ამ ბიოდეგრადირებადი ეკრანის ტარება პირდაპირ კანზე შეიძლება
ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება სულ უფრო იზრდება, ისევე, როგორც ამ პროდუქტების დაძველებისა და ნაგავში აღმოჩენის მაჩვენებელი. ერთი მხრივ, საჭიროა ნარჩენების მოცულობის შემცირება, მეორე მხრივ კი ის, რომ მივაღწიოთ საწარმოო რესურსების დაზოგვას თუ არა, მის ოპტიმალურ გამოყენებას მაინც. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა ეკომეგობრული წარმოების დანერგვა.
მსგავს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრის შემდეგ, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) მეცნიერებმა შეიმუშავეს ეკრანის კონცეფცია, რომლის ბიოდეგრადირებადობა შემოწმებული და დადასტურებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. კვლევის შედეგები კი Journal of Materials Chemistry-ში გამოქვეყნდა.
"ჩვენ პირველებმა წარმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია მდგრადი ეკრანების წარმოება, რომელიც მეტწილად, დაფუძნებულია ბუნებრივ მასალებზე და იქმნება ინდუსტრიულად რელევანტური წარმოების მეთოდების დახმარებით. გამოყენების შემდეგ, ეს ეკრანები არ იქცევა ელექტრონულ ნარჩენად და მათი კომპოსტირება შესაძლებელია. გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების კომბინაცია ხელს შეუწყობს ელექტრონული ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას ან თავიდან აცილებას", — ამბობს მანუელ პიეტჩი, ნაშრომის პირველი ავტორი და KIT-ის სინათლის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (LTI) მკვლევარი, რომელიც ასევე ჰაიდელბერგის ინოვაციების ლაბორატორიაში მუშაობს.
ენერგოეფექტურობა და მარტივი კომპონენტებისგან შემდგარი არქიტექტურა
ბიოდეგრადირებადი ეკრანის ფუნქციონირება ეფუძნება ე.წ. ელექტროქრომულ ეფექტს. ვოლტაჟის გამოყენებისას ხდება სინათლის შეწოვის შეცვლა და მასალა იცვლის ფერს. მსგავს ელექტროქრომულ ეკრანებს ახასიათებს დაბალი ენერგიის მოხმარება და მარტივი კომპონენტების არქიტექტურა, ამ ეტაპზე, კომერციულად ხელმისაწვდომ ეკრანებთან შედარებით (მაგალითად, LED, LCD, E-paper). კიდევ ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ მათი წარმოება შესაძლებელია ჭავლური ბეჭდვის გზით, რაც იაფი და მასალის კუთხით, ეფექტიანი გზაა. ამ ეკრანში გამოყენებული მასალები, ძირითადად, ბუნებრივი წარმოშობისაა და ბიოთავსებადია. მასალაში ერთგვარი ჟელატინის გამოყენება კი მას წებოვანსა და მოქნილს ხდის. ამ თვისების გათვალისწინებით, ამ ეკრანის ტარება პირდაპირ კანზე შეიძლება.
პრაქტიკული გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკასა თუ საკვების შეფუთვაში
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეკრანები განკუთვნილია სხვადასხვა სექტორის მოკლევადიანი პროგრამებისთვის. მაგალითად, სამედიცინო დიაგნოსტიკისთვის, სადაც ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მსგავსი მოწყობილობების გამოყენების შემდეგ კი აუცილებელია სენსორები და მათ მიერ მოპოვებული მაჩვენებლები გაიწმინდოს, ან სულაც, განადგურდეს. (ძალიან მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ასეთი შეიძლება იყოს ორსულობის ტესტი, რომელიც ჩვენთვის პირველადი პასუხის საჩვენებლად სპეციალურ ეკრანს იყენებს, რომელიც მოგვიანებით, ელექტრონულ ნაგავს შეემატება). სამედიცინო დიაგნოსტიკაში ამ ახლებური ეკრანის გამოყენება კი ხელს შეუშლის ელექტრონული ნაგვის დაგროვებას (რადგან ის ბიოდეგრადირებადია). მეორე მხრივ, მსგავსი ეკრანები შეიძლება გამოიყენონ საკვების შეფუთვებში, ხარისხის მონიტორინგის კუთხით.
"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის ჭავლური ბეჭდვის მეთოდით დამზადებული ბიოდეგრადირებადი ეკრანის პირველი დემონსტრირება. ეს კი გზას ხსნის მდგრადი ინოვაციებისთვის როგორც სხვა ელექტრონული კომპონენტებისთვის, ასევე, ეკომეგობრული ელექტრონიკის წარმოების კუთხით", — ამბობს ჯერარდო ჰერნანდეს-სოსა, LTI-ის ნაბეჭდი ელექტრონიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ჰაიდელბერგის ინოვაციების ლაბორატორიაში.
კომენტარები