სხვადასხვა დროს სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა მიზეზით გამუდმებით ცდილობდნენ, რომ ქალების სხეულები შეებოჭათ, გარკვეულ საზღვრებში მოექციათ ან სულაც გადაემალათ. მსგავსი იდეები უმეტესად, ცხადია, კაცების გონებაში მწიფდება იმის შიშით, რომ თავისუფალი ქალები, რომლებიც ბოლომდე შეიგრძნობენ თუნდაც საკუთარი სხეულების მშვენიერებასა და ძალას, უფრო თამამად დაუპირისპირდებიან იმ უსამართლო წესრიგს, რომელიც პირველ რიგში, სწორედ მათ უზღუდავს ჰორიზონტს და გასაქანს არ აძლევს.

დროთა განმავლობაში მთელი გარემო ამ შიშით ისე აივსო, რომ ის ქალებსაც გადაედო: ბევრმა ქალმა დაიჯერა, რომ საკუთარ სხეულებს აუცილებლად უნდა უფრთხოდნენ, მაქსიმალურად უნდა მიჩქმალონ, კონკრეტული ნაწილების გამოჩენით სხვები არ უნდა გამოიწვიონ და საერთოდ, უნდა რცხვენოდეთ იმის, როგორებიც არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ქალების შინაგან თავისუფლებას, მათ სიძლიერეს და პიროვნულობას ბოლომდე არ განსაზღვრავს ის, თუ როგორ აღიქვამენ სხვები მათ სხეულებს ან როგორ გამოხატავენ თავად ამას, რადგან ყველა ქალი, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ საკუთარ თავთანაა პასუხისმგებელი, თავის სხეულთან ურთიერთობის რა ფორმას აირჩევს, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი სოფი მდივნიშვილი ფოტოკამერის საშუალებით ქალების სხეულების უსაზღვრო თავისუფლების აღბეჭდვას თავისებური ხედვით ცდილობს.

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

სოფი ოცდაოთხი წლისაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტოგრაფიაში ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნა არ მიუღია და ყველაფერი როგორც მოყვარულმა, ისე დაიწყო, მის შემოქმედებას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა არაერთ ქვეყანაში უკვე ათასობით ერთგული მოყვარული ჰყავს.

"ვიზუალური ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ჩემი თავი, როგორც ფოტოგრაფი, არასდროს წარმომედგინა. პირველი კამერა, რომელიც ფირზე იღებდა, 2015 წელს ვიყიდე, მაგრამ მაშინ სიღრმისეული ინტერესი ჯერ კიდევ არ მქონდა. იმ პერიოდში ყველაფერს ვიღებდი, რაც ჩემს გარშემო იყო, კონკრეტული არაფერი მაინტერესებდა. მთავარი მიზეზი, რატომაც მივყევი ბოლომდე ფოტოგრაფიას, ალბათ, ის საინტერესო პროცესია, რაც ფირზე გადაღებას ახლავს თან, მთელი თავისი ამაღელვებელი დეტალებით. ამ სფეროში არანაირი ცოდნა არ მქონდა და არც სადმე მისწავლია, თუმცა სათანადო შრომით მიზნის მიღწევა მაინც შეიძლება და ვფიქრობ, დამოუკიდებელი მცდელობებით, ასე თუ ისე, მეც ბევრი რამ ვისწავლე", — ამბობს სოფი მდივნიშვილი.

ვისაც ამ მცდელობებისთვის დასაწყისიდან დღემდე მიუდევნებია თვალი, კარგად იცის, რომ მისი განვითარების ეტაპები ნამდვილად შთამბეჭდავი და თვალსაჩინოა.

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

უკვე მესამე წელია, რაც სოფი უმეტესად მხოლოდ ქალის შიშველ სხეულებს იღებს. როგორც თავად განმარტავს, მისი ამ მიმართულებით დაინტერესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

"შიშველი ნატურა ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის. როგორც ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი პიროვნული თვისებებით ერთმანეთისგან, ასევეა მათი სხეულებიც. იდენტური სხეულები არ არსებობს და ამ მრავალფეროვნებამ მიმიზიდა. ამას დაემატა ისიც, რომ ამ ყველაფრის განხორციელება დიდ სირთულეს უკავშირდებოდა თავის დროზე ჩემთვის: არ იყო მარტივი, მეპოვა ადამიანები, რომლებიც კამერის წინ მსგავს გამბედაობას გამოიჩენდნენ და ეს დაბრკოლება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო დიდი ძალისხმევით მეცადა ამ სტილში გადაღება".

როცა შესავალში სხეულების თავისუფლებაზე ვსაუბრობდი, ალბათ, იმაზე პრიმიტიულად აღვწერე ეს კომპლექსური საკითხი, ვიდრე არის, რადგან დღესაც, როცა ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, კითხვები კვლავ მათ მისამართით ისმება: "თავად ხომ არ გამოიწვია?", "რა ეცვა?", "აბა, რას ელოდა?". ან კიდევ, როცა ხელოვნებაში ქალების სიშიშვლეზე ვსაუბრობთ, ის ხშირად რადიკალურად სექსუალიზებულია კაცების მზერისთვის: ისინი უნდა იქცნენ ობიექტებად, რომლებიც კაცების ეროტიკულ ვნებას დააკმაყოფილებენ. სოფი მდივნიშვილის თქმით, მისი მზერა სულ სხვა მხარესაა მიმართული:

"იდეალური სხეულის შესახებ საზოგადოებაში არსებულმა შეხედულებებმა, როგორც ჩემზე, ასევე ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რამაც სხვა უამრავის მსგავსად, საკუთარი თავის სიყვარულს ძალიან დამაშორა. ამიტომაც მინდოდა შემექმნა ისეთი სამყარო, სადაც ქალები ერთმანეთს გაუზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, სილამაზეს, სიძლიერეს, გამბედაობას და მეტად მისცემდნენ სხვებს მიზეზს, რომ დაენახათ საკუთარი თავები ისეთებად, როგორებიც ნამდვილად არიან და ასე მაინც ეცადათ საკუთარი სხეულების შეყვარება".

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ხელოვნებაში, მითუმეტეს თანამედროვე ფოტოგრაფიაში, სიშიშვლე აღარ არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ ავტომატურად შეძლებ საზოგადოების გაოცებას, ან მეტიც — აღშფოთებას. თუმცა არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ადგილობრივი ხელოვნებისთვის ის ზედმეტად ახლობელი, გაცვეთილი და მოძველებულია. საქართველოში ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას კვლავ დიდი გამბედაობა სჭირდება როგორც ხელოვანის მხრიდან, ისე იმ მოდელებისგან, რომლებიც მზად არიან, ფოტოკამერისთვის თუნდაც მზერის არიდებით იპოზიორონ.

"ხშირად მეკითხებიან, როგორ ხდება მოდელების შერჩევა, ან არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმები. პასუხი ცალსახაა: არა. მთავარია მხოლოდ სურვილი, რომ გახდნენ ჩემი ფოტოგრაფიისა და იმ ენერგიის ნაწილი, რასაც უკვე ორ წელზე მეტია, ვაგროვებ და ვუნაწილებ სხვებსაც. სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც ვუღებ, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან: მიყვარს, როდესაც ერთდროულად ბევრი სხვადასხვა ასაკის და გარეგნობის მქონე ქალის გადაღება მიწევს. საინტერესოა როგორც ჩემი მათთან, ასევე მათი ერთმანეთთან ურთიერთობა, როცა სრულიად უცხო ადამიანები ჩემი ფოტოგრაფიის საშუალებით [საერთო გადაღებებზე] ერთმანეთს უკავშირდებიან. ეს ადამიანები სხვადასხვა ისტორიები არიან ჩემთვის და მათ სხეულზე არსებული ხაზებით და ფორმებით ვცდილობ, ამოვიკითხო ისინი და გავუზიარო სხვებს", — ამბობს მდივნიშვილი.

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

იმ სხეულებთან ერთად, რომლებსაც სოფი მდივნიშვილი თავისი ფოტოკამერით ფირზე აღბეჭდავს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელშიც სხვა ქალებთან ერთად საერთო ემოციების სურათზე გადმოტანას ცდილობს: ისინი ხან ოთხ კედელში არიან გამომწყვედიულნი მელანქოლიასთან, სევდასთან, ვნებასთან თუ მარტოობასთან ერთად, ხან კიდევ ბუნებას არიან ისე შერწყმულნი, როგორც ველური ტომების შამანები.

"ჩემი გადასაღები სივრცეები ორ ნაწილად იყოფა: თბილისის ქუჩებში მიმოფანტული სახლები, რომლებიც უკვე ჩემს ძალიან ბევრ მოგონებას ინახავს და ღია ადგილები, რომლებიც ქალაქიდან, კორპუსის კედლებიდან მოშორებულია. ხშირად წინასწარ არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან ის ადამიანები ვისაც ვიღებ ხოლმე, რადგან მათ პირველად ვხვდები, ამავდროულად გადასაღებ სივრცეებსაც ხანდახან დაგეგმვის გარეშე, გზადაგზა ვარჩევ", — ასე აღწერს სოფი გადაღების პროცესს.

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

სოფის ფოტოებზე ასახული ქალები რამდენადაც ძალიან მიწიერი, ადამიანურები არიან თავიანთი სხეულების მრავალფეროვანი თავისებურებებით, იმდენადვე ხშირად მითოლოგიურ არსებებსაც ემსგავსებიან ხოლმე. ეს განსაკუთრებით ბუნებაში, თვალწარმტაცი პეიზაჟების ფონზე იგრძნობა ხოლმე. ფოტოების შინაარსიდან გამომდინარე, გადაღების პროცესი ერთდროულად ძალიან საინტერესო, დაძაბული და არც ისე იშვიათ შემთხვევაში, ექსტრემალურიც კია:

"თუ გადასაღები სივრცე სახლშია, ყველაფერი ძალიან მარტივადაა და არაფერი მიშლის ხელს, მაგრამ გარეთ ყოფნის დროს ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე რთულია, ვიდრე ბევრს შეიძლება წარმოედგინოს. ღია სივრცეში გადაღებისას, მიუხედავად იმისა, რომ დასახლებულ პუნქტებს მაქსიმალურად ვშორდებით, ჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ურცხვად მზერას, გამოლაპარაკებას ან ჩარევას ცდილობენ. ბევრჯერ მომიწია მათი მოგერიება, ხშირად ამის გამო ადგილის შეცვლაც მომიხდა, რაც ძალიან დიდ დროს მაკარგვინებს, რა თქმა უნდა. ასეთ დროს კიდევ უფრო მადლობელი ვარ მათი, ვინც გადაღების დროს ჩემთან ერთადაა და ასეთ სირთულეებსაც არ უშინდება".

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ფოტო:

Sofi Mdivnishvili

ის თავისი შემოქმედების გასაზიარებლად ძირითადად სოციალურ ქსელებს იყენებს, თუმცა მიუხედავად მრავალი ადამიანის დადებითი შეფასებებისა, დაბრკოლებებს იქაც აწყდება: ფეისბუქსა თუ ინსტაგრამზე არაერთი შემთხვევა ჰქონია, როცა მას ფოტო წაუშალეს ან ანგარიში გაუუქმეს — მსგავსი პლატფორმების მესვეურები დღემდე სდევნიან ქალის კერტებს, როცა იგივე შეზღუდვა კაცის მკერდს არ ეხება. ამიტომ ფოტოების მსგავს ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებისას სხეულის გარკვეული ნაწილების დაბლარვა აუცილებელია. ალბათ, აღნიშვნაც არაა საჭირო, რომ ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, მისი მოდელების უმეტესობაც სახეს არ აჩენს.

როგორც სოფი მდივნიშვილი ამბობს, მას სურს, რომ კიდევ ბევრი რამ მოსინჯოს, თავის ფოტოგრაფიას განსხვავებული დეტალები შემატოს და ერთგულ გულშემატკივრებს მუდმივად სიახლეები შესთავაზოს. ამავდროულად მისი უახლოესი და ყველაზე მთავარი მიზანია, რომ გამოფენა ფიზიკურ სივრცეში მოაწყოს.

თუ გინდათ, რომ მის შემოქმედებას უკეთ გაეცნოთ და არც სამომავლო სიახლეები გამოგეპაროთ, თვალი მიადევნეთ ინსტაგრამზე.