რატომ შეიძლება ადამიანებს "მკვდრების ხმები" ესმოდეთ — კვლევა
მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ის თვისებები, რის გამოც ადამიანებს შეიძლება "მკვდრების ხმები" ესმოდეთ.
ახალი კვლევის თანახმად, სპირიტუალისტები წარმოსახვისკენ და ცნობისმოყვარეობისკენ არიან მიდრეკილნი. ამასთან, ხშირად, ბავშვობიდანვე უჩვეულო “ხმები” ესმით.
მეცნიერების თქმით, ეს კვლევა ჰალუცინაციების გამომწვევ მიზეზებსა თუ სპირიტუალისტების მახასიათებლებში უკეთ გვარკვევს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მსგავს ჰალუცინაციებს, ხშირად, თან ახლავს შიზოფრენიის განვითარება. კვლევის მიზანი სწორედ ამ ორს შორის გამყოფი ხაზის აღმოჩენაა. მკვლევრებს აინტერესებთ თუ რატომ შეიძლება იგივე ნიშნები ერთს სპირიტუალისტურ გამოცდილებებს აძლევდეს, მეორეს კი, იგივე აწუხებდეს და ფსიქიკურ აშლილობად იყოს დიაგნოსტირებული.
"სპირიტუალისტები მიდრეკილები არიან "ხმების" სხვებისთვის გაზიარებისკენ. ეს პატარა ასაკში ეწყებათ და ხშირად, ამის კონტროლსაც ახერხებენ. გაგება იმის, თუ როგორ ხდება ეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით ჩვენ შეიძლება ისეთ ადამიანებს დავეხმაროთ, ვინც ხმებს ვერ აკონტროლებენ და ამით იტანჯებიან", — განმარტავს დიდი ბრიტანეთის ნორთუმბრიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, პიტერ მოსელეი.
პიტერ მოსელეიმ და მისმა კოლეგამ, ფსიქოლოგმა ადამ პაუელმა გამოკითხეს 65 მედიუმი. მედიუმები გაერთიანებული სამეფოს სპირიტუალისტების ეროვნული კავშირიდან იყვნენ. ამასთან, მათ 143 ისეთი ადამიანიც გამოიკვლიეს, რომლებსაც "ესმით ხმები", მაგრამ ამას სპირიტუალიზმთან ვერ აკავშირებენ.
სპირიტუალისტების 44,6 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმები ყოველდღე ესმის, ხოლო 79 პროცენტმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სულებთან საუბარი, მისი ცხოვრების ნაწილია. ამასთან, 31.7 პროცენტმა განმარტა, რომ ზოგჯერ ხმები "გარეგანიც" არის.
გამოკითხულთა მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, სპირიტუალისტებმა აღნიშნეს, რომ ნაკლებად აინტერესებდათ, რას ფიქრობდნენ მათზე სხვები. ეს კი შეიძლება მსგავსი ჰალუცინაციების მქონე ადამიანების განსხვავებული აღქმებისა და მიდგომების ახსნაში დაგვეხმაროს.
კვლევამ აჩვენა, რომ სპირიტუალისტებს პირველი "სმენითი გამოცდილება" ახალგაზრდობაში ჰქონდათ, საშუალოდ 21 წლის ასაკში და ამას მარტივად ეგუებოდნენ.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სპირიტუალისტები ჰალუცინაციებისკენ პატარა ასაკიდან არიან მიდრეკილნი. შესაბამისად, მათ ადრეულ ასაკში უჩნდებათ შეკითხვები და ისინი აქამდე კითხვებზე პასუხების ძებნით მიდიან.
კვლევის მეორე ჯგუფში იგივე ფენომენი ასევე პარანორმალურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არა სპირიტუალიზმთან.
მკვლევრების თქმით, "მკვდრების ხმების" გამოცდილება არ არის დაკავშირებული პარანორმალური მოვლენების რწმენასთან. ამის ნაცვლად, სპირიტუალიზმი დაკავშირებულია ინდივიდებთან და მათ პერსონალურ გამოცდილებებთან.
"ჩვენი დასკვნა "სწავლისა და რწმენის" ფაქტორზე გავიდა. კვლევაში მონაწილე სპირიტუალისტებისთვის პარანორმალური მოვლენები დაკავშირებულია, როგორც ბავშვობის ცნობისმოყვარეობასთან, ისე მედიუმობის სამუშაო პრაქტიკასთან. შესაბამისად, ყველა ეს გამოცდილება შეიძლება გამოწვეული იყოს ადრეული მიდრეკილებებისგან, ვიდრე უბრალოდ პარანორმალური მოვლენების დაჯერებისგან", — თქვა პოუელმა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მომავალში ამ თემატიკაზე ჩატარებულმა კვლევებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მრავალფეროვანი კულტურული კონტექსტი, რათა უკეთ იქნას გაგებული რწმენისა და მოჩვენების ფენომენი.
ერთი რამ ფაქტია, პარანორმალურის რწმენა "მკვდრებთან სასაუბროდ" საკმარისი არ ყოფილა. სპირიტუალიზმამდე ბავშვობაში მოსმენილმა "ხმებმა", ანუ ჰალუცინაციებმა და შესაბამისად, მათი ახსნის სურვილმა შეიძლება მიგვიყვანოს. ამიტომ, სპირიტუალიზმი სწორედ ამ ჰალუცინაციებთან გამკლავების საშუალება შეიძლება იყოს.
კომენტარები