9 მწერალი, რომელსაც თავისი წიგნის ეკრანიზაცია სძულდა
ლიტერატურა არცთუ იშვიათად ხდება ცნობილი და ზოგჯერ საკულტო ფილმების შექმნის პირველწყარო. საყვარელი წიგნების კინოადაპტაციებს ხშირად მკითხველები ითხოვენ, მერე კი, ზოგჯერ, თავადვე რჩებიან უკმაყოფილოები.
თუმცა, როცა საქმე მწერლებს ეხება, ისინი ბევრად კრიტიკულად უყურებენ საკუთარი შემოქმედების ეკრანიზაციას. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ რეჟისორ-სცენარისტ-პროდიუსერების ნამუშევარი უმეტესწილად ამბის შემოქმედების საკბილო ხდება.
ამ სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე მწერალს წარმოგიდგენთ, რომელიც თავისი წიგნის კინოადაპტაციამ უკმაყოფილო დატოვა.
1. პამელა ტრევერსი — მერი პოპინსი
დისნეის მიერ გადაღებული კლასიკად ქცეული ფილმი მერი პოპინსი, შესაძლოა, ბევრი ადამიანის ბავშვობის საყვარელი მოგონებაა, თუმცა, წიგნების ავტორისთვის საკუთარი ნაწარმოების ეკრანიზაცია დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სცენარი ტრევერსმა დაადასტურა, მის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების უმეტესობაზე ფილმის შემქმნელებმა უარი თქვეს. მწერალს არც ფილმში გამოყენებული ანიმაციური სცენები მოსწონდა და იმითაც უკმაყოფილო დარჩა, რომ მერი პოპინსის მკაცრი ხასიათი კინოადაპტაციაში შერბილებული იყო.
საბოლოოდ, ტრევერსი უხალისოდ დათანხმდა ყველაფერს, თუმცა, განაწყენებულს აზრადაც არ მოსვლია ფილმის პრემიერაზე მისვლა. ალბათ, არც მივიდოდა, რომ არა დისნეის აღმასრულებელი დირექტორის მიერ საგანგებოდ მისთვის გაგზავნილი მიწვევა.
ფილმის ჩვენებაზე 65 წლის მწერალი თურმე უიმედოდ ტიროდა და, ბოლოს, გადაწყვიტა, სერიის დანარჩენი წიგნების ეკრანიზაციის უფლება დისნეისთვის აღარ მიეცა.
2. სტივენ კინგი — ნათება
სტივენ კინგმა ალბათ არაერთი კინომოყვარული გაანაწყენა, როცა განაცხადა რომ თავისი რომანის კუბრიკისეული ეკრანიზაცია მხოლოდ "იმედგაცრუება" იყო.
"კუბრიკს კარგა ხნის განმავლობაში ვაღმერთებდი და ამ პროექტისადმიც დიდი მოლოდინი მქონდა, თუმცა, საბოლოო შედეგი ღრმა იმედგაცრუება აღმოჩნდა", — განაცხადა მწერალმა, — "კუბრიკმა, უბრალოდ, ვერ მოახერხა სასტუმროსთვის არაადამიანური ბოროტების ელფერი მიეცა. ბოროტების ძიება მან პერსონაჟებში დაიწყო და ფილმი ოჯახურ დრამად აქცია, გაურკვეველი ზებუნებრივი ელფერით. უმთავრესი ნაკლი სწორედ ეს იყო: რადგან თავად ვერ ირწმუნა, ფილმი ვერც მაყურებლისთვის გახადა დამაჯერებელი".
კინგმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეკ ნიკოლსონის შესრულებითაც უკმაყოფილო დარჩა. მწერლის თქმით, ჯამში, ფილმი "დიდი, ლამაზი კადილაკია, რომელსაც ძრავა არ აქვს".
3. ენ რაისი — ინტერვიუ ვამპირთან და დაწყევლილების დედოფალი
როცა ენ რაისის საკულტო გოთიკური რომანის ეკრანიზაციაზე ქასთინგი დამთავრდა, მწერალმა განაცხადა, რომ "ტომ კრუზი ისევეა ვამპირი ლესტატი, როგორც ედვარდ რობინსონი იყო რეტ ბატლერი". რაისმა თავიდანვე აღნიშნა, რომ მსახიობები "უცნაურად" შეირჩნენ და ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად გაამართლებდა ეს.
ამის მიუხედავად, როცა ფილმი ნახა, წიგნის ავტორს კრუზის განსახიერებული როლი მოეწონა და უთხრა კიდეც მას, რამდენად შთამბეჭდავად გაართვა თავი საქმეს. თუმცა, რაისს საერთოდ არ მოსწონებია დაწყევლილების დედოფალი, რომელიც 2002 წელს გამოვიდა. მან ფანებს ურჩია კიდეც, არ ენახათ ფილმი, რომელმაც თავისი წიგნები "დაამახინჯა".
4. უინსტონ გრუმი — ფორესტ გამპი
ჰოლივუდურმა ეკრანიზაციამ, რომელმაც ამბის მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვა, ნაწილები კი საერთოდ შეცვალა, ამერიკელი რომანისტი განარისხა, თანაც იმდენად, რომ წიგნის გაგრძელების წერა გრუმმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "არავის ანდო შენს ცხოვრებაზე ფილმის გადაღება".
თუმცა, გრუმის უკმაყოფილება მხოლოდ ფილმის შინაარსით გამოწვეული არ ყოფილა. მან პროდიუსერებს უჩივლა კიდეც, რადგან შემოსავლის დაპირებული 3 პროცენტი არ მიუღია. პროდიუსერებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ხარჯების გათვალისწინებით, ფილმს მათთვის სარგებელი არ მოუტანია. თითქოს ეს არ კმაროდა წიგნის ავტორისადმი უპატივცემულობის საჩვენებლად, მიღებული 6 ოსკარის შემდეგ, ფილმის შექმნაში მონაწილე არცერთმა ადამიანმა სიტყვით გამოსვლისას გრუმი არ ახსენა.
5. ენტონი ბერჯესი — მექანიკური ფორთოხალი
ენტონი ბერჯესს არა მხოლოდ არ მოეწონა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაცია, არამედ საერთოდ წიგნის დაწერაც კი ინანა.
"წიგნი, რომლითაც ყველაზე მეტად მიცნობენ, ან რომლითაც მიცნობენ მარტო, ის რომანია, რომლის უარყოფისთვისაც მზად ვარ", — განაცხადა ბერჯესმა, — "მეოთხედი საუკუნის წინ შექმნილი მახვილგონივრული ტექსტი ხელის ერთი მოსმით დაიწერა სამ კვირაში და იმ ფილმის გაუშალაშინებელ საფუძვლად იქცა, რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ სექსსა და ძალადობას განადიდებს. ფილმმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რომ მკითხველებს წიგნი არასწორად გაეგოთ. ეს არასწორი გაგება კი სიკვდილამდე თან გამომყვება. სწორედ ამ უზუსტო ინტერპრეტაციის საფრთხის გამო, საერთოდ არ უნდა დამეწერა ეგ წიგნი".
6. როალდ დალი — ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არ ქცეულა ჩარლი და შუშის დიდი ლიფტი ფილმად? იმიტომ, რომ დალს საერთოდაც არ მოსწონდა ამ წიგნის წინამორბედის ეკრანიზაცია. ან, უფრო შესაფერისად თუ ვიტყვით, ეზიზღებოდა. ფილმს მან "უვარგისი" უწოდა, რეჟისორს კი "უნიჭო და უუნარო". მწერალმა პირობა დადო, რომ ფილმის პროდიუსერები წიგნის გაგრძელების გადაღების უფლებას ვეღარასდროს მიიღებდნენ, ყოველ შემთხვევაში, თავის სიცოცხლეში მაინც.
7. კენ კიზი — ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
მართალია, ფილმი ოსკარებით დაიხუნძლა — ჯამში ეკრანიზაციამ კინოაკადემიის ხუთი პრიზის მოპოვება შეძლო — თუმცა, წიგნის ავტორი ადაპტაციით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა. თავდაპირველად იგი პროდიუსერების დამხმარედ განიხილებოდა, თუმცა, მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში თანამშრომლობა შეწყდა. როცა ადაპტაცია გამოვიდა, კიზი აღნიშნავდა, რომ კარგა ხნის განმავლობაში საერთოდ არ უნდოდა ფილმის ნახვა, განსაკუთრებით იმედგაცრუებული კი იმით იყო, რომ ბრომდენის პერსპექტივა ეკრანიზაციაში დაიკარგა.
8. რიჩარდ მეთისონი — მე ვარ ლეგენდა
მეთისონი თავისი წიგნის მარტო ერთმა კი არა, ყველა ეკრანიზაციამ გაანაწყენა. პირველი მათგანი, უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე, 1964 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლი ვინსენტ პრაისმა შეასრულა.
"ფილმით იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ჩემს დაწერილ ამბავს მიჰყვნენ. ვინსენტ პრაისი, რომელიც ჩემ მიერ შექმნილი სცენარით გადაღებულ ყველა ფილმში მომწონს, ვფიქრობ, რომ არასწორად იყო როლზე შერჩეული. თანაც, რეჟისურაც მოიკოჭლებდა".
რომანის მომდევნო ეკრანიზაცია, ადამიანი ომეგა, ჩარლტონ ჰესტონით მთავარ როლში, 1971 წელს გამოვიდა, თუმცა, ვერც მან მოახერხა მეთისონის გულის მოლბობა ჰოლივუდზე. ხოლო როცა ამ დროისათვის ბოლო ეკრანიზაცია, მე ვარ ლეგენდა, უილ სმითით მთავარ როლში, დაანონსდა, მწერალს, როგორც ჩანს, "ყელში ამოუვიდა" და მკვახედ განაცხადა.
"არ ვიცი, რატომაა ჰოლივუდი ჩემი წიგნით ასე გატაცებული, როცა არასდროს ადარდებთ, ისე გადაიღონ, როგორც დავწერე".
9. ბრეტ ისტონ ელისი — ამერიკელი ფსიქოპათი
ელისს მიაჩნდა, რომ თავისი ცნობილი რომანი ფილმად საერთოდ არ უნდა ქცეულიყო.
"ამერიკელი ფსიქოპათი ის წიგნია, რომელსაც, მგონი, ეკრანიზაცია არ სჭირდებოდა. პრობლემა ალბათ იმაშია, რომ რომ ეს ამბავი თავიდანვე რომანად იყო ჩაფიქრებული, ლიტერატურულ ნამუშევრად, რომლის ცენტრშიც არასანდო მთხრობელია. ფილმი კი პასუხებს მოითხოვს. შეიძლება გინდოდეს, ორაზროვანი ნამუშევარი გადაიღო, თუმცა, ჩვენ მას მაინც ვნახულობთ და კითხვებსაც პასუხები ვიზუალურად ეცემა. ვფიქრობ, წიგნის წაკითხვა საერთოდაც არ იქნება უფრო საინტერესო, თუკი პასუხები ზუსტად გეცოდინება".
კომენტარები