საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან. აქამდე ეს ზღვარი 40 000 ლარი იყო.

ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. როგორც "ოცნების" ხელისუფლებაში აცხადებენ, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან ოჯახები, რომელთა შემოსავალი 40 000 ლარამდეა. არსებული წესით, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობდა, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის — 0.08%-დან 1%-მდე. საკანონმდებლო ცვლილებით კი 40 000-ლარიანი ზღვარი სრულად უქმდება და ძალაში მხოლოდ 100 000-ლარიანი ზღვარი რჩება.