ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია შეიძლება კვანტური ფიზიკით აიხსნას
დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ასახსნელად, რამდენიმე თეორია არსებობს და ბევრ რამეში ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. თუმცა, არის კონსესუსიც, რის თანახმადაც, სიცოცხლე წყლის ქვეშ, ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო დაიწყო.
ამ პროცესს აბიოგენეზი ეწოდება, საუბარია არაორგანულიდან ორგანული ნაერთების წარმოქმნაზე. ამის შედეგად, უნდა მიგვეღო დნმ-ის მოლეკულები, რომლებსაც უკვე მარტივი უჯრედების შექმნის საშუალება ეძლევათ. თუმცა, ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იწვევს დნმ-ის მუტაციებს და როგორ დაიწყო ბუნებრივი ევოლუცია.
სწორედ ამის გასარკვევად, მეცნიერები იკვლევენ, თუ რა როლი ითამაშა კვანტურმა ტუნელირებამ, კვანტური ფიზიკის ფენომენმა, დნმ-ის შიგნით სპონტანური მუტაციების წარმოქმნაში. ჟურნალ, Physical Chemistry Chemical Physics-ში გამოქვეყნებული ბოლო ნაშრომის თანახმად, სწორედ ასეთი პროცესების წარმოებაში, დიდი წვლილი კვანტური ფიზიკის ფენომენს მიუძღვის.
კვანტური ბიოლოგია
საუბარია ფენომენზე, როდესაც პროტონი, ერთი ადგილიდან სპონტანურად ქრება, შემდეგ კი, ახლომდებარე ადგილას ისევ ჩნდება.
მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ წყალბადის ატომები, რომლებიც დნმ-ის ორმაგი სპირალის ორ ძაფს შორის ბმულების სახით გვხვდება, ზოგ შემთხვევაში, გაფართოებული ტალღების მსგავსად ფუნქციონირებენ და ერთდროულად ერთზე მეტ ადგილას არიან. შესაბამისად, ზოგჯერ ისინი დნმ-ის არასწორ ძაფში ხვდებიან, რაც საბოლოოდ, მუტაციებს იწვევს.
ამ მუტაციების სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი არ არის, მაგრამ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას პრობლემებიც შეუქმნან.
მკვლევრები თანხმდებიან, რომ საჭიროა მეტი გამოკვლევა იმის შესასწავლად, თუ როგორ ხდება კვანტური ტუნელირება.
"ბევრს დიდი ხანია ეჭვი აქვს, რომ კვანტური სამყარო, რომელიც უცნაური, კონტრ-ინტუიციური და მშვენიერია, უშუალოდ სიცოცხლის ჩამოყალიბებაშიც უდიდეს როლს თამაშობს. იდეა, რომ რაღაცა შეიძლება ერთდროულად ორ ადგილას იყო, ბევრისთვის აბსურდულია, მაგრამ ეს კვანტური სამყაროში მუდმივად ხდება. ხოლო ჩვენი კვლევა, ახლა იმასაც ადასტურებს, რომ კვანტური ტუნელირება უშუალოდ დნმ-შიც ხდება", — განაცხადა მარკო საკიმ, პროექტის ხელმძღვანელმა და სურეის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
შესაძლოა კვანტურმა ტუნელირებამ, ადრეულ ევოლუციაში დიდი როლი შეასრულა. ეს არ ნიშნავს, რომ კვანტური ტუნელირებით უშუალოდ სიცოცხლე გაჩნდა, მაგრამ კვლევა გვიჩვენებს, რომ თავად მის ევოლუციაში დიდი როლი უკავია.
ეს გვეუბნება, რომ სწორ (ან არასწორ) დროსა და ადგილას, წყალბადის ატომს, შეეძლო მთელი სახეობის ბედზე ემოქმედა. ამ ყველაფერში უფრო დეტალურად გასარკვევად კი, უფრო მეტი ახალი კვლევა და კვანტური ბიოლოგიის განვითარება დაგვჭირდება.
კომენტარები