესირდება იგი და როგორ მიდის ადამიანი სუიციდური აზრებიდან აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე.
ამ პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი დროა. რამდენ ხანს ძლებს სუიციდის იდეა ადამიანის გონებაში? რამდენი დრო სჭირდება ადამიანს იქამდე, სანამ სუიციდური აზრებიდან თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მივა? რა გავლენას ახდენს ადამიანზე დროის აღქმა?
კვლევაში, რომელიც ჟურნალ European Neuropsychopharmacology-ში გამოქვეყნდა, 280 ადამიანი იყო ჩართული. ისინი სამი სხვადასხვა ტიპის ტესტში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მათმა ნაწილმა კვლევამდე ცოტა ხნით ადრე სცადა თავის მოკვლა, ნაწილს დეპრესია აქვს და სუიციდური აზრები აწუხებს, ნაწილი დეპრესიაშია მაგრამ არ ფიქრობს სუიციდზე, დანარჩენებს კი ცხოვრების მანძილზე არც ფსიქიკური აშლილობა გამოუცდიათ და არც ნარკოტიკებს მოიხმარდნენ აქამდე.
აღნიშნული ტესტები შექმნილია იმისთვის, რომ გაზომის მონაწილეთა დეპრესიისა და შფოთვის დონე, ასევე მათი იმპულსურობა და დროის შეფასების უნარი. ეს უკანასკნელი მეცნიერებს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რამდენად სწრაფად თუ ნელა აღიქვამს დროს ესა თუ ის ინდივიდი.
იმ მონაწილეთა შედეგებში, რომლებსაც აქამდე უკვე უცდიათ თვითმკვლელობა, ორი ძირითადი ნიმუში გამოიკვეთა: მათი ერთი ნაწილი სუიციდის გადაწყვეტილების მიღებიდან ამ ქმედებამდე სულ 5 წუთში მივიდა, მეორე ნაწილს კი სამ საათზე მეტი დასჭირდა.
გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დროის აღქმის შენელება დაკავშირებული იყო სუიციდური აზრების სიმძიმესთან, რადგან იმ ინდივიდებმა, რომლებიც 3 საათზე უფრო დიდი ხნის მანძლზე ფიქრობდნენ, დროის შენელებული აღქმით ხასიათდებიან.
"აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი, რომლებმაც აქამდე სცადეს თვითმკვლელობა, იმპულსურად აკეთებდა ამას", — უყვება PsyPost-ს ტონი ბრუქსის უნივერსიტეტის ფსიქიატრი და კვლევის მთავარი ავტორი, როკარდო კასედა. "ასევე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ სუიციდზე ფიქრისას ადამიანების მიერ დროის აღქმა საგრძნობლად შენელებულია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ინტენსიური მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას".
"დროის შენელებულმა აღქმამ სუიციდურ პაციენტებში, რაც, სავარაუდოდ, დაუძლეველი ფსიქოლოგიური სტრესითაა გამოწვეული, შესაძლოა უფრო განამტკიცოს ის მოსაზრება, რომ ამ ტანჯვიდან გამოსავალი არ არსებობს", — წერენ მეცნიერები კვლევაში.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ახალი მონაცემები დროითი ინტერვალის შესახებ თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღებიდან მისი განხორციელების მცდელობამდე, ან განხორციელებამდე, შესაძლოა, დაეხმაროს ექიმებს ცნობიერების ამაღლებაში იმ რისკ ფაქტორების შესახებ, რომლებიც დროსთანაა დაკავშირებული, ამან კი, შესაძლოა, ოდესმე სუიციდის პრევენციის სტრატეგიები გააუმჯობესოს.
კომენტარები