ინჟინერი ხიდის ქვეშ: კორონავირუსის რუსული ვაქცინის ისტორია
7 წლის პიოტრ ჩუმაკოვი თავის ძმებთან ერთად რიგში ჩადგა. დედამ მათ პირში შაქრის ნატეხები ერთი მეორეს მიყოლებით ჩაუდო. პატარებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ამ ტკბილეულის გასინჯვით ისინი მედიცინის ისტორიაში ეწერებოდნენ, ხოლო მათი მშობლები, საბჭოთა კავშირის წამყვანი ვირუსოლოგები, სასწორზე ახლა საკუთარი შვილების სიცოცხლეს დებნენ, რათა წარმატების შემთხვევაში მილიონობით პატარა ეხსნათ მტანჯველი სიკვდილისგან. შაქრის ნატეხები დასუსტებული პოლიოვირუსით იყო გაჟღენთილი. მიხეილ ჩუმაკოვსა და ნატალია ვოროშილოვას ეს საჩუქარი ამერიკელმა კოლეგამ, პოლიომიელიტის ორალურ ვაქცინაზე მომუშავე პიონერმა, მეცნიერმა ალბერტ საბინმა უსახსოვრა.
"ვიღაც პირველი უნდა იყოს. მე ამაზე არასდროს გავბრაზებულვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია გყავდეს ასეთი მამა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორ საქმეს აკეთებს და სჯერა, მის შვილებს არაფერს ავნებს", — აღნიშნავს პიოტრ ჩუმაკოვი, რომელიც მშობლების გზას გაჰყვა და ამჟამად რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ენგელჰარდტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ მუშაკია. იგივე აზრზეა მისი ძმაც, ალექსეიც, რომელიც 1959 წელს დაბადებულიც არ იყო.
"ეს ძველი ტრადიციაა. ინჟინერი ხიდის ქვეშ უნდა იდგეს, როცა მასზე მძიმედ დატვირთული ეშელონი პირველად გადაივლის", — ამბობს იგი და ამ სიტყვების სამართლიანობაში ეჭვი არც კი შეაქვს. იგი E ჰეპატიტის ვაქცინის ერთ-ერთი შემქნელია და ასევე პირველი ადამიანი გამოდგა, ვინც აცრა მოქმედებაში, საკუთარ თავზე გამოსცადა.
რუსი მეცნიერები ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებენ. Sputnik-V-ის შემქმნელი, დენის ლოგუნოვი, კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ აპრილში აიცრა. მის მსგავსად მოიქცა გამალეის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ალექსანდერ გინცბურგიც, რომელმაც ექსპერიმენტული ვაქცინით ცოლი, ქალიშვილი და შვილიც აცრა. ეს ყოველივე ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა Sputnik-V-ს კლინიკური კვლევაც კი არ ჰქონდა დაწყებული. ამიტომაც, განსხვავებით დასავლური აკადემიისა, რუსულ სამეცნიერო წრეებს დიდად არ გაჰკვირვებიათ, როცა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ექსპერიმენტული ვაქცინით უკვე აცრილი იყო.
როგორ მუშაობს ვაქცინა?
როგორც უკვე ვიცით, SARS-CoV-2 ვირუსი უჯრედში შესაღწევად ზედაპირიდან ამოჩრილ გვირგვინისებრ ცილებს, ე.წ. "სპაიკებს" იყენებს. Sputnik V "სპაიკ-ცილის" ასაშენებელ გენეტიკურ ინსტრუქციას შეიცავს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს რნმ-ზე დაფუძნებული კონკურენტებისგან განსხვავებით, იგი ამას დნმ-ს საშუალებით ახერხებს. მეცნიერებმა ვაქცინა გაციების ადენოვირუსისგან შექმნეს. აღნიშნულ ტექნოლოგიას მკვლევარები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იყენებენ. ისინი ადენოვირუსებს "ვექტორებად", გენეტიკური ინფორმაციის გადასატანად და უჯრედში ჩასანერგად იყენებენ. კორონავირუსის "სპაიკ-ცილის" ასაშენებელი გენეტიკური მასალა ორ სხვადასხვა ადენოვირუსს მიაქვს და ისინი იმგვარად არის მოდიფიცირებული, რომ უჯრედში შესვლის შემდეგ თვითონ ვერ გამრავლდნენ. კონსტანტინ ჩუმაკოვი, ძმათაგან ერთ-ერთი, ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი, ადენევირუსულ ვექტორებს ამგვარად განმარტავს: "ტროას ცხენი, რომელიც რასაც ისურვებ, იმას წაიღებს და ადგილზე მიიტანს". მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინების ეფექტიანობა პრაქტიკაში უკვე გამოცდილია: Johnson & Johnson-მა ებოლას ვაქცინა ადენოვირუსული ვექტორით შექმნა. იგივე მეთოდოლოგიას იყენებენ კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში ჩართული სხვა ფარმაკოლოგიური კომპანიებიც: AstraZenecca და ოქსფორდის უნივერსიტეტი თავიანთ ვაქცინაში შიმპანზეების ადენოვირუსს იყენებენ.
Sputnik V-ით აცრის შემდეგ ორგანიზმში მოხვედრილი ადენოვირუსები ორგანიზმის უჯრედებს ემაგრებიან. ეს უკანასკნელნი მათ ერთგვარი ბუშტში გაახვევენ და შიგნით შეითრევენ. ადენოვირუსი ბუშტს უჯრედში მოხვედრისთანავე ტოვებს და მისი ბირთვისკენ იღებს გეზს, სადაც უჯრედის დნმ ინახება. იგი ბირთვში საკუთარ დნმ-ს უშვებს და ამგვარად უჯრედს კორონავირუსის "სპაიკების" აშენებას ასწავლის. გენეტიკური ინფორმაცია საინფორმაციო რნმ-ში იწერება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ბირთვს ტოვებს და "სპაიკების" დამზადებას იწყებს. ვაქცინირებული უჯრედიდან ისინი გავრცელებას ორგანიზმში იწყებენ და გზად შემხვედრ უჯრედებს ემაგრებიან. თავის მხრივ ადენოვირუსი იმუნური სისტემის გაღიზიანებასაც იწვევს. მიმდინარე პროცესებს იმუნური სისტემა ამჩნევს და შესაბამისი პასუხის გაცემას იწყებს.
ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი
ვაქცინირებული უჯრედის სიკვდილის შემდეგ გამონთავისუფლებულ "სპაიკ-ცილებსა" და მათ ფრაგმენტებს იმუნიტეტის ანტიგენწარმდგენი უჯრედები შეამჩნევენ. ისინი მათ იმუნური სისტემის სხვა წარმომადგენლებს, დამხმარე T უჯრედებს წარუდგენენ. ეს უკანასკნელნი განგაშის სიგნალს რთავენ და ინფექციასთან ბრძოლაში სხვა იმუნურ უჯრედებსაც რთავენ. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი B ლიმფოციტი გახლავთ. იგი სისხლში ცირკულირებს და როცა "სპაიკებს" ან მის ნარჩენებს გადააწყდება, მათ მჭიდროდ უკავშირდება. ამ ყოველივეს შემდეგ ისინი საკუთარი თავის გამრავლებას დაიწყებენ, რათა მათ მსგავსად იგივე საქმე შვილეულმა უჯრედებმაც შეასრულონ. შესაბამისად, ახალგაჩენილი B ლიმფოციტები სპეციფიკურად "სპაიკ-ცილაზე" დამიზნებულ ანტისხეულებს წარმოქმნიან.
აცრის შედეგად ჩამოყალიბებული ანტისხეულები ორგანიზმში მოხვედრილ ვირუს სწრაფად ამოიცნობენ, მათ "სპაიკებს" უკავშირდებიან, რის შედეგადაც უჯრედში შეღწევის უნარს უბლოკავენ. ვირუსს ანტისხეულები მონიშნავენ და საქმეში უკვე მკვლელი T უჯრედები ერთვებიან. ისინი სპაიკ-ცილის შემცველ უჯრედებს მთელ ორგანიზმში ეძებენ და ანადგურებენ.
მეცნიერთა ნაწილი შიშობდა, რომ ორგანიზმს თავისი იმუნური პასუხი უშუალოდ ადენოვირუსული ვექტორებისკენ არ მიემართა. ამის თავიდან ასარიდებლად რუსი მკვლევარები ვაქცინაში ორ განსხვავებულ ადენოვირუსს იყენებენ. სრული იმუნიზაცია ორი აცრის შემდეგ მიიღწევა: პირველ ჯერზე ორგანიზმში ადენოვირუსი Ad26 შეჰყავთ, ხოლო 21 დღის შემდეგ, მეორე აცრაზე — Ad5. ინფორმაციულ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინებისგან განსხვავებით, დნმ ვაქცინები უფრო გამძლენი არიან, ხოლო ადენოვირუსული საფარველი ძვირფას გენეტიკურ მასალას საიმედოდ იცავს. ამის გამო Sputnik V დაბალ სამაცივრე ტემპერატურაზე თავისუფლად ინახება.
კლინიკური კვლევის შედეგები
11 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი მინისტრთა კაბინეტთან ონლაინ შეხვედრას მოსკოვის მიმდებარედ განთავსებული საპრეზიდენტო რეზიდენციიდან მართავდა. მან ქვეშევმრდომებს აცნობა, რომ გამალეის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინა მსოფლიოში პირველი ვაქცინააა, რომელმაც ფართო გამოყენებაზე მარეგულერებლის თანხმობა ორ თვეში ნაკლებ დროში მოიპოვა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მათი მეცნიერების პროდუქტით მისი ქალიშვილი უკვე აიცრა და იგი თავს კარგად გრძნობს. მის სიტყვებს დაეთანხმა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოც, რომლემაც ვაქცინას "ეფექტიანი და უსაფრთხო" უწოდა. ეს ყოველივე კი იმ დროს ხდებოდა, როცა ვაქცინას I-II ეტაპის კვლევები ჯერ დასრულებული არც კი ჰქონდა — ამ დროისათვის მოხალისეთა რაოდენობა ასამდე ადამიანს შეადგენდა. რუსი მკვლევარების განცხადებით, მესამე, დასკვნითი ეტაპის კვლევისათვის ისინი 1 600 — 2 000 ადამიანს შეარჩევდნენ, მაშინ, როცა ოქსფორდის უნივერსიტეტი ამ ეტაპისთვის 50 ათასი მოხალისის, ხოლო Pfizer — 30 ათასი მსურველის ჩართვას გეგმავდა. ამას გარდა, ვაქცინის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე აკადემიური სტატია ჯერაც არ იყო გამოქვეყნებული. ამ ყოველივემ დასავლურ აკადემიაში საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა. მზარდი სკეპტიციზმის ფონზე, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავიანთი ხმამაღალი გადაწყვეტილება რამდენიმე დღეშივე შეარბილეს და აღნიშნეს, რომ მესამე ბოლო ეტაპის კვლევაში ისინი ჯამში 40 ათას ადამიანს ჩართავენ, ხოლო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ იქნებოდა მიღებული.
ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ პირველი სტატია ჟურნალში The Lancet დაიბეჭდა. პუბლიკაციიდან ირკვეოდა, რომ ვაქცინაზე ორი არა-რანდომიზებული, I და II ეტაპის კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჯამში 76 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, აცრიდან 42 დღის მანძილზე საყურადღებო არასასურველი მოვლენები არ დაფიქსირებულა, ხოლო 21 დღეზე ნაკლებ პერიოდში ორგანიზმმა ანტისხეულები წარმატებით გამოიმუშავა. აღნიშნული სტატია მეცნიერთა წრეში ფართო განხილვის საგნად იქცა. მოლეკულურმა ბიოლოგმა, ენრიკო ბუჩიმ თავის ბლოგზე ღია წერილი გამოაქვეყნა და როგორც გაირკვა, მის ეჭვებს ბევრი მეცნიერი იზიარებდა. ბუჩი მიანიშნებდა, რომ სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი მონაცემი კოპირებული უნდა ყოფილიყო და რადგანაც პუბლიკაციას კვლევის პირველად მონაცემები არ ახლდა, რთულდებოდა იმის გარკვევაა, თუ რა ფაქტობრივ მტკიცებულებას ეყრდნობოდა რუსი მეცნიერების აღწერილი შედეგები.
მაგალითად: ერთ-ერთ სურათზე მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, სადაც სხვადასხვა ვაქცინით აცრილი 9 მოხალისისგან შექმნილი ორი ჯგუფის შედეგებია შედარებული. როგორც სურათზე ჩანს, მათ სისხლში გაზომილი იმუნურ უჯრედთა რაოდენობა ერთ დონეზეა. "იმის ალბათობა, რომ ეს სრულიად შემთხვევითია, საოცრად დაბალია", — განმარტავს ბუჩი.
ასეთი დამთხვევები სტატიაში რამდენჯემე მეორდება:
კრიტიკის საპასუხოდ სტატიის ავტორმა, დენის ლოგუნოვმა განაცხადა, რომ ღია წერილზე პასუხის გაცემას არ გეგმავდა და მის პუბლიკაციაში რაიმე შეცდომა არ ყოფილა. მისი სიტყვებით, კვლევის მონაწილეთა ორგანიზმში გაზომილი ანტისხეულების რაოდენობა "ზუსტად იმდენი იყო, როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული".
ნოემბრის შუისთვის Pfizer-მა მისი ვაქცინის კვლევის საბოლოო (95%-იანი ეფექტიანობა), ხოლო Moderna-მ — შუალედური (95%-მდე ეფექტიანობა) შედეგები გამოაქვეყნა. ამ სიახლეების თანმდევად, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი ვაქცინა 95%-ზე უფრო მაღალი ეფექტიანობით გამოირჩეოდა და ამ მაჩვენებლით იგი Pfizer-ისა თუ Moderna-ს ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი იყო. ამ განცხადებიდან თითქმის ორ თვეში, რუსული ვაქცინის კლინიკური კვლევის შედეგები ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც Sputnik V დაახლოებით 92%-იანი ეფექტიანობით გამოირჩეოდა.
სამეცნიერო სკეპტიციზმი და ვაქცინის პოლიტიკური ძალა
"რუსეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, მას მაინც გააკრიტიკებენ. ეს მოცემულობაა", — აღნიშნავს კირილ დმიტრიევი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის ხელმძღვანელი და ვაქცინის ფინანსური ხერხემალი. ეს სიტყვები სასაცილოც კი არის, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყანა ოლიმპიური ათლეტების დოპინგ-სკანდელებიდან დაწყებული პოლიტიკური ოპონენტების მოწამვლით დასრულებული ყველაფერზეა წამსვლელი. ყველა დიდი სამეცნიერო აღმოჩენა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც არის და Sputnik V გამონაკლისი არ გახლავთ — პუტინის ხელში ვაქცინა მძლავრ იარაღად იქცევა. ეს თავიდანვე ადვილი შესამჩნევი გახლდათ, როცა ელვის სისწრაფით გაცემულმა მარეგულირებლის ლიცენზიამ ეჭვები გააჩინა, რომ ეს ან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მას მეცნიერებასთან საერთო არაფერი გააჩნდა, ან რუსმა მეცნიერებმა კვლევა "მოკლე გზების" გავლით ჩაატარეს.
სლალომს თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებას უწოდებენ, სადაც სპორტსმენმა საკონტროლო ალმებით მონიშნული მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით უნდა მიაღწიოს ფინიშის ხაზს. კლინიკური კვლევის რუსული თავისებურებების უკეთ ასახსნელად მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიების სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელი, სვეტლანა ზავიდოვა, სპორტულ ანალოგიას მიმართავს:
"სლალომის მსგავსად, შენ მთელი გზის მანძილზე ალმებით გაკეთებულ ჭიშკრებში უნდა გაიარო. ჩვენ, დროის დასაზოგად, გადავწყვიტეთ, რომ თავდაღმართში პირდაპირ დავშვებულიყავით. გზა მოკლეზე მოვჭერით და მერე განვაცხადეთ: "ახლა კი მედალი მომეცით!" მის მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ვაქცინის შემქმნელი, დენის ლოგუნოვი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური წნეხი არაფერ შუაშია და პროცედურების წესების უგულვებელყოფა გლობალური პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებებით არის განპირობებული. "თუ ჩვენ გვაქვს რაღაც, რაზეც დამტკიცებულად ვიცით რომ უსაფრთხოა და მას ადამიანის გადარჩენის შანსი აქვს, არაეთიკური იქნება, რომ მისი გამოყენება არ ვცადოთ", — შენიშნავს ის.
რამდენადმე გაურკვეველია ლოგუნოვისეული სამეცნიერო ეთიკის გაგება დასავლური სამედიცინო აკადემიისათვის, რომლისთვისაც ხარისხის საზომი ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებია. ამ მხრივ, რუსეთი რამდენიმე ათწლეულით უკან არის, როგორც ეს დემოკრატიისა და ეკონომიკის ანალიზის ინსტიტუტის კვლევამ გამოკვეთა, როცა მათ 2005-2017 წლებში გამოქვეყნებული 22 მილიონი სამეცნიერო პუბლიკაცია გააანალიზეს. ამ ყოვლისმომცველმა კვლევამ საყურადღებო პრობლემა წარმოაჩინა: რუსი მეცნიერები თავიანთ ნაშრომებს უმეტესად ლოკალურ აკადემიური ჟურნალებში აქვეყნებენ. შესაბამისად, ბევრისთვის განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, როცა რუსული სამეცნიერო პუბლიკაციები კოპირებასა და პლაგიატობაში იქნა შემჩნეული. საბოლოოდ, რუსეთის სამეცნიერო აკადემია იძულებული გახდა 869 სამეცნიერო სტატია უკან გაეწვია. ამის მიზეზი 2012 წელს პუტინის მიერ გაცემულ ბრძანებაში უნდა ვეძიოთ. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მოდინების პარალელურად გაიზარდა მეცნიერებზე ზეწოლაც — წლის განმავლობაში მათ გარკვეული რაოდენობის აკადემიური სტატია უნდა გამოაქვეყნონ, მაგრამ ნაშრომის ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
"ამ ვაქცინის კრიტიკოსებს არგუმენტები აღარ დარჩათ. Тhe Lancet-ში გამოქვეყნებული სტატია შამათის ტოლფასია", — შენიშნავს კირილ დმიტრიევი. მის აზრს უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს კრემლის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი პესკოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ სწორედ ეს პუბლიკაცია მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, დასკვნითი ეტაპის კვლევამდე მიეცათ ვაქცინისთვის ფართო გამოყენების ლიცენზია, გამართლებული იყო.
რუსეთისთვის ვაქცინა რომ გავლენის ბერკეტს წარმოადგენს, მისი სახელიდანაც კარგად ჩანს. Sputnik V (V როგორც Vaccine) მას კირილ დმიტრიევმა დაარქვა და CNN-ისთვის მიცემულ ინტევიუში აღნიშნა კიდეც, რომ ეს სუპერ-სახელმწიფოების ცივი ომის დროინდელი ცნობილი ჭიდილის გამოძახილია. ახალგაზრდა ბინზესმენს საგულისხმო კავშირებიც აქვს: მისი მეუღლე ნატალია პოპოვაა, რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინსტიტუტის, Innopraktika-ს დირექტორის მოადგილე. ამ ინსტიტუტის დირექტორი კი მისი კურსელი და მეგობარი, კატერინა ტიხონოვა, იგივე კატერინა პუტინაა — ყოფილი ფიგურული მოციგურავე და ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი. სავარაუდოდ, სწორედ ტიხონოვა იგულისხმა მან, როცა აგვისტოში აღნიშნა, რომ ექსპერიმენტული ვაქცინით მისი ქალიშვილიც აიცრა.
დეზინფორმაციის ბუმერანგის ეფექტი
გასული წლის აგვისტოში ნატალია პოპოვას თავის ქმართან, კირილ დმიტრიევთან ჰქონდა ინტერვიუ. გამალეის ინსტიტუტის დათვალიერების დროს მან შენიშნა: "საერთოდ არ ვიცით, კორონავირუსი საიდან მოვიდა, მაგრამ რუსეთი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ის დამარცხდება". შეფარვით საუბარი არც დმიტრიევს ეშლება. მან ერთ-ერთი ინტერვიუში AstraZenecca-ს ვაქცინას "მაიმუნების ვაქცინა" უწოდა (ამ ვაქცინაში მეცნიერები შიმპანზეების ადენოვირუსულ ვექტორს იყენებენ), რაც რუსულმა დეზინფორმაციულმა პროპაგანდამ ამგვარად გადათარგმნა: "ოქსფორდის ვაქცინით აცრამ შეიძლება მაიმუნად გადაგაქციოთ".
რუსეთის დასავლურ სამყაროსთან საინფორმაციო ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. გამონაკლისი არც მიმდინარე პანდემია აღმოჩნდა — ვაქცინის შექმნისთვის გამართული რბოლის პარალელურად დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მთავარი გზავნილები მიზნად დასავლური ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავდა. მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა Pfizer და AstraZenecca. ამის პარალელურად სამთავრობო პროპაგანდა აქტიურად წარმოაჩენდა რუსულ პროდუქტს, როგორც უფრო გამოცდილ და უსაფრთხო ალტერნატივას. როგორც გაირკვა, ეს გზავნილები ექსკლუზიურად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი, რადგანაც ამ ტერიტორიას რუსეთი თავისი ვაქცინის გასაყიდ ბაზრად მოიაზრებს.
ანტისამეცნიერო ნარატივი რუსეთს ბუმერანგივით მოუბრუნდა. 2020 წლის ოქტომბერში, ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 59% აცრისგან თავს იმ შემთხვევაშიც კი შეიკავებდა, თუ იგი უფასო იქნებოდა. ეს ყოველივე პრაქტიკაშიც ნათლად აისახა. ნაცვლად იმისა, რომ პოლიკლინიკებთან რიგები დამდგარიყო, ვაქცინას თითო-ოროლა ადამიანი იკეთებდა. ამის მიზეზი სახელმწიფო პროპაგანდის არასწორ მიდგომაში უნდა ვეძებოთ. "გზავნილი ის კი არ უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენი ვაქცინა ასეთი კარგია, არამედ ის, რომ ვირუსი სერიოზული და საშიშია", — განმარტავს ლევადა ცენტრის დირექტორის მოადგილე, დენის ვოლკოვი. პანდემიის მიმდინარეობამ ეს სათქმელი ასობით ადამიანის სიკვდილით ისედაც მოიტანა და აცრილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვმაც იმატა. უმეტესობისთვის ამოსავალი წერტილი პერსონალურ არჩევანზე დაიყვანება — ავად გახდომა არავის უნდა და ვაქცინა ხელმისაწვდომია.
გადაუდებელი საჭიროების გამო, რუსულ ვაქცინას მწვანე შუქი უკვე ოცმა ქვეყანამ აუნთო. ამჟამად, ბაზარზე არსებული დეფიციტის წყალობით, რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნა, რის გამოც პუტინის ხელისუფლება მთავარ სამიზნედ ევროკავშირის ბლოკს სახავს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვაქცინის მიღებაზე მზაობა გამოთქვა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ევროკავშირის მარეგულირებლის შესაბამის ლიცენზიას მოიპოვებს. სურვილი ერთია და შესაძლებლობა — მეორე. კირილ დმიტრიევი შენიშნავს, რომ ევროპულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებელი ვაქცინების რაოდენობა მათ 2021 წლის მაისამდე ვერ ექნებათ. თუმცა, უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვაქცინა რუსეთისგან იყიდა. "ვაქცინა არ შეიძლება პოლიტიკური განხილვის საგანი იყოს. დასავლურ და აღმოსავლურ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როცა ისინი საკმარისი რაოდენობით იქნება", — განმარტა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
"დიქტატურასთან კავშირში შესვლა ყოველთვის კრახით სრულდება. ისინი იზოლირებულნი და შეკავებულნი უნდა იქნენ, თორემ თავიანთ კორუფციას თავისუფალ სამყაროში გაავრცელებენ. აქედან მიღებულ სარგებელს ისინი ქვეყნის შიგნით რეპრესიისა და ქვეყნის გარეთ აგრესიის დასაფინანსებლად იყენებენ", — აღნიშნა ლეგენდარულმა მოჭადრაკემ და რუსეთიდან გაქცეულმა პოლიტიკოსმა, გარი კასპაროვმა და ძნელია, მას არ დაეთანხმო.
კომენტარები