იდენტურ ტყუპებს შორის გენეტიკური განსხვავებები, ხშირად, ჯერ კიდევ ემბრიონალური განვითარების დროს წარმოიქმნება. იდენტური ან უფრო ზუსტად, მონოზიგოტური ტყუპები, ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იზრდებიან, რომელიც ორად გაიყო.

იდენტურ ტყუპებზე ჩატარებული კვლევები, ხშირად, ადამიანებზე მოქმედი გარემო და გენეტიკური ფაქტორების განსხვავებისთვის გამოიყენება. მაგალითად, თუ ორი სხვადასხვა გარემოში მცხოვრები იდენტური ტყუპიდან ერთ-ერთს აუტიზმური სპექტრის აშლილობის დაიგნოზი დაუსვეს, ხშირად ასკვნიან, რომ აუტიზმი "გარემო ფაქტორებით" არის განპირობებული.

თუმცა, ახალი კვლევის თანაავტორი, კარი სტეფანსონი ამბობს, რომ მსგავსი დასკვნის გაკეთება "ძალიან საშიშია". Nature Genetics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იდენტურ ტყუპებში მნიშვნელოვანი გენეტიკური განსხვავებები არსებობს.

სტეფანსონმა და მისმა გუნდმა 387 წყვილი იდენტური ტყუპის, მათი მშობლების, მეუღლეებისა და ბავშვების გენომის სეკვენირება გააკეთეს, შემდეგ კი ზემოხსენებულ ინდივიდებში მუტაციებს აკვირდებოდნენ. გაირკვა, რომ იდენტური ტყუპები, ჯერ კიდევ ემბრიონალურ სტადიაზე საშუალოდ 5,2 ადრეული განვითარების მუტაციით განსხვავდებიან.

გენომში მცირე სხვაობაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად აისახოს ინდივიდის განვითარებასა და ქცევაზე. სტეფანსონი ამბობს, რომ ის ცდილობს სიტყვა "იდენტური ტყუპი" არ იხმაროს, რადგან ტერმინი არაზუსტია. ამიტომ მეცნიერები უფრო ხშირად ტერმინ "მონოზიგოტურ ტყუპს" ხმარობენ.