კვანტური მექანიკის გამოყენებით, ჭეშმარიტად შემთხვევითი ციფრები შექმნეს
თანამედროვე სამყაროში ციფრული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჰაკერული თავდასხმები მაინც ხშირია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, საერთაშორისო მკვლევრების ჯგუფმა გამოიყენა კვანტური მექანიკის არაპროგნოზირებადი ხასიათი, რათა შეექმნათ მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი შემთხვევითი რიცხვების გამომუშავება. მეცნიერების ნაშრომი ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა, სადაც კვლევა დეტალურად არის აღწერილი.
შემთხვევითი რიცხვის გენერატორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის კრიპტოგრაფიის საფუძველს. კომპიუტერული მეცნიერები, მრავალი წლის განმავლობაში, ეძებდნენ გზას, რითაც ჭეშმარიტად შემთხვევითი რიცხვების გამომუშავებას შეძლებდნენ.
შემთხვევითი რიცხვების გენერატორები, რომელებიც საოჯახო და ბიზნეს კომპიუტერებში გვხვდება, რეალურად შორს არის ნამდვილ შემთხვევითობიდან.
შეტყობინებები, რომლებიც შემთხვევითი ციფრებით არ არის დაშიფრული, საკმარისი კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრით შეიძლება დაიჰაკოს. სწორედ ამიტომ შემთხვევითი ციფრების მისაღებად, მკვლევრებმა კვანტურ სამყაროს მიმართეს.
ჩვენ გარშემო არსებული მაკრო სამყაროსგან განსხვავებით, კვანტური სამყარო, ნამდვილად შემთხვევითობებით გამოირჩევა — ამის ერთ-ერთი მაგალითია, ფოტონის ქცევის არაპროგნოზირებადი ხასიათი. სწორედ ამ თვისების გამოყენებით, მკვლევრებმა შემთხვევითი რიცხვების გენერატორის შექმნის გზა გამონახეს.
გუნდის მიერ აწყობილი მოწყობილობა შეიცავს ლაზერს, რომელიც სინათლის სხივს სპეციალურ სხივის გამყოფ წერტილებისკენ მიმართავს. გამყოფში გაგზავნილი ფოტონები, ორი დამოუკიდებელი დეტექტორით გაზომეს. კვანტური განუზღვრელობის ხარჯზე, ფოტონებს დეტექტორებზე არეკვლის და გადასვლის თანაბარი შანსი ჰქონდათ. შესაბამისად, მსგავს ალბათობაზე ასახული შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამიტომ ამ სისტემაზე დაფუძნებით გენერირებული ციფრები ნამდვილად შემთხვევითია.
საბოლოოდ მეცნიერებმა მიიღეს მოწყობილობა, რომელსაც შემთხვევითი რიცხვების გენერირება წამში 8.05 გიგაბაიტის სიჩქარით შეუძლია.
ამან შეიძლება ჩვენი ციფრული უსაფრთხოება საერთოდ ახალ საფეხურზე აიყვანოს.
კომენტარები