უნიკალური აღმოჩენა — 57 000 წლის მგლის ლეკვი გამყინვარების ხანიდან
მგლის ძუ ლეკვის მუმია, რომელიც 57 000 წლით თარიღდება, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გაყინული იყო და ფაქტობრივად, იდეალურად არის შემონახული. მეცნიერებს უკვე აქვთ ვარაუდები, თუ როგორ მოკვდა მგელი და როგორ აღმოჩნდა ყინულში ასე მარტოდმარტო.
მუმიფიცირებული რუხი მგელი (Canis lapus) 2016 წელს კანადაში, იუკონში, ოქროს მაძიებელმა გაყინული ნიადაგის გათხრისას აღმოაჩინა. ამ აღმოჩენაზე უკვე დღეს ბევრი რამ ვიცით.
"ის მგლის ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია, რომელიც აქამდე გამყინვარების პერიოდიდან უპოვნიათ. გასაოცარია, მაგრამ მას დღემდე შენარჩუნებული აქვს მთელი რბილი ქსოვილები, კანი, ბეწვი, ცხვირიც კი. ეს ნამდვილად უიშვიათესი მოვლენაა", — თქვა ჯული მეჩენმა, ანატომიის ასოცირებულმა პროფესორმა.
მგლის ლეკვს უამრავი ანალიზი ჩაუტარდა. რადიონახშირბადული დათარიღებით, დნმ-ისა და ჟანგბადის იზოტოპთა გამოკვლევით, ლეკვის სიკვდილის დრო დადგინდა.
რენტგენულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ლეკვი, რომელსაც ჟური უწოდეს, 7 კვირის ასაკში დაიღუპა.
ანტიკური წარსული
გარდა იმისა, რომ ჟური გამყინვარების ხანიდან ყველაზე კარგად შემორჩენილი მგელია, მკვლევრებისთვის მისი მუმია სხვა მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიზეზი, აღმოჩენის ლოკაციაა — ჩრდილოეთ ამერიკა.
"ციმბირში მსგავსი ეგზემპლარები შეიძლება ხშირია, მაგრამ მათი აღმოჩენა ბევრად რთულია", — თქვა მეჩენმა.
თუმცა, ეს ნიმუში მკვლევრებს ხელში ადვილად ჩაუვარდათ, რაც საშუალებას აძლევს მათ ჩრდილოეთ ამერიკული მგლების წარმომავლობა კარგად შეისწავლონ.
სწორედ ასეთი შესწავლის მიზნით, მეჩენმა და მისმა კოლეგებმა ჟურის მიტოქონდრიული გენომი აღადგინეს, რომელიც დედის ხაზით გადაიცემა. ამით დადგინა, რომ ჟურის მსგავსება აქვს როგორც უძველეს ალასკასა და იუკონში გავრცელებულ, ამჟამად გადაშენებულ, ბერინგის მგლებთან, ისე რუსულ რუხ მგლებთან. შედეგად გავიგეთ, რომ ჟური იკვეთება ჩრდილოამერიკულ და ევრაზიულ სახეობებთან. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ერთ დროს ალასკასა და რუსეთს ხმელეთი აკავშირებდა.
მეტიც, ასეთი ხელუხლებელი ეგზემპლარი გვაძლევს იმის შესწავლის საშუალებას, თუ როგორ იკვებებოდნენ გამყინვარების ხანის მგლები.
"დავხედე რენტგენს და დავინახე იმ არსების ნაწლავები, რომელიც 57 000 წლის წინ ცოცხალი იყო. ასეთი რაღაც აქამდე არასდროს მენახა", — თქვა მიჩენმა.
მგლის ლეკვის რაციონის აღდგენა, მეცნიერებმა ძვლების ანალიზით შეძლეს. გაირკვა, რომ ჟური, ძირითადად, წყლის ბინადრებით იკვებებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ჩინუკის ორაგული. ნუ დაიბნევით, ასეთი კვება თანამედროვე მგლებსაც ახასიათებთ. თუმცა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გამყინვარების ხანაში მგლები, ძირითადად, მაინც ბიზონებს ჭამდნენ.
მარტოხელა მგელი
მიუხედავად მრავალმხრივი შესწავლისა, მეცნიერებს კვლავ რჩებათ პასუხგაუცემელი შეკითხვები. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხდა ლეკვის მუმიფიცირება და როგორ აღმოჩნდა ის მარტო. არის ვარაუდი, რომ სიკვდილის მიზეზი, მგლის ბუნაგის ჩამონგრევაა.
მეცნიერებს ეს ვერსია იმიტომ მოსწონთ, რომ ის კარგად ხსნის, თუ რატომ არის მგლის ნეშტი ასე კარგად შემონახული. ვარაუდობენ, რომ ასე სხეული წამიერად ჩაიმარხა ცივ და ჰაერგაუმტარ გარემოში.
თუმცა, ეს ვარაუდი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. თუ მგლის ლეკვი მართლაც ასე მოკვდა, ისმის კითხვა — რატომ იყო ის მარტო, სად იყო მისი ოჯახი. რთული წარმოასდგენია, რომ ამ ასაკში ლეკვი მარტო ყოფილიყო.
"შეიძლება ბუნაგის ჩამონგრევის დროს სხვა მგლები გარეთ იყვნენ, ან სულაც, მგელს მხოლოდ ერთი ნაშიერი ჰყავდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალიან იშვიათია, როდესაც მგელი მხოლოდ ერთ ნაშიერს აჩენს. ამიტომ, გადაჭრით რამის თქმა ძალიან რთულია", — ამბობს მეჩენი.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად, ანტიკური ყინული დნება და მსგავსი აღმოჩენები გახშირდება. ეს მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ყინულის ასეთი მასიური დნობა სასიხარულო ნამდვილად არ არის.
კომენტარები