2020 წლის ნოემბერში Apple-მა ახალი პროცესორი M1 დააანონსა. წლის ბოლოს კი ამ პროცესორზე მომუშავე სამი მოწყობილობა — MacBook Air, 13 ინჩიანი MacBook Pro და Mac Mini გვანახა. ეს ყველაფერი ინტელისთვის თავისტკივილის მიზეზი გახდა.

Apple-ის სამივე ახალმა მოწყობილობამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. სინთეტიკურ ტესტებში (ბენჩმარკებში) მათ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, ელემენტის მოხმარებითაც ნამდვილად განსაცვიფრებელი შედეგები ჰქონდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეფლი არ შეცდა და ყველაფერი სწორად გათვალა.

Intel-ს თავისი საუკეთესო წლები ნამდვილად არ უდგას. ამერიკულ კომპანიას კონკურენტები თვალსა და ხელს შუა წამოეწივნენ. AMD თავისი Zen 2 გენერაციის პროცესორებით ინტელს საკმაოდ დიდ კონკურენციას აქამდეც უწევდა, თუმცა Zen 3-ის წარდგენის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასზე ერთი თავით მაღლაც კი დადგა.

თუმცა Intel განვითარებას განაგრძობს და ეფლის M1-ის კონკურენტად დაანონსებული, მე-11 გენერაციის "Tiger Lake" პროცესორები უკვე ჩვენ წინაშეა. კალიფორნიული კომპანია გვთავაზობს სინთეტიკური ტესტების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ახალი გენერაციის პროცესორები, როგორც წარმადობით, ასევე ელემენტის მოხმარებითაც ჯობია ეფლის საამაყო M1 პროცესორს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ მწარმოებლის მიერ გაზიარებული ტესტები, ხშირ შემთხვევაში, რეალობას აცდენილია და უფრო მარკეტინგული სვლაა ხოლმე, ვიდრე რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ესა თუ ის პროდუქტი თავის კონკურენტს ჯობია.

ინტელის შედეგები

პირველი ფოტოდან ვიგებთ, რომ intel-მა, რიგ შემთხვევებში, თავი აარიდა ტიპური ბენჩმარკების გამოყენებას. Microsoft Office 365-ის ტესტები თავიანთი შიდა რეგლამენტის მიხედვითაა ჩატარებული. ინტელის მტკიცებით — i7-1185G7, 16 გეგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად, ქრომსა და საოფისე დავალებებში 30%-ით უფრო ჩქარია, ვიდრე ეფლის M1. თუმცა ისეთ ტესტებში, რომლებიც ინტელის მიერ არაა წარმოებული, M1 მაინც ინარჩუნებს თავის პოზიციებს და ხან უკეთესიც კია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტესტები ინტელმა i7-1185G7 პროცესორზე ჩაატარა, ამ უკანასკნელით კი დღეს მხოლო ერთი ლეპტოპია გამოშვებული — MSI Prestige 14 Evo

ინტელი ასევე ამტკიცებს, რომ Topaz Labs-ის Ai ხელსაწყოებში, Adobe Premiere-ში, Photoshop-სა და Lightroom-ში 1185G7 ექვსჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Apple-ის M1.

თუმცა, კომპანია აქაც თავის შიდა რეგლამენტით ხელმძღვანელობს, რეალურ შედეგებს კი მაშინ უნდა ველოდოთ, როცა უშუალოდ ამ პროცესორით აღჭურვილი პროდუქტის დატესტვას მომხმარებლები დაიწყებენ.

რაც შეეხება თამაშებს — ინტელი ცოტათი უცნაურად იქცევა. ტესტებში მოყვანილია ისეთი თამაშებიც კი, რომლებიც MacBook-ზე უბრალოდ არ ირთვება, რადგან მისი მხარდაჭერა საერთოდ არ აქვს (FPS-ის გრაფიკებში მათ ინტელმა 0 ჩაუწერა).

ამით კომპანიას, ალბათ, იმის ხაზგასმა სურდა, რომ თუ თქვენ AAA თამაშების თამაშიც გსურთ, მაშინ აუცილებლად ვინდოუსიანი ლეპტოპი უნდა აირჩიოთ, თუმცა გაუგებარია რამდენი ადამიანი ითამაშებს ინტეგრირებული Iris X ვიდეობარათით ისეთი დონის თამაშებს, როგორიც Microsoft Flight Simulator 2020, Halo: The Master Chief Collection, Crysis Remastered ან Red Dead Redemption ორია.

Intel Evo — ახალი სტანდარტი ლეპტოპებისათვის

ინტელმა Evo გასული წლის სექტემბერში წარგვიდგინა. ესაა ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც მწარმოებლების მიერ შემუშავებული ლეპტოპები უნდა აკმაყოფილებდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ინტელისაგან Evo-ს პლატფორმაში ჩართვის უფლებას.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ლეპტოპი, რომელსაც Evo-ს პლატფორმაზე მოხვედრა სურს:

  • 9 ან მეტი საათი უნდა ძლებდეს ერთი დატენვით ყოველდღიური დავალებების შესრულებისას 1080p ეკრანზე, 8 საათი QHD, ხოლო 7 საათი 4K UHD ეკრანზე;
  • სისტემას ძილის რეჟიმიდან გამოსვლა 1 წამზე ნაკლებ დროში უნდა შეეძლოს;
  • მუდმივი, მომენტალური რეაგირების უნარი ელემენტზე მუშაობისას;
  • სწრაფი დატენვა — 30 წუთში 4 საათის სამყოფი ელემენტის დამუხტვა 1080p სისტემაზე.

ინტელის მტკიცებით, MacBook Pro-მ 25 ტესტიდან 8 ჩააგდო, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა "ვიდეო კონფერენციის დაწყება Zoom-ში". ეს, ერთი შეხედვით, სასაცილოდ ჟღერს. დღეს არცერთ თანამედროვე პროცესორს არ უჭირს ასეთი დავალებებისათვის თავის გართმევა და მით უმეტეს MacBook Pro-ს M1-ს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წარმადობის ტესტებისათვის ინტელმა 8გბ ოპერატიულის მქონე MacBook Pro გამოიყენა ნაცვლად 16-იანისა.

ელემენტის ტესტირებისას ინტელმა, ნაცვლად i7-1185G7-ისა, i7-1165G7 პროცესორი აირჩია, რომელიც Acer Swift 5-შია მოთავსებული და MacBook Air-ს შეადარა. ნეტფლიქსის მოხმარებისას Air-მა 6 წუთით უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე მისმა ინტელიანმა მოწინააღმდეგემ.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ელემენტის ტესტირებისთვის ინტელმა MacBook Pro არ გამოიყენა, სხვა მომხმარებლების ტესტებიდან კი ჩანს, რომ ამ შემთხვევაში Acer Swift 5 უფრო მეტად დაიჩაგრებოდა.

ფორმ-ფაქტორი

დებატები იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა MacBook-ს სენსორული ეკრანი, ეფლის მომხმარებლებს შორის ხშირად წამოჭრილა და, რატომღაც, ყველა თანხმდება, რომ არ უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია და აიპადის ექსკლუზივად უნდა დარჩეს.

ინტელი კი ასე საერთოდაც არ ფიქრობს და თვლის, რომ ორი-ერთში ლეპტოპები საკმაოდ მოსახერხებელი და წინგადადგმული ნაბიჯია.

ინტელმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ M1 პროცესორზე მომუშავე MacBook-ებს არ შეუძლიათ ერთზე მეტ ეკრანთან მუშაობა, ანუ თუ ორი გარე მონიტორის შეერთება მოგინდათ, ამას ვერ იზამთ.

თავსებადობა

Apple-ის M1 პროცესორიან MacBook-ებზე რომ ყველა პროგრამა ჩვეულებრივად არ იხსნება, ყველამ ვიცით. ამის გამოსასწორებლად კომპანია Rosetta 2-ს იყენებს, რომელიც x86 პროგრამებისთვის ერთგვარი ემულატორის როლს ასრულებს, თუმცა ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ M1-იან მაკბუქებზე თუნდაც თამაშები გავხსნათ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ M1-ს Boot Camp-ის მხარდაჭერაც არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდოუსისა და MacOS-ის ერთდროული თანაარსებობა ამ პროცესორების შემთხვევაში შეუძლებელია.

ინტელი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ M1 მაკბუქებზე ბევრი აქსესუარი არ მუშაობს. თქვენ ვერ გამოიყენებთ გარე ვიდეო ბარათებს, ვერ დააყენებთ საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას რიგი ყურსასმენებისათვის, ასევე ვერ გამოიყენებთ იქსბოქსის კონტროლერს. ეს სია კიდევ გრძელდება, თუმცა Apple გვპირდება, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამოსწორდება და ასეცაა, M1 პროცესორებზე მომუშავე მაკბუქები ახალი ხილია და მომდევნო თაობისგან სულ სხვა შედეგებს უნდა ველოდოთ, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი MacBook-ები, რომლებიც M1-ით არიან აღჭურვილები, "სატესტო" ვერსიებია და გრძელვადიან დახვეწას საჭიროებენ.

დასკვნა

ნათელია, რომ Intel წინ მიიწევს და განვითარებას განაგრძობს, თუმცა რეალობას რომ არ ავცდეთ, მათ მიერ მოწოდებულ ტესტებს კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მწარმოებლის ტესტები, ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებულია და რეალურ შედეგებს სცდება. ელემენტის ტესტებში მოცემული შედეგები საკმაოდ ბუნდოვანია. რატომ გადაწყვიტა ეფლმა პროცესორების ჩანაცვლება, ან რატომ არ გამოიყენა MacBook Pro, გაუგებარია.

მეორე მხრივ, სამუშაო Apple-საც საკმაოდ ბევრი აქვს, რადგან M1 სრულყოფილი ნამდვილად არ არის და თვალს ვერ დავხუჭავთ მის მინუსებზე. გარე ვიდეო ბარათების გამოუყენებლობა, ერთზე მეტ მონიტორთან დაკავშირების არარსებობა, მნიშვნელოვან პროგრამებთან არათავსებადობა და კიდევ სხვა პრობლემები ჩამონათვალის ის მცირე ნაწილია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით და თუკი MacBook-ის შეძენას გადავწყვეტთ, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.