NASA-ს მიხედვით, დედამიწის ზოგიერთმა ორგანიზმმა, შესაძლოა, მარსზე დროებით იცოცხლოს
ამან კოსმოსურ მოგზაურობებზე შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს
არამიწიერი სიცოცხლის ძიების თუ უბრალოდ, კოსმოსის შესწავლის დროს, კოსმოსური მოგზაურობებისას, ასტრონომებმა თუ მათმა მოწყობილობებმა, შესაძლოა, დედამიწელი მიკროორგანიზმებით გაუცნობიერებლად დააბინძურონ მარსი თუ სხვა პლანეტები.
NASA-ს და გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის მეცნიერებმა MARSBOx ექსპერიმენტის ფარგლებში, 2019 წელს რამდენიმე სოკოვანი და ბაქტერიული ორგანიზმი გაუშვეს სტრატოსფეროში — დედამიწის ატმოსფეროს მეორე ფენაში, რომელიც ოზონის ფენის თავზე მდებარეობს. ცნობილია, რომ სტრატოსფეროში არსებული გარემო-პირობები საკმაოდ ახლოსაა მარსის ზედაპირის გარემო-პირობებთან და სწორედ ამიტომ, წითელი პლანეტის შემდეგ იგი იდეალურ ადგილს წარმოადგენს ნიმუშების გასაგზავნად. ანუ იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწეოდათ მათ აღნიშნულ პლანეტაზე.
ახლა კი მეცნიერებმა Frontiers in Microbiology-ში გამოაქვეყნეს კვლევა თავიანთი აღმოჩენის შესახებ, სადაც განიხილავენ, თუ როგორ გადაურჩნენ შავი სოკოს სპორები ამ მოგზაურობას.
უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, მიკროორგანიზმები მარსის ზედაპირზე მხოლოდ დროებით თუ გადარჩებოდნენ, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სპორები ჩვეულ გარემოში დაბრუნების შემდეგ, ისევ აღიდგენენ სიცოცხლისუნარიანობას. გუნდმა Aspergillus niger-ის, Salinisphaera shabanensis-ის, Staphylococcus capitis-ის და Buttiauxella-ის ბაქტერიული უჯრედები MARSBOx-ის (მიკრობები ატმოსფეროში რადიაციის, გადარჩენისა და ბიოლოგიური გამოსავლის ექსპერიმენტისთვის) ალუმინის კონტეინერში მოათავსა. ნიმუშები კონტეინერში ორ ფენად მოათავსეს — ქვედა ფენა დაცული იყო რადიაციის ფარით, რომელიც მკვლევრებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთისგან განესხვავებინათ რადიაციის გავლენა და გარემო-პირობების გავლენა ამ ნიმუშებზე.
NASA-ს საჰაერო ბუშტმა აღნიშნული კონტეინერი სტრატოსფეროში გადაიტანა, სადაც ნიმუშები იმყოფებოდნენ მარსის მსგავს პირობებში. აღსანიშნავია, რომ აქ ულტრაიისფერი გამოსხივების დონე დაახლოებით ათასჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე გამოსხივების ის დონე, რომელიც მზის დამწვრობას იწვევს.
აქედან გამომდინარე, რას უნდა ნიშნავდეს მომავალი კოსმოსური მისიებისთვის ის ფაქტი, რომ Aspergillus niger ამ მოგზაურობას გადაურჩა? გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის გუნდის წევრის, კატარინა სიმსის მიხედვით, "ეკიპაჟის გრძელვადიანი მისიით მარსზე გაშვებამდე უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გაუმკლავდებიან წითელი პლანეტის მკაცრ პირობებს დედამიწელი მიკროორგანიზმები და ჯანმრთელობის რა რისკებს შეუქმნის იქაურო გარემო ასტრონავტებს".
"გარდა ამისა, ზოგიერთი სახეობის მიკრობული ორგანიზმი კოსმოსის შესწავლის საქმისთვის, შესაძლოა, ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. ისინი შეიძლება ასტრონომებს დაეხმარონ საკვებისა და სხვადასხვა ნივთიერებების წარმოებაში დედამიწიდან მომარაგებისგან დამოუკიდებლად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება როგორც მისიისთვის, ასევე მისი ეკიპაჟისთვის მაშინ, როდესაც ასე შორს იმყოფებიან სახლიდან".
გასულ წელს NASA-მ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი პოლიტიკა მარსისა და მთვარის დაბინძურების პრევენციისთვის. სააგენტოს მაქსიმალურ ზომებს იღებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ სხვა სამყაროების დაბინძურება დედამიწელი ორგანიზმებით, რადგან ამან შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლის ძიებას შეუშალოს ხელი. ასევე, დედამიწაზე უცხო ორგანიზმების შემოტანამ შესაძლოა ჩვენს გარემოს შეუქმნას საფრთხე.
"MARSBOx-ის მისიის მსგავსი ექსპერიმენტები უმნიშვნელოვანესი გზაა იმ ყველა შესაძლო ეფექტის აღმოსაჩენად, რასაც კოსმოსური ფრენები მიკრობულ სიცოცხლეზე იქონიებს. გარდა ამისა, ისინი იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ცოდნა მომავალი კოსმოსური აღმოჩენებისთვის", — განმარტავს სიმსი.
კომენტარები