ასტრონომები შეთანხმდნენ, რომ სამყარო თითქმის 14 მილიარდი წლისაა
კოსმოსში რაც უფრო შორს ვიხედებით, მით უფრო შორეულ წარსულს ვხედავთ. სწორედ ასეთ შორეულ სინათლეზე დაკვირვებით გამოაქვთ მეცნიერებს სამყაროს ასაკთან დაკავშირებული დასკვნები. ამ პრინციპის გამოყენებით, ასტრონომებმა სამყაროს უძველეს სინათლეს "გადახედეს". მათი დაკვირვებები და კოსმოსური გეომეტრია მიანიშნებს, რომ სამყარო, დაახლოებით, 13,77 მილიარდი წლისაა.
ამასთან დაკავშირებით, კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ორი ნაშრომი, რომელმაც ასტროფიზიკის საზოგადოებაში მიმდინარე დებატებს ახალი ელფერი შესძინა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Cosmology and Astroparticle Physics.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი შეფასება, ეროვნული სამეცნიერო ფონდის Atacama Cosmology Telescope (ACT)-ში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, ემთხვევა სამყაროს წარმოშობის სტანდარტული მოდელის შეფასებას. ეს მონაცემები ევროპის კოსმოსური სააგენტოს Planck თანამგზავრის კვლევის შედეგებთანაც თანხვედრაშია. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ასაკთან დაკავშირებით, რამდენიმე კვლევა ერთ შედეგამდე მივიდა.
2019 წელს, გალაქტიკების მოძრაობის გაზომვით, მკვლევრებმა გამოიანგარიშეს, რომ სამყარო ასობით მილიონი წლით ახალგაზრდაა, ვიდრე ამას Planck-ის თანამგზავრზე მომუშავე გუნდი ამბობდა.
ეს შეუსაბამობა მიანიშნებდა, რომ შესაძლოა სამყაროს ასაკის განსასაზღვრად ახალი მოდელი იყო საჭირო.
"ახლა ჩვენ მივიღეთ პასუხი, სადაც Planck და ACT თანხმდებიან", — თქვა სიმონე აიოლამ, ფლეტირონის ინსტიტუტის კომპიუტერული ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარმა და ნაშრომის თანაავტორმა.
ეს თანხმობა მიგვანიშნებს, რომ კვლევები ზუსტია და როგორც ჩანს, ჩვენი სამყარო მართლაც თითქმის 14 მილიარდი წლისაა.
კომენტარები