ვალერი კარახანიანი ახალქალაქში დაიბადა, სკოლაშიც აქ დადიოდა, მუშაობდა და მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში აქვს გატარებული. 70 წლის ასაკში არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 15 წლის წინ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მძიმე სოციალური ფონის გამო თქვა. თუმცა ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად რუსეთში წასულს არ გაუმართლა — რუსული დოკუმენტი ყალბი აღმოჩნდა. 1990-იანი წლებიდან ახალქალაქში დილერები რუსულ და სომხურ პასპორტებს იმ პირებზე ყიდდნენ, ვისაც რუსეთში მუშაობა სურდა. ასე დარჩა დღემდე, როგორც ამბობს, "ჰაერში გამოკიდებული".

"მართალია, ჩემი ნებით ჩავაბარე ქართული პასპორტი, სამუშაოდ წასვლის გამო, მაგრამ ახლა უკან მინდა დავიბრუნო და რატომ არ უნდა მქონდეს ამის უფლება? ორმაგი მოქალაქეობა არ მინდა, ოღონდაც საქართველოს მოქალაქეობა მქონდეს. ბომჟად ვიქეცი. აქედან არსად შემიძლია გადაადგილება. 10 წელზე მეტია ასე გრძელდება", — გვიყვება ის.

ვალერი კარახანიანს გარკვევით უთხრეს, რომ თუ სახელმწიფო ენის, ქართულის გამოცდას ჩააბარებს, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში — ვერ. ამის შემდეგ, ენის სირთულიდან გამომდინარე, ფარ-ხმალი დაყარა და არავისთვის მიუმართავს.

"სახელმწიფო მეუბნება, ქართული ენის გამოცდა უნდა ჩააბაროო, მაგრამ როგორ ჩავაბარო?! მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ქართულის მასწავლებელი სომხურად მესაუბრებოდა. ჩვენი შვილები ახლა სწავლობენ ქართულს, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იყო. 70 წლის ვარ და აწი როგორ ვისწავლი ენას", — წუხს ვალერი.

ახალქალაქი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ახალქალაქელები, ძირითადად, სომხურად საუბრობენ. ქალაქში მისულ სტუმრებთან საკომუნიკაციო ენა რუსულია. ქართულად საუბარი, განსაკუთრებით, უფროს თაობას უჭირს. ქუჩებშიც უფრო მეტად სომხურად მოსაუბრეებს შეხვდებით.

90-იან წლებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჯავახეთიდან, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ადამიანები ოჯახების სარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ. ტერიტორიული სიახლოვისა თუ სხვა მიზეზით სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთათვის ასეთი ქვეყნები სხვადასხვა აღმოჩნდა. ჯავახეთის მოსახლეობისთვის ეს, ძირითადად, რუსეთი ან სომხეთი იყო, სადაც ადრე გაზაფხულზე მიემგზავრებიან და გვიან შემოდგომაზე ბრუნდებიან. აქ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, დასაქმების პრობლემა დღესაც მწვავედ დგას.

ადგილობრივებს მოჰყავთ კარტოფილიც, დაკავებულები არიან მეფუტკრეობით და მისდევენ მეცხოველეობასაც, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, ოჯახების სარჩენად ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობა ნახევარ წელს მეზობელ სახელმწიფოებში, ძირითადად, რუსეთში, სეზონურ სამუშაოებზე ატარებს. თავიანთი ოჯახებისგან შორს ხშირად სხვადასხვა ტიპის მშენებლობაზე, ფიზიკურად შრომობენ.

ახალქალაქი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ანდრანიკ დავითინიანი ახალქალაქიდან 25 კილომეტრში, სოფელ აგანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს ცოლი და სამი შვილი. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მისი პრობლემაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსია — საქართველოს მოქალაქეობას ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის გამო ვერ იღებს. ამიტომ, ახლა სომხეთის მოქალაქედ რჩება.

ანდრანიკ დავითინიანი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"გამოცდის ჩაბარება ორი წლის წინ ვცადე, მაგრამ ჩავიჭერი, ენა სათანადოდ არ ვიცი. კიდევ მინდა ვცადო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა", — გვეუბნება ანდრანიკი.

ის იმ პრობლემებზეც გვესაუბრება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო აწყდება.

"მაგალითად, თუ სახლის ან მიწის გაფორმება დამჭირდა, ვერ შევძლებ. ცუდია, მაგრამ რა უნდა ვქნათ? უმუშევარი ვარ. სამუშაოდ რუსეთში მინდა წასვლა, მაგრამ დაკეტილია საზღვარი ახლა. მაგალითად, ამ სომხური პასპორტით შემიძლია სომხეთში გადასვლა, მაგრამ არ ვიცი, უკან რამდენად შემომიშვებენ [კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო]".

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ახალქალაქი ვართან აგანესიანისთვის მშობლიური ქალაქია. რუსეთის მოქალაქეობა მას საბჭოთა კავშირის დროიდან მოჰყვება, რომელსაც ვერც იყენებს. ამბობს, რომ რუსეთში ვერ წავა, რადგან იქ არაფერი აქვს და არც არავინ ჰყავს, რომ იცხოვროს.

საქართველოს მოქალაქეობა 30 წელზე მეტია არ აქვს. 15 წელია დროებითი ბინადრობის ნებართვით სარგებლობს, რომელსაც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ აახლებს.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"აქაური ვარ. მშობლები, შვილები ყველა აქ მყავს. 6 შვილიშვილი და 3 შვილი მყავს. ავად თუ გავხდები, ექიმთან ვერ მივალ, რადგან, იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი შეღავათები ჩემზე არ მოქმედებს. მაგალითად, გადაუდებელი ოპერაციის დროს, თუ ეხმარება ქართული სახელმწიფო მოქალაქეებს, მე ამ შეღავათით ვერ ვსარგებლობ.

60 წლის ვარ, აწი ქართულს როგორ ვისწავლი? ძალიან მინდა, მაგრამ რთულია. რაც ვიცი, იმით ვერ შევძლებ გამოცდის ჩაბარებას. სკოლაში თავის დროზე არ გვასწავლიდნენ. ქართულის მასწავლებელი კლასში სომხურად გველაპარაკებოდა", — გვიყვება ვართანი.

მოქალაქეობის პრობლემა აგანესიანის შვილებსაც შეექმნათ, რადგან რუსეთის მოქალაქეობა მათ მამის მხრიდან დაბადებიდან მიენიჭათ. ამიტომ, სამივე შვილს დღემდე ქართული ბინადრობის ნებართვა აქვს.

ვართან აგანესიანი გვეუბნება, რომ ქართული დოკუმენტების პრობლემა ახალქალაქის მცხოვრებთა 95%-ს აქვს. ნაწილი სომხეთის, ნაწილი კი რუსეთის მოქალაქეა.

კითხვაზე — რატომ?, ყველას პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ფული გამოიმუშაონ და ოჯახები არჩინონ.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივები საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, პროცედურული ინფორმაციის ნაკლებობასაც განიცდიან. 43 წლის არარატ მანანოვს ქალაქის ცენტრში შევხვდით, რომელმაც შესაბამის უწყებებთან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურების გარკვევა გვთხოვა.

"ადამიანს საქართველოს დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს, რომელსაც ვადა გაუვიდა. უნდა, რომ მუდმივი ჰქონდეს, რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?", — გვკითხა არარატმა.

"არამხოლოდ ხალხი უნდა იყოს კანონისთვის, არამედ კანონიც უნდა იყოს ხალხისთვის"

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვან საქართველოში, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებზე 1999 წლიდან მუშაობს, მიაჩნიათ, რომ ხარვეზი არა მარტო მოქალაქეობის შესახებ კანონში, არამედ მიდგომებშიცაა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, არნოლდ სტეფანიანის თქმით, როცა კანონი ვერ მუშაობს, ის უნდა შეიცვალოს. სტეფანიანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები უნდა გაითვალისწინონ.

"ამ შემთხვევაში, ეს კანონი ხალხისთვის არ მუშაობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, საქართველოში ცხოვრობენ, ქვეყანაში კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვყავს. არც უსაფრთხოების კუთხით არის სწორი რეგიონში რუსეთის ათასობით მოქალაქის ყოლა", — ამბობს სტეფანიანი.

ის რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. არნოლდ სტეფანიანის თქმით, ჯავახეთის მცხოვრებლები, მაგალითად, ინფორმაციას არ ფლობდნენ, რომ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად 2020 წლის ბოლომდე გარკვეული საბუთები უნდა წარედგინათ შესაბამის უწყებაში.

ეთნიკური უმცირესობების უფლებების დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე რეგიონში გაუმჯობესდა, რაშიც ბევრი თანხაც დაიხარჯა, მაგრამ სახელმწიფოს ადამიანების მოტივაციის ამაღლებაზე არ უმუშავია. მოტივაციის ამაღლებაში ის მოქალაქეებისთვის იმის ახსნას გულისხმობს, თუ, რატომ უნდა ისწავლონ ქართული, რისთვის დასჭირდებათ ან გამოადგებათ ეს.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"ქვემო ქართლში უკეთესი მდგომარეობაა ამ მხრივ, რადგან ახლოს არის თბილისთან, ეკონომიკური კავშირებია და იციან, ქართულს თუ ისწავლიან, შეიძლება ტვირთი შემოიტანონ და უფრო მარტივად და ძვირად გაყიდონ. შესაბამისად, სწავლობენ. არავინ უხდის ამისთვის ფულს, თავად იხდიან. ამიტომაც არის, რომ ქვემო ქართლში უფრო უკეთ იციან სახელწიფო ენა, ვიდრე ჯავახეთში", — გვეუბნება სტეფანიანი.

ის, ასევე, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მთავარია ადამიანი გულით იყოს მოქალაქე და იცოდეს, რომ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს, მისია.

"მათ ენაზე მიაწოდე ინფორმაცია, რომ შენიანი იყოს — იმისათვის, რომ პოლიტიკურად ქართველი გახდეს", — აცხადებს სტეფანიანი.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ქართული ოცნებიდან. სამველ მანუკიანს პრობლემის მოგვარების გზად მოქალაქეობის მისაღები პროცედურების გამარტივება მიაჩნია. მისი თქმით, პროცედურა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის უნდა გამარტივდეს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ ან ქორწინების შემდეგ ცხოვრობენ აქ.

On.ge-სთან ის ამბობს, რომ აღნიშნულზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საკანონმდებლო დონემდე საკითხი არ მისულა.

"ენობრივი ბარიერი გასული წლების მოტანილი პრობლემაა და ამის მარტივად გადაწყვეტა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ახალ თაობებთან საკითხი სხვაგვარადაა. ძალიან კარგად ითვისებენ ბავშვები ქართულს და მომავალში მსგავსი პრობლემა არ გვექნება. საქმე ისაა, რომ ახლა გვაქვს ეს პრობლემა. არის თაობა, რომელსაც თავიანთი მოქალაქეობის აღდგენა არ შეუძლიათ", — გვეუბნება ჯავახეთის მოსახლეობის ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ორგანოში, სამველ მანუკიანი.

მისივე განცხადებით, 10 წლის წინ საქართველოს მოქალაქეობა რეგიონში, დაახლოებით, 2 500-მა ადამიანმა დაკარგა.

ახალქალაქი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"მინდა ხალხმა იცოდეს, რატომ მიიღეს აქაურებმა სომხეთის მოქალაქეობა. როგორც იცით, ჯავახეთის მოსახლეობა სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში მიდიოდა [Covid-19-ის პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი საზღვრის გამო, მცხოვრებლები სამუშაოდ წასვლას დღემდე ვერ ახერხებენ], მაგრამ, რადგან ჩვენ [საქართველოს] რუსეთთან ურთიერთობა არ გვქონდა, ხალხმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო, რათა რუსეთში უფრო ადვილად გადასულიყვნენ. სომხეთის მოქალაქეებს რუსეთის საზღვრის კვეთის პრობლემა არ ჰქონდათ. ეს იყოს თავის რჩენის გზა", — ამბობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი.

მესროპ მაშტოცის ძეგლი ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

მანუკიანი, აგრეთვე, პანდემიის დროს აღმოცენებულ პრობლემებზე საუბრობს. მაგალითად, ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს გარდა სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ, გარეთ დარჩნენ და საქართველოში, თავიანთ სახლებშიც ვერ ბრუნდებოდნენ.

როგორ დაიწყო პრობლემა?

მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემა ეთნიკურად სომხებისთვის 2013 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა მოქალაქეობის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავდა. საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, ჯავახეთის მცხოვრებთა ნაწილი ორმაგი — საქართველოსთან ერთად რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობით სარგებლობდა.

2017 კონსტიტუციაში ცვლილებები ისევ შევიდა. კანონი ამჯერად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არსებობის შემთხვევაში კრძალავდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მსურველს, კანონი ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას ავალდებულებს, რაც ადგილობრივებისთვის მთავარი ბარიერია.

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება?

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:

  • პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად [სუროგაციით] დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

რაც შეეხება მოქალაქეობის დაკარგვას, პირი მას იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მოიპოვებს, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა:

ფოტო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის პირმა განცხადება იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის სახელზე უნდა დაწეროს. გადასახადი თანხა 250 ლარია.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ენის გაძლიერებისა და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის ქართული ენის კურსები ტარდება.

მათივე ცნობით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით ფუნქციონირებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

"გარდა სტანდარტული პროგრამებისა, სკოლა ბენეფიციარებს პროფესიული განათლების ხელშემწყობ სახელმწიფო ენის სწავლების დარგობრივი მიმართულების პროგრამებს სთავაზობს. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი დონის სახელმძღვანელოთი, სამუშაო რვეულითა და სხვა საჭირო რესურსით. ბენეფიციარი, რომელიც წარმატებით დაასრულებს სასწავლო კურსს, შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს", — აცხადებენ განათლების უწყებაში.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროგრამა საქართველოს სამი რეგიონის 10 სასწავლო ცენტრში ხორციელდება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 3 ქალაქში:

  • ახალქალაქი;
  • ნინოწმინდა;
  • ახალციხე.

უწყებაში, აგრეთვე, განმარტავენ, რომ პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება. დაინტერესებულ პირს მასში ჩასართავად ონლაინ რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე http://www.zspa.ge/geo/registration შეუძლია.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლიდან პროგრამით სხვადასხვა ასაკის (16-დან 83 წლამდე), რელიგიური მრწამსის, პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე ეროვნული უმცირესობის 18 240-მა წარმომადგენელმა ისარგებლა.

მასალა მომზადდა პროექტის ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.