ახალი წელი მაგიური დროა. მართალია, წლების მატებასთან ერთად შორეულ ლაპლანდიაში მცხოვრები სანტა კლაუსის უფრო და უფრო ნაკლებად გვჯერა, მაგრამ უფრო გვჯერა ადამიანების.

ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა ხშირად მათ სხვები უკეთ ხედავენ, ვიდრე ჩვენ თვითონ.

ჩვენ ვთხოვეთ ადამიანებს, მოეყოლათ ამბები, როცა ოჯახის წევრმა, საყვარელმა ადამიანმა თუ სრულიად უცხომ დაარწმუნათ, რომ ბევრი რამის ძალა შესწევთ.

ამ სტატიაში გამორჩეულ ისტორიებს მოგიყვებით იმ ადამიანებზე, რომელთაც სხვების დახმარებით საკუთარ თავში "სუპერძალები" აღმოაჩინეს ან ირწმუნეს, რომ თავიანთი შესაძლებლობები უსასრულოა.

ციტატების ავტორების სახელები კონფიდენციალურობის მიზნით შეცვლილია. ჩვენი რეკომენდაციაა, სტატია Eric Carmen — All By Myself-ის ფონზე წაიკითხოთ.

controls_toggle
00:00

00:00
player_volume


სულ რამდენიმე ნორმალური მასწავლებელი მყავდა სკოლაში და ყველა მათგანი მახსოვს. ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ პირებს შორის შეჯიბრებს მართავდა ხოლმე და ბავშვებს როლებს გვათამაშებდა. მე არ შემეძლო საჯაროდ ლაპარაკი და სულ თავს ვიკავებდი, "მასოვკაში" ვრჩებოდი და რამდენჯერმე რომ ვიაურე გაკვეთილზე, მერე შესვენებაზე მითხრა, ეჭვი მაქვს, რომ ძალიან კარგად გამოგივაო. წარმოიდგინე, რომ არავინ გიყურებსო.

მერე მართლა ვცადე და მართალია, ახლაც სულ გული მისკდება ნებისმიერ სიტყვით გამოსვლაზე, მაგრამ ვიცი, რომ გულაჩქარებულსაც შემიძლია ლაპარაკი.

რაღაცნაირად სულ ჩამრჩა. რომ ხვდები, რომ სწავლების მიღმა კიდევ რაღაცას ხედავს შენში და უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ გიტარებს გაკვეთილს.
მადლობა მაია მას!

ნინი, 27 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


ეს იყო მეგობარი, რომელთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ ადამიანი, მათ შორის მეც, რაიმე კონკრეტული მიმართულებების მქონე არსება არ არის და ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყოველ დღესა და წამს, თავიდან წყვეტს და განსაზღვრავს, როგორი იყოს, საით წარმართოს საკუთარი პიროვნება.

მარიამი, 26 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


ძალიან ლამაზი და ჭკვიანი იყო, მიკვირდა კიდეც რატომ იყო ჩემთან..
მას კი პირიქით, ჩემი დაბალი თვითშეფასება უკვირდა და მახსოვს, ხშირად ამბობდა, რომ ჩემთან გატარებული დრო ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. ამას გულწრფელად ამბობდა და ძალიან მიხაროდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს განსხვავებულად ვხედავდით, მაინც ბევრი რამ მოგვწონდა ერთმანეთში.
მასთან ყოფნისას ვისწავლე, რომ შარვალი, პერანგი და ფეხსაცმელი, გარდა სტილისა, ფერებითაც უნდა მოუხდეს ერთმანეთს.
ერთხელ გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი, ჰოდა, ლამაზი სანიშნე მაჩუქა წიგნისთვის, რომელსაც დააწერა - "ნუ ზარმაცობ!", მეც აღარ მიზარმაცია..
დამამახსოვრდა სიტყვები — "თავი მაღლა ასწიე და გაიღიმე", რომელსაც დღემდე ზედმიწევნით ვასრულებ.

გიორგი, 24 წლის.

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდა


დედაჩემი 17 წლის იყო მე რომ გამაჩინა და თავად დიპლომი კი არა, სკოლაც არ დაუმთავრებია, მაგრამ ესმოდა განათლების მნიშვნელობა და გადაწყვიტა, რომ ჩემთვისაც დაენახებინა ეს.

სამი წლის ვიყავი, წერა-კითხვა რომ მასწავლა. ძილის წინ საწოლზე ჩამომიჯდებოდა ხოლმე და მიკითხავდა ლექსებს, ხანდახან პოემებსაც ზეპირადაც მასწავლიდა, რაც ერთი შეხედვით უაზრობაა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, სწორედ მაშინ შემიყვარდა ლიტერატურა.

მე რომ პატარაობიდანვე თავი წიგნებში მქონდა ჩარგული, ვცდილობდი მეტი და მეტი მესწავლა და კრიტიკული აზროვნებაც განვივითარე, სწორედ დედაჩემის დამსახურება მგონია. და მერე თავადაც ვიპოვე გზა, რომელსაც ზუსტად ლიტერატურასთან მივყავარ ისევ.

აღარაფერს ვიტყვი იმ მორალურ პრინციპებზე და ღირებულებებზე, რაც ასევე მისი წყალობით გამაჩნია და ამით სულაც ვამაყობ. მოკლედ, დედაჩემი რომ არა, ახლა სულ სხვა პიროვნება ვიქნებოდი, შეიძლება რაღაც გზა მეპოვა ცხოვრებაში, მაგრამ არამგონია ისე მყვარებოდა და ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, როგორიც ახლაა.

ნიკა, 23 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


ძალიან, ძალიან დიდი ხანი მჯეროდა, რომ წინ ვერ მივდიოდი, არაფერი გამომდიოდა. პრინციპში, აღარც ვცდილობდი რამე ახლის კეთებას ან თუ ერთ-ორ ნაბიჯს გადავდგამდი, ყველაფერს ვაფლავებდი. ასე ვტრიალებდი წრეში, სადაც არც საკუთარი საქმე მომწონდა, არც გარემო, არც ჩემივე თავი.

ერთადერთი, რა გრძნობაც შემრჩენოდა იყო ის, რომ გულის სიღრმეში ჩემი უკეთესი ვერსია მახსოვდა. ჩემი ძველი ვერსია კი უფრო მებრძოლი, უფრო ყოჩაღი ადამიანი იყო, რომლისთვისაც დაბრკოლება ან მიუღწეველი მიზანი არ არსებობდა.

მოკლედ ზუსტად მაშინ, როცა ფსკერის ყველაზე დაბალ წერტილში ვიყავი, სრულიად უცხო ადამიანმა მკითხა, რა იყო საქმე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი. აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა. ამან ძალიან გამაბრაზა საკუთარ თავზე და ძებნა დავიწყე — საკუთარი თავის ძებნა...

ჰოდა, როგორღაც ნელნელა წამოვდექი, შევიცვალე სამსახური, ცხოვრების სტილი. შეიძლება სუპერ-ძლიერი პიროვნება ვერ გავხდი, მაგრამ ის მაინც ვირწმუნე, რომ არ არსებობს რაიმე, რაც არ გამომივა, თუ სულ ცოტა ძალისხმევას დავახმარ.

ზოგჯერ მავიწყდება ეს ამბავი, ეს შეკითხვა და ისიც, რომ მართლა ბევრი რამის ძალა მაქვს, მაგრამ მერე ვცდილობ, გავიხსენო, რამდენჯერ დამირწმუნებია საკუთარი თავი პირად "სუპერგმირობაში" და ყველაფერი ლაგდება.

ელენე, 22 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


12 წლამდე როგორი ვიყავი, გახსენებაც არ მინდა. არ ვიცოდი, რა იყო ქართული კლავიტურა, მქონდა ჰომოფობიური და ქსენოფობიური შეხედულებები. მერე "ვიტამინელები" გავიცანი და რამდენიმე თვეში ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. მათგან ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, ჩემს მომავალზეც დამაფიქრეს. მოგვიანებით "წიგნების თაროს" მონაწილეებთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი უფრო განმტკიცდა. ბევრი რამე გამოვცადე მათთან, ცხოვრებაში ახალ რაღაცებს გავუსინჯე გემო და ძალიან გამზარდეს.

ვასო, 16 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე დაღლილი და იმედგაცრუებული ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგო გამოჩნდა, რომელსაც თურმე წლების განმავლობაში მოვწონდი, სწორედ ისეთი, როგორიც ვარ.

ესაა გოგო, რომელიც "მემუქრება", რომ ძალიან თუ მოვიკლებ, გამასუქებს
და რომელიც თურმე ყოველ ღამე მნატრობს
და უნდა, რომ ძილისწინ ჩამეხუტოს..

მისგან გავიგე პირველად, რომ ასეთ გრძნობებს შეიძლება აღვძრავდე და ვიღაცისთვის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყო.

მისი დახმარებით ავისრულე ოცნება, მოვმხვდარიყავი ინტელექტუალურ თამაშში. არ მჯეროდა, რომ იქ ჩემი ადგილი იყო. მან კი ჩემ ნაცვლად გააგზავნა ანკეტა. საბოლოოდ, კასტინგზე ყველაზე მაღალი შედეგი მივიღე და ახლა იქ ვარ, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა.

ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გგონია, რომ არაფერია შენს ცხოვრებაში კარგად.

დათა, 26 წლის

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან


საქართველოს ბანკმა წინასაახალწლო კამპანიისა და ვიდეორგოლის დახმარებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენში დამალულ შინაგან ძალებს წინ ვერაფერი აღუდგება, "სუპერძალები" ყველა ჩვენგანში იმალება და ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა.